“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობინ ვან პერსიმ “მანჩესტერიდან” წასვლის სურვილი გამოთქვა. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჰოლანდიელი ვარსკვლავის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი გამოიჩენს. ერთ-ერთი მათგანია “ბარსელონა”.
ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ტატა მარტინოს სჯერა, რომ ვან პერსი “ბარსელონას” თავდასხმას კიდევ უფრო გააძლიერებს. პრობლემას სატრანსფერო ფასი ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაჯდება.
რობინ ვან პერსი “მანჩესტერში” 2012 წელს გადავიდა. პირველივე სეზონში, “წითელი ეშმაკების” მაისურით გამართულ 48 შეხვედრაში მან 30 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, ვან პერსის ანგარიშზე 15 თამაშში გატანილი 10 გოლია.