დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, “ბარსელონა” “ვალიადოლიდს” უმასპინძლებს. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც “ვალიადოლიდმა” “კამპ ნოუზე” მოიგო, 1997 წლის 9 ნოემბერს დაფიქსირდა და იმ მატჩის გმირი ეუსებიო საკრისტანი გახდა. “ბარსას” ლეგენდა, რომელიც ამჟამად კატალონიელთა მე-2 გუნდს წვრთნის, იმ დროს, “ვალიადოლიდში” თამაშობდა.
1988-95 წლებში, ეუსებიომ, “ბარსას” მაისურით, ლა ლიგაში, 203 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 1997 წელს, ის “ვალიადოლიდში” გადავიდა და ამ გუნდის მაისურით “კამპ ნოუზე” პირველივე თამაშში გოლი გაიტანა. მიმდინარეობდა მე-10 წუთი, როდესაც მასპინძელთა კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბურთთან ეუსებიო მივიდა და ანგარიში გაიხსნა. 16 წლის შემდეგ, საკრისტანი ამ ეპიზოდს იხსენებს: “მახსოვს, რომ კარგი დარტყმა გამოვიდა. ბურთმა ცოცხალს კედელს გვერდი კარგად აუარა. გატანილი გოლი არ მიზეიმია. “ბარსელონას” გულშემატკივრებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.”
ის თამაში “ვალიადოლიდმა” 2:1 მოიგო. ეს იყო ლუი ვან გაალის პირველი საშინაო მარცხი. მიუხედავად ამ წაგებისა, “ბარსამ”, იმ სეზონში, ჩემპიონობა იზეიმა.
