2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. ტურნირზე მყოფი 16 “ბლაუგრანელიდან” მარცხის გემო ჯერ არცერთს განუცდია – იმ 8 ეროვნულმა ნაკრებმა, რომლებშიც “ბარსელონას” მოთამაშეები ირიცხებიან, 6 ფრე და 2 გამარჯვება დააფიქსირეს.
ორი გამარჯვება
3-ქულიანი სტარტი მხოლოდ ორმა ნაკრებმა აიღო: საფრანგეთმა (კუნდე), რომელმაც სენეგალი 3:1 დაამარცხა და ინგლისმა (რაშფორდი და გორდონი), რომელმაც ხორვატიას 4:2 სძლია.
დანარჩენმა გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს: ესპანეთი 0:0 კაბო-ვერდე; ბრაზილია 1:1 მაროკო; ნიდერლანდები 2:2 იაპონია; ურუგვაი 1:1 საუდის არაბეთი; პორტუგალია 1:1 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეგვიპტე 1:1 ბელგია.
სათამაშო დრო 13 ფეხბურთელს
მუნდიალზე გამოძახებული 16 ფეხბურთელიდან 13-მა უკვე ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: პაუ კუბარსი, პედრი, გავი, ფერან ტორესი (ყველა ესპანეთი), რაფინია (ბრაზილია), ჟიულ კუნდე (საფრანგეთი), ფრენკი დე იონგი (ნიდერლანდები), ენტონი გორდონი (ინგლისი) და ჟოაუ კანსელუ (პორტუგალია).
სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩაერთვნენ: დანი ოლმო, ლამინ იამალი (ორივე ესპანეთი), მარკუს რაშფორდი (ინგლისი) და ჰამზა აბდელკარიმი (ეგვიპტე).
ეს ნიშნავს, რომ თავიანთ შანსს ჯერ კიდევ ელიან ერიკ გარსია, ჟოან გარსია (ორივე ესპანეთი) და რონალდ არაუხო (ურუგვაი), რომლის თამაშიც ტრავმის გამო ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
ერთადერთი გოლი
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის წარმომადგენლებმა მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარეს, 16 ფეხბურთელიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთმა მოახერხა. ინგლისელმა მარკუს რაშფორდმა მოედანზე ენტონი გორდონი 72-ე წუთზე შეცვალა. იმ დროისთვის ინგლისი ხორვატიას 3:2-ს უგებდა, 85-ე წუთზე კი რაშფორდმა მცველი ჩამოიშორა და მეკარე ლივაკოვიჩს შორეულ კუთხეში გაუტანა, რითაც ინგლისს გამარჯვება (4:2) გაუფორმა.
მომდევნო მატჩები
მეორე ტურში “ბარსელონას” ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. თამაშების განრიგი (თბილისის დროით) ასეთია:
- 20 ივნისი: ბრაზილია – ჰაიტი (04:30), ნიდერლანდები – შვედეთი (21:00).
- 21 ივნისი: ესპანეთი – საუდის არაბეთი (20:00).
- 22 ივნისი: ურუგვაი – კაბო-ვერდე (02:00), ეგვიპტე – ახალი ზელანდია (05:00).
- 23 ივნისი: საფრანგეთი – ერაყი (01:00), პორტუგალია – უზბეკეთი (19:00), ინგლისი – განა (23:55).
კომენტარები (0)