რაფინიას დღეს დილით სანტ ჟოან დესპის “სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. ამ შესაძლებლობით “ბარსელონას” სამედიცინო და ფიზიკური მომზადების შტაბიც ისარგებლებს და ფეხბურთელს დაელაპარაკება, რათა გაარკვიოს, რატომ მიიღო მან ბოლო ექვს თვეში ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისას სამი ტრავმა. აღსანიშნავია, რომ სამივე დაზიანება ერთსა და იმავე ადგილზე, მარჯვენა ბარძაყზე ჰქონდა.
გამოკვლევებამდე ან მათი დასრულების შემდეგ რაფინიასთან საუბარი იგეგმება. კლუბში სურთ დაადგინონ, ხომ არ მეორდება ნაკრების ვარჯიშებსა თუ გახურების პროცესში რაიმე კონკრეტული მეთოდი, რომელსაც შესაძლოა ტრავმებთან კავშირი ჰქონდეს. განსაკუთრებით საინტერესოა, განსხვავდება თუ არა ბრაზილიის ნაკრებში მისი დატვირთვა და სავარჯიშო რეჟიმი იმისგან, რასაც ყოველდღიურად “ბარსელონაში” ასრულებს.
რაფინიამ სეზონი “ბარსელონაში” შესანიშნავად დაიწყო. გუნდში ფიზიკურ მომზადებაზე ახლა ბენიამინ კიუგელი მუშაობს, თუმცა ბრაზილიის ნაკრებში ჩასვლის შემდეგ ფეხბურთელს კვლავ კუნთის პრობლემა შეექმნა. ამჯერად დაზიანება სერიოზული არ ჩანს.
კარლო ანჩელოტიმ გასულ პარასკევს ავსტრალიაში რაფინიას სრული 90 წუთი ათამაშა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ის ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელმაც მთელი მატჩი ჩაატარა. შემდეგ, სამშაბათს, მელბურნში გამართულ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში.
2026 წელს რაფინიამ პირველი ტრავმა მარტის ბოლოს მიიღო. ბოსტონში, საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მან მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშა. საბოლოოდ, ამ დაპირისპირებაში “ბარსელონა” ტურნირს გამოეთიშა.
მეორე ტრავმა 20 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში, ჰაიტის წინააღმდეგ მიიღო. რაფინიას კვლავ მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილში ჰქონდა ტკივილები. ამის გამო მან შოტლანდიასთან და იაპონიასთან შეხვედრები გამოტოვა. მერვედფინალში, ნორვეგიის წინააღმდეგ, უკვე სამედიცინო ნებართვა ჰქონდა და სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.
ახლა კი რაფინია ავსტრალიიდან კვლავ კუნთის პრობლემით დაბრუნდა. “ბარსელონას” მთავარი მიზანია დაადგინოს, რატომ მეორდება მსგავსი შემთხვევები ნაკრებში ყოფნისას და როგორ შეიძლება მომავალში მათი თავიდან აცილება.
რა მარაზმიააა, ნაკრებში არ ითამაშოო კაცს როგორ უნდა უთხრა, თუმცა ნაბიჩვარიიიი ანჩელოტი რაღა მაიდამაინც რაფინიას ათამაშებს 90 წუთი ბალერინების ჯოგის ერთი-ორი წარმომადგენელი ხომ ყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, რატო მაიდმაიანც რაფას შაუყო არ მესმის რა…