workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” — “ატლეტიკო”: მატჩის წინ

“ბარსელონა” — “ატლეტიკო”: მატჩის წინ

ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება ამ სეზონის ესპანური ჯილდოს პირველი მფლობელი. 

ესპანეთის სუპერთასზე პირველმა მატჩმა, რომელიც ერთი კვირის წინ მადრიდში შედგა, თასის მფლობელის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა. ასპარეზობის პირველ ტაიმში “ატლეტიკო” მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდა, რაც დავიდ ვილიას გოლითაც დამტკიცდა. მეორე ტაიმში მოედანზე ცვლილებით გამოსულმა ნეიმარმა ბალანსი აღადგინა და “ბარსელონას” საპასუხო მატჩის წინ ფავორიტის სტატუსი დაუბრუნა.

ბრაზილიელი ახალწვეულის მოედანზე გამოსვლა ესპანური მედიის თითქმის ყველაზე მთავარი განსახილველი თემა აღმოჩნდა. ბევრს სურს, მოედანზე ერთდროულად იხილოს მესი და ნეიმარი, მაგრამ “ბარსას” მწვრთნელი ხერარდო მარტინო, როგორც ჩანს, ამ საკითხში ჯერ დარწმუნებული არ არის. მატჩის წინა კონფერენციაზე მან გასაგებად თქვა, რომ ბრაზილიელის შეცვლაზე გამოყვანა მისთვის მისაღებია. რაც შეეხება ლიონელ მესის, ბარძაყის მიკროტრავმა, რომელიც მან პირველ შეხვედრაში მიიღო, არგენტინელს სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლაში ხელს არ შეუშლის. მარტინოს განკარგულებაში არ იქნება ადრიანო, რომელმაც ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში ტრავმა მიიღო, ასევე კატალონიური ლაზარეთის ამჟამინდელი ბინადრები — კარლეს პუიოლი, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი.

დიეგო სიმეონეს ხელქვეითებიდან ტრავმა არავის აქვს. მეტიც, გუნდი ახლა კარგ ფორმაშია, რაც დამტკიცდა “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩით, რომელშიც მადრიდელლებმა მაქსიმალურად გამოიყენეს არსებული მომენტები და მოწინააღმდეგე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს (5:0). “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს ოპტიმიზმს მატებს ასევე “ბარსელონას” არადამაჯერებელი თამაში “მალაგასთან”, რომელშიც კატალონიელებმა გამარჯვება გაჭირვებით მოიპოვეს (1:0; ერთადერთი გოლის ავტორი იყო ადრიანო კორეია), ასევე ის ფაქტი, რომ ვერც პეპ გვარდიოლამ და ვერც ტიტო ვილანოვამ ვერ შეძლეს “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტისას ესპანეთის სუპერთასის მოგება.

 

ვინ რა თქვა

ხერარდო მარტინო, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი:

“მე, ისევე როგორც თქვენ, მსურს ნეიმარი მოედანზე ვიხილო რაც შეიძლება დიდხანს. მაგრამ მე ჩემს ფეხბურთელებს უნდა გავუფრთხილდე. ნეიმარი — ახალგაზრდა ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრს მიაღწია. მე მსურს, რომ მან “ბარსელონას” მაისურით 10-12 წელი იასპარეზოს და არა გადაჭრას ჩემი პრობლემები ერთ მატჩში. სუპერთასზე გამარჯვება გუნდს მორალურ სტიმულს მისცემს. ჩვენ შევეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ” (Football Espana).

 

დიეგო სიმეონე, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი:

“ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ნულიდან იწყება. “ბარსელონა” — უფრო ძლიერი გუნდია. ისინი ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებენ და ბევრ მომენტს ქმნიან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. კატალონიელები ისევ ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავუპირისპირდეთ. ტაქტიკა? ჩვენი წყობის ფარგლებშიც კი შეგვიძლია თამაშის ვარიაცია. ბევრი გზა არსებობს გამარჯვების მოსაპოვებლად და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთ-ერთს ვიპოვით. მესი და ნეიმარი? იმედი მაქვს, ორივენი გამოვლენ მოედანზე, რათა შოუ გამოვიდეს. მაგრამ “ბარსაში” ბევრი კარგი ფეხბურთელია და მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ ვინ გამოიყვანოს მოედანზე” (Football Espana).

 

ციფრები თავისას ამბობს

— “ატლეტიკოს” კამპ ნოუზე 2006 წლის მერე არ მოუგია, მაშინაც მადრიდელებმა ბარსელონას მხოლოდ ფრე გამოსტაცეს (1:1)

— მადრიდული გუნდის წინააღმდეგ კამპ ნოუზე უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ათი გოლი გაიტანა.

— ეროვნული ჩემპიონატის ხუთი უკანასკნელი დაპირისპირება “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა. ამ ორთაბრძოლებში მატჩების საერთო შეფარდებაა — 16:3 კატალონიელების სასარგებლოდ.

— “ბარსელონას” ესპანეთის სუპერთასი ათჯერ აქვს მოგებული და ამ ტურნირის რეკორდსმენია (“რეალს” 9-ჯერ). კიდევ რვაჯერ კატალონიელები დამარცხებული მხარის როლში იყვნენ. “ატლეტიკომ” სუპერთასი მხოლოდ 1985 წელს მოიგო. კიდევ ოთხჯერ მადრიდელებმა ხელიდან გაუშვეს ჯილდო.

— გუნდებს შორის პირველ შერკინებაში “ბარსელონამ” 679 ზუსტი გადაცემა გააკეთა, მადრიდელებმა კი — მხოლოდ 243.

 

ადამიანები შავებში

შეხვედრას მოემსახურება მსაჯების ბრიგადა დავიდ ფერნანდეს ბორბალანის ხელმძღვანელობით. 2011/12 წლების სეზონზე ეს მსაჯი ესპანეთის საუკეთესო არბიტრად აღიარეს, მან პარალელურად დაამყარა პირადი რეკორდი ნაჩვენები ყვითელი ბარათების რაოდენობაში (103, საშუალოდ 6,23 თამაშში). 40 წლის ანდალუზიელს დაეხმარებიან ხორხე კანელო პრიეტო და ხუან მანუელ ლოპეს ამაია.

 

ბუკმეიკერების მოსაზრება

“ბარსელონას” გამარჯვება: 1,40

ფრე: 5,08

“ატლეტიკოს” გამარჯვება: 8,23

 

სავარაუდო შემადგენლობა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward