დღეს, 13 აგვისტოს ზუსტად 40 წლის წინ (1973) იოჰან კრუიფმა “ბარსელონასთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. “ბარსელონას” წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ იმ დროისთვის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინეს, თუმცა მაშინ არავის ჰქონდა წარმოდგენა, თუ რამხელა გადატრიალებას მოახდენდა ჰოლანდიელი “ბარსელონას” ისტორიაში.
თავდაპირველად კლუბს იოჰან კრუიფის შეძენა ინგლისელმა მწვრთნელმა ვიკ ბუკინგემმა (1969–1971) ურჩია, თუმცა იმ დროისთვის (1973 წლამდე) ესპანეთის ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბებს უცხოელი ფეხბურთელების შეძენა აუკრძალეს.
ჰოლანდიის ფედერაციასა და კლუბს შორის გარიგებები საკმაოდ ჩახლართულად მიმდინარეობდა. ჰოლანდიის წარმომადგენლები, ფეხბურთელისგან ფარულად “რეალ მადრიდთანაც” აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამ ფაქტმა კრუიფი ძალიან გააღიზიანა და “აიაქსისა” და ჰოლანიის ფედერაციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ მას “რეალში” გაყიდდნენ, ან “აიაქსში” დატოვებდნენ იგი გაიფიცებოდა და მონაწილეობას არ მიიღებდა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. საბოლოოდ ამ ნაბიჯმა გაჭრა და იოჰან კრუიფი კატალონიაში გადმობარგდა.
დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა. ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ლა ლიგა (1973–1974) და ესპანეთის სამეფო თასი (1977–1978).
იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” ახალი ისტორია დაწერა, მან ჩამოაყალიბა ე.წ “ოცნების გუნდი” (ინგ. Dream Team) და არაერთი ტიტული მოაგებინა მას, მათ შორის 1992 წელს კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=NlyBHVts3uU]