workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკის ირგვლივ…

სესკის ირგვლივ…

გასულ შაბათ-კვირას სანდრო როსელი ლონდონში ჩასვლასა და არსენ ვენგერთან სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ დალაპარაკებას აპირებდა, მაგრამ  მგზავრობა არ შედგა. ყველაფერი ასე მოხდა…

საქმე ისაა, რომ როსელმა გაფრენის წინ მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება არსენ ვენგერისგან, სადაც ასეთი ფრაზა ეწერა: “ბატონო როსელ, თქვენს ჩამოსვლას აზრი არ აქვს”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ინგლისური კლუბი მოლაპარაკებების დაწყებას და ფაბრეგასის დათმობას არ აპირებდა. როსელმა იცოდა, რომ ვენგერი და ფაბრეგასი სერიოზულად დაილაპარაკებდნენ და საბოლოოდ გაარკვევდნენ ყველაფერს.

ფრანგმა სპეციალისტმა “არსენალის” კაპიტანს დარჩენა გადააწყვეტინა.

“ბარსელონაში” მოვლენების ასეთი განვითარებით ყველა იმედგაცრუებული იყო. როსელს საკუთარი პრეზიდენტობის ხანის პირველივე წელს სურდა სესკის შეძენა. ის კორექტულად იქცეოდა და ხმამაღალ განცხადებებს ამ ტრანსფერის შესახებ არ აკეთებდა. ასეთი მესიჯის შემდეგ როსელს ისღა დარჩენოდა, ბილეთის ფული დაეზოგა.

ვერასდროს და ვერავინ სრულად ვერ გაიგებს, თუ რა ილაპარაკეს ფაბრეგასმა და ვენგერმა.

მთავარი, რაც ვიცით, ისაა, რომ ვენგერმა სესკს მომავალი სეზონის მოდელი გააცნო, სადაც ესპანელი კაპიტანი მთავარ როლს ასრულებდა. რა თქმა უნდა, ფრანგ მწვრთნელს ასეთ დროს გუნდის ლიდერთან განშორება არ სურდა. ცოტა ხნის წინ, ვენგერმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ სესკს “არსენალთან” კონტრაქტი კიდევ 5 წელი აკავშირებს და იგი მის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ იქვე საინტერესო ფრაზაც დაამატა: “მხოლოდ სესკს შეუძლია ამ ხმაურის ჩაცხრობა.” თუკი სესკს წასვლა სურს, მან უნდა იმოქმედოს, რადგან  მისი ერთი ფრაზა არაფერს შეცვლის (“თუკი “არსენალიდან” წავალ, მხოლოდ “ბარსელონაში” მიხილავთ).

“31 აგვისტომდე დრო კიდევ არის და “ბარსელონა” კვლავ ეცდება მის შეძენას”, განაცხადა “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტმა.

“ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის სიტყვები ნაკლებად აცხრობს სესკის ირგვლივ აგორებულ ხმაურს. ფეხბურთელი თვლის, რომ კატალონიური გუნდი ტრანსფერის გასაჩარხად საკმარისად არ ინდომებს. თავად ფეხბურთელს არ შეუძლია პირდაპირ განაცხადოს, რომ სამშობლოში დაბრუნება მიმდინარე ზაფხულში სურს. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერს არაერთი ვარსკვლავი გაუშვია გუნდიდან, მათ ნაცვლად კი ყოველთვის ახალგაზრდებს აყენებდა სასტარტო შემადგენლობაში, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ვარსკვლავები ხდებოდნენ.

მიმდინარე ზაფხულს ედუარდო და სილვა “შახტარში” 7 მილიონ ევროდ გაიყიდა. გასულ ზაფხულს “მანჩესტერ სიტიში” გადავიდნენ ემანუელ ადებაიორი და კოლო ტურე. 2008 წლის ზაფხულში “ბარსელონას” ალექსანდრ გლები მიჰყიდეს, ხოლო “პანათინაიკოსს” ჟილბერტო სილვა. 1 წლით ადრე კი “ბლაუგრანამ” “არსენალისგან” ტიერი ანრი იყიდა. მასთან ერთად ესპანეთში გაუშვეს ხოსე ანტონიო რეიესი. შემდეგ “პორტსმუთში” ლასანა დიარა და “ვესტ ჰემში” ფრედი ლიუნგბერგი.

2005 წლის ზაფხულში “არსენალი” ეშლი კოულს სულ რაღაც 7.5 მილიონ ევროდ შეელია. 20 მილიონად გაიყიდა პატრიკ ვიეირა.  2000 წლის ზაფხულში “არსენალმა” სატრანსფერო ბაზარზე გამოიჩინა თავი. მათ მარკ ოვერმარსი და ემანუელ პეტი იყიდეს. ერთი წლით ადრე კი ვენგერმა 35 მილიონ ევროდ მადრიდის “რეალს” ანელკა დაუთმო. როგორც ხედავთ, ბოლო წლებში “არსენალი” ლიდერებს პრაქტიკულად ყოველ ზაფხულს კარგავდა, თანაც საკმაოდ იაფად თმობდა მათ.

ერთადერთი დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ კარიერის ბოლომდე ითამაშა, დენის ბერგკამპია. მიზეზი მარტივია, არ გამოჩნდა კლუბი, რომელსაც გუნდში ფრენის პანიკური შიშის მქონე თავდამსხმელი სურდა. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: “როდის, სად და რა ფასად წავა სესკი?”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward