მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2027 წლის სატრანსფერო გეგმები – სამიზნეები, წამსვლელები და ფინანსები

2027 წლის სატრანსფერო გეგმები – სამიზნეები, წამსვლელები და ფინანსები

მოკლედ
"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი პრიორიტეტი ცაცია ცენტრალური მცველის შეძენაა. The Athletic-ის ცნობით, კატალონიელები რუდ ნეისტადით ინტერესდებიან, გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატი კი ალეხანდრო ბალდეა.

The Athletic-ის ჟურნალისტი პოლ ბალუსი “ბარსელონას” 2027 წლის სატრანსფერო გეგმების შესახებ ვრცელ სტატიას გვთავაზობს.

ლა ლიგის 13 ტურის შემდეგ “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს ლიდერობს, “რეალ მადრიდს” 3 ქულით უსწრებს და ესპანეთის ჩემპიონობის ზედიზედ მესამედ მოპოვებას ცდილობს.

ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი ზედიზედ 11 გამარჯვებით დაიწყო და ამ შეხვედრებში 48 გოლი გაიტანა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მთავარი სატრანსფერო სამიზნის, “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენა ვერ მოახერხა.

გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რაფინიას ფლანგის ფეხბურთელიდან შედეგიან ცენტრალურ თავდამსხმელად გარდაქმნამ. ენტონი გორდონისა და კარიმ ადეიემის დამატებამ კი შეტევის ხაზი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ამჯერად კატალონიელთა პრიორიტეტი დაცვის გაძლიერებაა.

ვინ იღებს სატრანსფერო გადაწყვეტილებებს?

ტრანსფერებზე პასუხისმგებელი სპორტული დირექტორი დეკუა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჰანსი ფლიკსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

61 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მაისში კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით. ფლიკის პოზიციები კლუბში მყარია. კატალონიურ გუნდში გატარებულ ორივე სრულ სეზონში მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, სადებიუტო სეზონში კი ესპანეთის თასსაც დაეუფლა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლიკი აქტიურად მონაწილეობდა ახალი ფეხბურთელების შერჩევაში. მან დეკუს მიერ შეთავაზებული რამდენიმე კანდიდატურაც უარყო, მათ შორის “ინტერის” ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის.

რა პოზიციების გაძლიერება სურს ბარსელონას?

“ბარსელონას” იანვარში ცაცია ცენტრალური მცველის შეძენა სურს და კლუბი შესაბამის ვარიანტებს უკვე განიხილავს.

ზაფხულში კატალონიელები ახალი ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაში იყვნენ და მათი მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესი იყო, რომელიც საბოლოოდ “ატლეტიკოში” დარჩა.

რაფინიას შესანიშნავი ფორმის გამო ახალი ფორვარდის შეძენის აუცილებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 29 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, ნოემბრის დასაწყისში კი კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა.

რომელი ფეხბურთელებით ინტერესდება ბარსელონა?

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიელები დიდი ხანია აკვირდებიან, “ტვენტეს” 18 წლის ცაცია ცენტრალური მცველი რუდ ნეისტადია.

“ბარსელონა” მისი შეძენის შესაძლებლობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულსაც დაინტერესდა, თუმცა ნიდერლანდური კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა კატალონიელთა ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

მიმდინარე სეზონში ნეისტადმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა. ყველა შეხვედრა მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გუნდს 5 მატჩში კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა და 2 გოლი გაიტანა.

“ტვენტე” ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერ პსვ-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ახალგაზრდა მცველს კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და კლუბი მისი გაყიდვის აუცილებლობის წინაშე არ დგას.

კატალონიელები ალესანდრო ბასტონის გარდა “ლაიფციგის” 23 წლის ცენტრალური მცველის, კასტელო ლუკებას კანდიდატურასაც განიხილავდნენ. უცნობია, კვლავ ინტერესდებიან თუ არა ფრანგი ფეხბურთელით.

კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, “ბარსელონას” იდეალურ შემთხვევაში გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება სურს, თუმცა კატალონიელები სატრანსფერო ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით მოქნილად იმოქმედებენ.

ვინ შეიძლება დატოვოს ბარსელონა?

გასაყიდად შესაძლო ფეხბურთელების სიაში პირველ ადგილზე ალეხანდრო ბალდეა.

გასულ კვირაში დეკუმ Catalunya Radio-სთან საუბრის დროს განაცხადა:

“იანვარში ბალდეს გაყიდვას არ განვიხილავთ, რადგან მას ჩვენთვის არ უთქვამს, რომ აქ თავს ბედნიერად არ გრძნობს.”

თუმცა რეალობა ისაა, რომ ბალდემ ფლიკის გუნდში პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა, მისი კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულში იწურება.

23 წლის მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში მხოლოდ 188 წუთი ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ, ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” გამართულ მატჩში მოხვდა.

ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები აღიარებენ, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო ბალდე კლუბის დატოვების შესაძლებლობას ახლა უფრო სერიოზულად განიხილავს, ვიდრე ზაფხულში, როდესაც მას გუნდში დარჩენა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.

“ბარსელონას” წყაროების ცნობით, კლუბს ბალდეს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობასაც კატალონიელები ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში განიხილავენ, ჟიულ კუნდეა. ფრანგმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ადგილი ერიკ გარსიას დაუთმო.

იანვარში კუნდეს წასვლა მოსალოდნელი არ არის, თუმცა თუ საფრანგეთის ნაკრებში 58 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი თამაშის ხარისხს მნიშვნელოვნად არ გააუმჯობესებს, სეზონის დასრულების შემდეგ მისი მომავალი აქტუალური საკითხი გახდება.

ახალი კონტრაქტები

“ბარსელონამ” რამდენიმე ფეხბურთელის გრძელვადიანი მომავალი უკვე უზრუნველყო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რაფინიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება იყო.

გასულ კვირაში კლუბმა ჩავი ესპარტისთვის კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების შესახებაც გამოაცხადა. 19 წლის ლა მასიელმა მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა, ძირითადად განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი ახლა 2030 წლამდე აკავშირებს.

ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასთან ახლოს არიან ცენტრალური მცველი ჟერარ მარტინი და სათადარიგო მარჯვენა მცველი ბრიან ფარინიასიც.

ვოიცეხ შჩესნი პირველი გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ამ დროისთვის პოლონელი მეკარე 37 წლის იქნება და მისი გუნდიდან წასვლა მოსალოდნელია.

აგვისტოში “ბარსელონამ” “ფენერბაჰჩედან” დომინიკ ლივაკოვიჩი შეიძინა, რომლის ტრანსფერის საწყისი ღირებულება 2 მილიონი ევრო იყო. კატალონიელებს სურთ, მომავალში სწორედ 31 წლის ხორვატი მეკარე იყოს ჟოან გარსიას რეზერვისტი.

ფინანსური მდგომარეობა და სარეგისტრაციო შეზღუდვები

ზაფხულში “ბარსელონას” ლა ლიგის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტთან დაკავშირებით კარგი მდგომარეობა ჰქონდა. კლუბი რამდენიმე ძვირადღირებულ კონტრაქტს დაემშვიდობა, შემოსავლებმა კი დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა.

თუმცა ეს მდგომარეობა შეიცვლება.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” “სპოტიფაი კამპ ნოუს” კვლავ დატოვება მოუწევს, რათა სტადიონის მესამე იარუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაგრძელდეს და სახურავი დამონტაჟდეს.

დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივრის დამტევ “ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე” დაბრუნება მომდევნო სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში მატჩებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. ეს კლუბის ბიუჯეტსა და ლა ლიგის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტზეც აისახება.

შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ “ბარსელონამ” გასულ ზაფხულში ტრანსფერებზე დიდი თანხა დახარჯა.

კატალონიელები იანვარში არსებული ფინანსური მდგომარეობის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებიან, თუმცა კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ახალი ფეხბურთელის ხელფასისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, სასურველია, გუნდი ერთმა მოთამაშემ დატოვოს.

ამასთანავე, “ბარსელონას” ლა ლიგაში პირველი გუნდის ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 25-ვე ადგილი შევსებული აქვს.

ახალი ფეხბურთელის რეგისტრაციისთვის შესაძლოა რუნი ბარდჯის ხანგრძლივი ტრავმის გამო არსებული გამონაკლისის გამოყენება მოხერხდეს. შვედ ფეხბურთელს აგვისტოში მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაუწყდა.

The Athletic-ის განმარტებით, ლა ლიგის წესები კლუბებს ტრავმირებული ფეხბურთელის ნაცვლად ახალი მოთამაშის რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს, თუ ტრავმა ხანგრძლივად არის მიჩნეული და ახალი ფეხბურთელის ხელფასი ტრავმირებული მოთამაშის ხელფასის 80%-ზე ნაკლებია.

რა არის ჰანსი ფლიკის პრიორიტეტი?

ჰანსი ფლიკისთვის მთავარი დაცვის გაძლიერებაა. გერმანელი სპეციალისტი იანვარში ცენტრალური მცველის ძიებას უკვე დაეთანხმა.

გარემოებები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა რაფინიას შესანიშნავი თამაშის, ასევე ზაფხულში ენტონი გორდონის, კარიმ ადეიემისა და გაბრიელ ჟეზუსის დამატების შემდეგ ცენტრალური მცველის შეძენამ პრიორიტეტულობით ცენტრალური თავდამსხმელის ტრანსფერს გადაუსწრო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • datio
    datio ვეტერანი
    schedule 28 ნოე 2026, 23:32

    ლაპორტი უნდა ეყიდათ ზაფხულში

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 ნოე 2026, 18:58

    დაცვას მიხედე დაცვას, ჰანსი ბიძია.