უეფას ფუტსალის თასის მე-2 ნახევარფინალური თამაში თვალსასეირო გამოდგა. გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივარს 9 გატანილი გოლი უჩვენეს. გამარჯვებული ყაზახური “კაირათი” გამოვიდა, რომელმაც ნახევარფინალში 4-ჯერ წაგების შემდეგ, როგორც იქნა, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება წინა გათამაშების გამარჯვებულს, კატალონიის “ბარსელონას” – ეს გუნდი, მე-3 ადგილისთვის, “იბერია სტართან” იბრძოლებს.
“კაირათსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩს 2 გმირი ჰყავდა -კატალონიელთა კარში 3 გოლის გამტანი ფურმასა და ყაზახთა ბრაზილიელი მეკარე იგიტა, რომელმაც გუნდი არაერთხელ იხსნა და გარდა ამისა, პარტნიორებს ის შეტევების წარმართვაშიც ეხმარებოდა.
პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. ფურმასას მიერ მე-3 წუთზე გატანილ გოლს 5 წუთში ლინმა უპასუხა, მაგრამ 24 წამში, ყაზახთა შემტევმა დუბლი გაიფორმა და წინ კვლავ “კაირათი” გაიყვნა. შესვენებადმე ბოლო გოლი მე-16 წუთზე გავიდა და ის ანგარიშზე “ბარსას” კაპიტანმა, ტორასმა ჩაიწერა.
მე-2 ტაიმი 30 წამის დაწყებული იყო, როდესაც “ბარსელონამ” წინ გასვლა პირველად და უკანასკნელად მოახერხა. გოლი ვილდმა გაიტანა. ეს ბურთი, 25-ე წუთზე, ჟოანმა გაქვითა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე, ლეომ “კაირათს” ერთბურთიანი უპირატესობა მოუპოვა, ხოლო 39-ე წუთზე, ფურმასამ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე, მეკარის გადაცემის შემდეგ, ფერნანდაომ მაკრატელა დარტყმით თამაშის ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელმაც “ბარსას” ფინალის საგზური მაინც ვერ მოუტანა.
“ბარსელონა ალუსპორტისა” და “იბერია სტარის” თამაში 28 აპრილს, თბილისის დროით 18 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.
კაირათი-ბარსელონა 5:4 (2:2)
კაირათი: იგიტა, ლეო სანტანა, ფურმასა, ლეო, ჟოანი – ხალიავინი, სულეიმენოვი, ენრიკე ელგარტი, ეულერი, ჟამანკულოვი, ალეშანდრე მორაეში, ბეტაო.
მწვრთნელი: კაკაუ.
ბარსელონა: პაკო სედენო, გაბრიელი, ფერნანდაო, ლოზანო, საადი – კრისტიანი, აიკარდო, ტორასი, ტოლრა, ლინი, იგორი, ვილდი.
მწვრთნელი: მარკ კარმონა.
გოლები: 1:0 ფურმასა 3, 1:1 ლინი 8, 2:1 ფურმასა 8, 2:2 ტორასი 16, 2:3 ვილდი 21, 3:3 ჟოანი 25, 4:3 ლეო 36, 5:3 ფურმასა 39, 5:4 ფერნანდაო 40.
მსაჯი: ფრანჩესკო მასინი (იტალია).