გუშინდლამდე
ყველაფერი 2009 წლის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩიდან დაიწყო, როდესაც “ბარსელონა” სტემფორდ ბრიჯზე სათამაშოდ ჩავიდა და როდესაც ოვრებომ კატალონიელთა კარში ორი რეალური პენალტი არ დანიშნა. მაშინ (ისევე, როგორც დღეს), ბლაუგრანას მიმართ შურის მომენტი განუზომლად დიდი იყო და მისმა არაკეთილმოსურნეებმა იმდენად ვერ გადახარშეს ის ფაქტი, რომ თითქმის შეჩერებული “ბარსელონა” მაინც ფინალში გავიდა, ეს მომენტი და აბიდალის უსამართლო გაძევება აღარავის გახსენებია. სწორედ ეს მატჩი იქცა “უეფალონას” ფინძური კამპანიის საწყისად და რა მოხდა ამის შემდეგ? მოდით ყველამ ერთად გავიხსენოთ. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ შემდეგ წელს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას არბიტრების სინქრონულ შეცდომათა ერთობლიობის ( როგორც მილანურ, ასევე ბარსელონურ შეხვედრაში) წყალობით დაემშვიდობა. ყველა ისევ ჩელსის ახსენებდა… შემდეგ წელს კატალონიელებმა იმავე ნახევარ-ფინალური სტადიიდან მადრიდის რეალი გაისტუმრეს შინ, ამ შემთხვევაში პეპეს გაძევებას მოჰყვა კამპანიის მეორე ტალღა, რომელიც “პორკეს მოთქმის” სახელითაც შეგვიძია მოვიხსენიოთ და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ტრეინინგის დროს თავად პიერლუიჯი კოლინამ განუცხადა მადრიდელ ჟურნალისტებს, რომ წითელი ბარათი მისაცემი იყო და დრო იყო შეშვებოდნენ ამ თემით სპეკულირებას.
ამის შემდეგ იყო შარშანდელი ბინძური სეზონი, როდესაც არბიტრები გაუგონარ და დაუფარავ მიკეროძოებასს იჩენდნენ პრიმერაში მადრიდელთა სასარგებლოდ და კატალონიელთა საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ტური არ გავიდოდა ისე, რომ მათ მატჩის ბედში კორექტირებისშემტანი შეცდომა არ დაეშვათ, თუმცა ამაზე უკვე ვისაუბრეთ ვრცლად და თითოეულ მატჩზე ახლა აღარ შევჩერდებით.
ასე მოვედით წლევანდელ სეზონამდეც. სეზონამდე, რომელშიც თითქოს ამ მხრივ ყველაფერი წყნარად მიმდინარეობდა, სანამ სეზონის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მატჩები არ მოახლოვდა. არბიტრები ამჯერად ერთი თვის წინ ბერნაბეუზე გამოცოცხლდნენ, როდესაც ბარსელონას 0-2 დაწინაურების საშუალება ხელიდან გამოგლიჯეს, რაც როგორ იმოქმედებდა ორმატჩანი დუელის ბედზე, ალბათ ყველა კარგად ხვდება.
გუშინ
ალბათ ფეხბურთის ბევრი მოყვარულის გასაოცრად, ბოლო ხანებში მადრიდელები მორალზე ალაპარაკდნენ, იმ მორალსა და ფეირპლეიზე, რომლის არსებობაც რატომღაც არ გახსენებიათ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, როდესაც ნაკრებში თავიანთ თანაგუნდელებს უმოწყალოდ და არასპორტულად ექცეოდნენ და შემდეგ ამას უბრალოდ სპორტულ ჟინად ნათლავდნენ.
გუშინდელი მატჩის ჯერ კიდევ მიმდინარეობისას მაღალი ზნეობის მქონე მადრიდელთა შემოტევის ობიექტი ჯორდი ალბა გახდა, რომელმაც გაბედა და ბერნაბეუზე თითი აღმართა, თან ეს იმდენად უსინდისოდ ჩაიდინა, რომ სხვა თითები მოკეცილი ჰქონდა. დიახ მეგობრებო, რთული გამოსაცნობია, თუ რატომ სურდა ზოგიერთს ასეთი გაშმაგებით, რომ კატალონიელთა მარცხენა მცველს სინამდვილეში შუა თითი ეჩვენებინა მათთვის, შეიძლება ეს მაზოხიზმის ერთგვარი გამოვლინებაა, შეიძლება უბრალოდ ახალი სალაპარაკო თემის აგორება სურდათ არაფრისგან, როგორც ეს ბევრჯერ გაუკეთებიათ და ეს რაკურსი რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ ახლაც ამაზე ისაუბრებდნენ.
ალბათ დიდი ხნით შეჩერებაც არ ღირს მოედანზე ახლადგამოჩენილი რონალდოს უმსგავსობაზე, რომელმაც თავადაც ძლივს შეიკავა სიცილი იმის გამო, რომ მის ცუდად შესრულებულ სიმულაციას მაინც წამოეგო პერეს ლასა და პიკე ყვითელი ბარათითაც კი დაასაჩუქრა. პერეს ლასა, მიგელ ანხელ პერეს ლასა… როგორც გენებოთ, ამ ადამიანის სახელის და გავრის მოხსენიება სხვადასხვანაირად და სხვადასხვა ბრუნვაში შეიძლება. რაც მან მატჩის ბოლო წუთზე გააკეთა, უფრო სწორად არ გააკეთა, იმ მომენტის ზედმეტი კომენტარებისგან თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებ. რაში სჭირდებოდა ეს? არც ეს ვიცი.
გაცილებით უფრო საინტერესო (შესაძლოა ღიმილისმომგვრელიც) იყოს ის, რა განცხადებებიც მატჩის შემდეგ გაკეთდა. სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ არ ახსოვს ზუსტად კონტაქტი იყო თუ არა და ამისათვის მომენტის განმეორებით ნახვა დასჭირდება (უკომენტაროდ). ხოლო პეპემ განაცხადა, რომ ის, რაც კატალონიელებმა მატჩის შემდეგ გააკეთეს, ლამაზი არ იყო. (ხაზგასმით: ეს პეპემ განაცხადა).
ფეხბურთელების (და პეპეს) ცხელ-ცხელი განცხადებების შემდეგ საქმეში ექსპერტებიც ჩაერთვნენ. რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე ვინმე ტომას რონსერო, კაცი, რომელიც როგორც წესი მადრიდელთა ისეთ ემოციას გამოხატავს ხოლმე, რომელიც ოფიციალური პირებისთვის უხერხული იქნებოდა. ესპანეთში ერთ-ერთმა “პატივსაცემმა” ექსპერტმა აღფრთოვანება ვერ დამალა და შეგვახსენა, რომ რეალმა ერთ კვირაში უკვე მეორედ განაცდევინა ორგაზმი. ძნელია ამ ადამიანის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა, როდესაც მის გამომეტყველებას აშკარად ეტყობა 5 წლის უორგაზმობა.
და ბოლოს, ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის კადრების შემდეგ ბარსელონას მხრიდან პრიმერას დამაჯერებელი ლიდერობის სამართლიანობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებასაც იკადრებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში პირველად ჩავიდნენ ბლაუგრანელები მადრიდში ამხელა სხვაობით, მაგრამ არაუშავს. მსგავსი ქმედებები “ბარსელონას” არ და ვერ დააკნინებს, რადგანაც ეს არის გუნდი, რომელთა ფეხბურთელებიც გუშინდელი მატჩის შემდეგაც კი შეცდომებს საკუთარ თავში ეძებენ და არ ცდილობენ მსაჯის სახით გამართლების პოვნას, არადა მათ ადგილზე ამას ბევრი გუნდი გააკეთებდა და გაუკეთებია კიდეც. მათთვის მიუღებელია პორკეს, კე პასას თუ რაიმე სხვა სახის ტირილის კამპანია, ეს “ბარსელონაა”, რომელიც გაცილებით მაღლა დგას. როგორც ჟან ანუის გენიალურ სპექტაკლში მთავარი გმირი ამბობს: სიმართლე არის ის, რაზეც არ ლაპარაკობენ. ეს არის სამაგალითო დამოკიდებულება, ნებისმიერი სპორტის სახეობისა და ნებისმიერი სპორტსმენისათვის, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს, აუცილებლად!
თორნიკე რაზმაძე

