ევროპის სუპერ ლიგამ კრახი განიცადა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, ეს პროექტი წარსულს არ ჩაბარდება და მისი იდეა იარსებებს იქამდე, სანამ გრანდებს ჯერ კიდევ ექნებათ ფინანსური პრობლემები და UEFA-ს მისამართით ჯერ კიდევ იქნება კითხვები.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ფეხბურთის ბოსებმა, საფეხბურთო სამყაროს ნიადაგი მოსინჯეს, შეამოწმეს რას დაუპირისპირებდნენ, რა ბერკეტებს გამოიყენებდნენ და როგორ შეხვდებოდა ამ ყველაფერს ფეხბურთის გულშემატკივარი.
ახლა ყველაფერი ხელის გულზე დევს და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, UEFA-ს პრობლემები აქვს და პანიკაში ჩავარდნილებმა საპასუხო სვლაც გააკეთეს, ახალი ფორმატი შემოგვთავაზეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
კრახის მთავარი მიზეზი
კლოპი, გვარდიოლა, ვენგერი, ინგლისის პრემიერლიგის ფანები, ლა ლიგის ფანები, ანალიტიკოსები, ყოფილი მწვრთნელები და ვეტერანი ფეხბურთელები, ერთ არგუმენტზე შეჯერდნენ – „გარანტირებული ადგილი, სპორტულ პრინციპებს არღვევს!“ – აბსოლუტურად მართალია, მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ, უნამუსობაა, როცა გუნდს შეუძლია მთელი სეზონი ჩააგდოს და იმის ნაცვლად, რომ კრიზისიდან გამოსვლაზე იფიქროს, ძალიან მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, რადგან გარანტირებული ადგილი აქვს სუპერ ლიგაზე, რაც გარანტირებულ 350 მილიონ ევროს გულისხმობს, პლუს ძალიან დიდ თანხებს სატელევიზიო კონტრაქტებით. ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლებოდა.
მეორე დიდი გარღვევა იყო მოტივაცია, ევროპის სუპერ ლიგა, შიდა ჩემპიონატთან ბმაში არ იყო, წარმოიდგინეთ პრემიერლიგა, სადაც უკვე დიდი ხანია ყველამ იცის, რომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონი გახდება, პრემიერლიგის მთავარი ინტრიგა საჩემპიონთალიგო ადგილისთვის ბრძოლაა, სადაც ექვსი-შვიდი გუნდი გაავებული იღწვის იმისათვის, რომ უპირატესობა მოიპოვოს და რა მოხდებოდა სუპერ ლიგის არსებობის შემთხვევაში? არაფერი, ნული მოტივაცია! აბსოლუტურად დაკარგავდა მნიშვნელობას ვინ რომელ ადგილს დაიკავებდა ჩემპიონის შემდეგ, ეს ფორმატი ყველა ჩემპიონატს მოკლავდა, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი, რა თქმა უნდა, პრემიერლიგას მიადგებოდა.
რას გვთავაზობენ გერმანელები?
მათი დათანხმება თავიდანვე ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან ყველაზე ნაკლები ვალი აქვთ, ვალი იმიტომ აქვთ ცოტა, რომ ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ, ნაკლებს ხარჯავენ იმიტომ, რომ მკაცრად განსაზღვრული წესდება აქვთ, შეუძლიათ თუ არა დანარჩენი კლუბის მმართელებს იგივეს გაკეთება?
მას შემდეგ რაც UEFA-ს საბჭოში ადგილები დაცარიელდა, ანიელიმ და ვუდვორდმა კარი გაიჯახუნეს კიდეც, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ, საშველად კარლ-ჰაინც რუმინიგეს უხმეს, რუმინიგე ის კაცია ვისაც არც უზუსტობები უყვარს, არც ზედმეტი ფულის ყრა და არც გაურკვეველი და ბუნდოვანი ამბები, მოკლედ, გერმანელია და არა იტალიელი.
საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ ახლა დაუძახა UEFA-მ საშველად იმ ხალხს, ვინც წლებია უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს და ყველაზე მეტად ეხერხება ძლიერი სისტემის შექმნა, მანამდე კი იტალიელებისა და არაბების სათარეშო ადგილი იყო, ერთი რუმინიგე ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ დასაწყისისთვის კარგი ამბავია.
კარლ-ჰაინცის გზავნილი კი ასეთი იყო – „თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ხარჯი შეამცირეთ“.
აი ასე, მარტივად, შეგახსენებთ, რომ ეს ის კაცია, ვინც რამდენიმე თვის წინ „ბარსელონას“ ღიად დასცინა, მათი ვალის შესახებ, რომ შევიტყვე თვალებს არ ვუჯერებდიო, აბა რა იქნებოდა, კაცს თეთრებში აქვს ყველაფერი გათვლილი და აქ მილიარდიანი გარღვევა გვაქვს.
მაგრამ, ჩნდება ერთი დიდი კითხვის ნიშანი, შეუძლია თუ არა „ბარსას“ ხარჯის შემცირება, უნდა შეამციროს თუ არა და საერთოდ, საიდან დაიწყო ფეხბურთში თანხების ასეთი ზრდა?!
მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად.
90-იანები
კომერციალიზაცია 90-იანების დასაწყისში დაიწყო, დაარსდა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ყველაზე გაყიდვადი ტურნირები ფეხბურთის ისტორიაში, სწორედ ამ დროს დაიწყო დიდი ინვესტიციის შემოდინება და სატელევიზიო კონტრაქტების ბუმი!
რამ შეუწყო ამას ხელი? ევრო საფეხბურთო ბაზარზე არათუ ქვეყნები, არამედ კონტინენტები შემოვიდნენ, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია დაიშალა, შესაბამისად, ქვეყნები, რომელთა სატელევიზიო კონტრაქტებიც „ცენტრში“ იდებოდა, ამიერიდან თითოეულმა ქვეყანამ სათითაოდ დაიწყო შესყიდვა, ამან კი წარმოუდგენლად გაზარდა ფასები.
90-იანებს უკავშირდება იოჰან ბოსკამპის წესიც, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში გადასულიყო, მისი ნებისამებრ, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, მალევე მოიხსნა რეგულაციები უცხოელი ფეხბურთელების ლიმიტზე და ატყდა დიდი ვაჭრობა.
1994 წელს, ა.შ.შ-ში დაიწყო ფეხბურთის პოპულარიზაცია, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ხალხის გარკვეული ჯგუფი, „ნამდვილი ამერიკელები“ იკრიბებოდნენ და ყვიროდნენ „ბეისბოლს გვართმევენო“, მაგრამ ფეხბურთის განვითარებას ხელი ვერ შეუშალეს, ამავე წელს ჩატარდა ა.შ.შ-ის მუნდიალი, მას მერე კი იცით რაც ხდება, უამრავ ფულს იხდიან იმაში, რომ კლუბებმა ტურნე მათ კონტინენტზე გამართონ, ითამაშონ მინი-ტურნირები, ჩამოწერილ ვარსკვლავებს უამრავ ფულს უხდიან, რომ კარიერა მათთან გააგრძელონ და ა.შ. მთელი ეს ინვესტიცია, მთელი ეს ფული, ევროპული გრანდებისკენ მოემართება.
2000-იანების დასაწყისი
ევრო ბაზარი შეივსო პოსტ საბჭოთა ქვეყნების მცირე ინვესტიციით, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების ინვესტიციით, ა.შ.შ-ის ძალიან დიდი ინვესტიციით და მოვიდა ახალი გამოწვევის ჯერი, ბაზარზე ახალი კონტინენტი გამოჩნდა – აზია.
2002 წელს ჩატარდა კორეა-იაპონიის სამარცხვინო ჩემპიონატი, სამარცხვინო კორეის და არა იაპონიის გამო, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ეს კონტინენტი ფეხბურთისგან ძალიან შორს იყო, ამიტომ, ცნობილი მეთოდებით დაიწყო ფეხბურთის პოპულარიზაცია და კონკურენტებს, ანუ, ამერიკელებს, ტურნეს ლოკაცია აახიეს, ალბათ გახსოვთ აზიაში ჩასული მადრიდის რეალი, ავტობუსიდან გადმოსული დევიდ ბექემი და აზიელი მანდილოსნების გულისმომკვლელი წივილ-კივილი, მათთვის ბექემი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, სხვა სამყაროდან მოსული ღმერთი, რაღაც თორის მსგავსი.
ეს ამბავი კი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ალბათ გახსოვთ ვალვერდეს ჩივილი, სეზონის წინ ტურნემ ძალიან გადაგვღალაო, ჰოდა, ვის აინტერესებს თქვენი გადაღლა? მთავარია, რომ სეზონის წინ ბევრი ფული კეთდება.
რატომ გადმოიწია ლა ლიგის მატჩებმა შუადღის და საღამოს საათებში? იმიტომ, რომ აზიელებს ყურება შეძლებოდათ, ლა ლიგა რა, მათზე ზრუნავს? არა, უბრალოდ ბევრს იხდიან.
ახალი მონსტრი
ჩინურმა ეკონომიკამ გიგანტური ნაბიჯებით წაიწია წინ, მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და რატომაც არა?! ფეხბურთის განვითარებაც მოუნდათ, კარასკო, ჰალკი, პაულინიო და კიდევ ვიღაც გაურკვეველი ფეხბურთელები ჩინეთის გზას გაუდგნენ, მათში კი ძალიან დიდი თანხები გადაიხადეს, რა ენაღვლებათ?! მათი ეკონომიკა ისე მიფრინავს უკან არ იხედება, ცოტა კორონამ დააპაუზა ეს ეკონომიკური ოკუპაცია, თორემ ვინმე წყალწაღებულში ისევ გაისვრიდნენ 50 მილიონ ევროს.
და სად მიდის ეს ფული? რა თქმა უნდა, ევროპაში.
არაბეთი
ალბათ ყველაზე მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც ევრობაზარზე შემოსულან, არაბები არიან, პირდაპირ კლუბებს დაავლეს ხელი და გრანდებად აქციეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთის სუპერ თასი იყიდეს, სად მიდიოდა „ბარსა“ სუპერ თასის სათამაშოდ? სადღაც არაბეთში.
პირდაპირ შუა სეზონში, ვის აინტერესებს გადაღლილი ხარ თუ დასვენება გინდა, არც არავის, არაბები იხდიან, ამიტომ კეთილი ინებე და ლამაზი ფეხბურთი აჩვენე.
მეთოდოლოგია იგივეა, მაგალითად ა.შ.შ-ს მუნდიალის ყიდვა არ დასჭირვებია, მსოფლიო ჩემპიონატი ყველა კონტინენტზე უნდა ტარდებოდეს, ა.შ.შ-ს კი მექსიკის გარდა კონკურენტი არ ჰყავს, ერთად ჩატარებაც კი შეუძლიათ, მაგრამ ცალ-ცალკე ურჩევნიათ, ფულის გამო, რა თქმა უნდა, აი აზიაში დიდი კონკურენციაა, რადგან იაპონია იდეალური ორგანიზებით გამოირჩევა, მაგრამ უცბად კატარი ჩახტა და მუნდიალი იყიდა, ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან მუნდიალი ზაფხულში ტარდება, კატარში კიდე ზაფხულში ფეხი, რომ გარეთ გაყო, ძვალიც აღარ შეგრჩება, მაგრამ ჰოი საოცრებავ! არაბებმა მუნდიალი ზამთარში გადმოიტანეს! თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს, მაგრამ ვის ანაღვლებს? გადახდილია.
მიუხედავად ამისა, ჟანგბადი მაინც არ იქნება საკმარისი, ამიტომ, ხელოვნურად აპირებენ სტადიონზე ჟანგბადის გაშვებას, კაციშვილმა არ იცის მაღალ დატვირთვაზე ეს რა საფრთხისშემცვლელი იქნება ფეხბურთელებისთვის, მაგრამ… უკვე იცით რაც ხდება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სტადიონების მშენებლობა არაადამიანურ პირობებში მიმდინარეობს, არ ვიცი რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ რაღაც ეგვიპტური ამბავი, რომ ტრიალებს ფაქტია, არაბები თანამედროვე ფარაონები არიან.
შედეგი
90-იანების მერე, ევრო ბაზარზე იმხელა ინვესტიცია შემოვიდა, რომ თანხების კოლოსალური ზრდა აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია, სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს.
შემოსული თანხის უდიდეს ნაწილს, ის ხალხი უნდა იღებდეს, ვინც ამ სპორტის პოპულარობას განაპირობებს, ესე იგი, ფეხბურთელები, სწორედ მათ გამო გახდა ფეხბურთი პოპულარული, ისინი არიან ამ თამაშის მეფეები და არა კოსტუმში გამოწყობილი ჩინოვნიკები.
ბატონი რუმინიგე რეგულაციებისა და ხარჯების შემცირების მომხრეა.
დავუშვათ, დაწესდა რეგულაცია, რის შედეგადაც სატრანსფერო თანხის მაქსიმუმი 100 მილიონი ევრო გახდა, ხოლო სახელფასო ფონდი განახევრდა, მაგალითად, ლიონელ მესის, რონალდუს, ნეიმარს, მბაპეს, ხელფასი გაუნახევრეს!
ნუთუ, ეს სამართლიანი იქნება?
საკლასო ოთახებში, რომ გადავინაცვლოთ, მოცემულობა ასეთია: მესის აჩუქეს 10 ვაშლი, (ინვესტიცია მოიზიდა), ათივეს მადისაღმძვრელად უყურებდა, მაგრამ უფროსმა ბიძიებმა მისცეს მხოლოდ ერთი, (რეგულაციების თანახმად ერთი ცალი ერგო), ისმის კითხვა – სად ჯანდაბაში წავიდა დანარჩენი 9? თუ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, კლუბში დასაქმებულმა ადამიანებმა ვერ მიიღეს ამ ინვესტიციის უდიდესი ნაწილი, მაშინ ვინ უნდა მიიღოს, ან სად მიდის ამხელა თანხა?
სად მიდის და ფარდის უკან.
აი, ეს კითხვა აქვს ფლორენტინო პერესს UEFA-სთან, რადგან „რეალი“ და „ბარსა“ ფეხბურთელებს იმდენს უხდიან, რამდენსაც იმსახურებენ, დიახ, ეს სწორი პოლიტიკაა, ინვესტიციის მთავარი მამოძრავებლები ფეხბურთელები არიან.
აქვს თუ არა სუპერ ლიგას მომავალი?
რა თქმა უნდა, კი, ოღონდ ფორმატში ცვლილებებია შესატანი, არავითარი გარანტირებული ადგილი, ტურნირზე ის უნდა მოხვდეს, ვინც დაიმსახურებს, ამით ეს ტურნირი არც „ბარსას“ დაკარგავს, არც „რეალს“, არც „ატლეტიკოს“, მაქსიმუმ „არსენალი“ შეეწიროს ამ ამბავს, არაბებსა და ამერიკელებს, (მთავარი სპონსორი J.P Morgan-ის ბანკია) ლონდონური კლუბი ბევრად ურჩევნიათ, რადგან „არსენალი“ უფრო გაყიდვადი ბრენდია, ვიდრე „ლესტერი“, „მილანი“ უფრო გაყიდვადია, ვიდრე „ატალანტა“ და ა.შ, მაგრამ მცირე დათმობაზე სუპერ ლიგის მამებიც უნდა წავიდნენ.
- არავითარი გარანტირებული ადგილი.
- პირდაპირი ბმა ჩემპიონატთან.
აი, ასეთ შემთხვევაში ეს პროექტი განხორციელებადია, ფორმატი კი ნამდვილად ძალიან მაგარია, 20 სუპერ გუნდი, ორ ჯგუფად – ძალიან მაგარია!
შეიძლება ბევრი ფული ფეხბურთს აფუჭბს, მაგრამ, როცა ოთხი მილიარდი ადამიანი გიყურებს, გაღმერთებს და თითოეულ შენს მოძრაობას ელოდება, მზად არის თანხა გადაიხადოს იმის საყურებლად თუ როგორ აფორთხიალებ მეტოქე გუნდის მცველებს, ფული თავისით წამოვა, 21-ე საუკუნეა, ძველ რომში, რომ ტექნოლოგიები ჰქონოდათ, გლადიატორების ბრძოლას მთელი მსოფლიო უყურებდა.
ასეთი ამბავია.
სუპერ ლიგა გარდაუვალი ჩემპიონატია, ოღონდ, მცირე კორექტირებით, რომელიც დროთა განმავლობაში, აუცილებლად განხორციელდება.
"კარლ-ჰაინცის გზავნილი კი ასეთი იყო – „თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ხარჯი შეამცირეთ“.
აი ასე, მარტივად, შეგახსენებთ, რომ ეს ის კაცია, ვინც რამდენიმე თვის წინ „ბარსელონას“ ღიად დასცინა, მათი ვალის შესახებ, რომ შევიტყვე თვალებს არ ვუჯერებდიო",
მერე როგორ შევამციროთ, როცა თქვენ(გერმანელები) 20 მილიონად ნაყიდს იმავე წელს 180-ად ყიდით, ეს ჰოლანდი. დემბელე ალბათ სულ კაპიკებში გყავდათ ნაყიდი და 120-ათ შემოგვტენეთ. კონკურენციას რა ვუყოთ? თქვენ თავი ქუდში გაქვთ, ყველა გერმანელი ფეხბურთელი თქვენია და მაშინ დატოვებს თავის გუნდს როცა ბაიერნი არ წაიყვანს თავისთან და ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე გაქვთ გადაწყვეტილი.
საღოლ ფეოლა რა ძაან მაგაფი სტატია და რაც მთავარია აბსოლუტური სიამრთლეა. 😍😍😍👏👏👏👏👏👏
რაღაცეებში მაინც ჩემებური ხედვა მაქვს მაგრამ გრანდიოზ ფეოლას ჩემი მოკრძალებული რესპექთ როგორც ყოველთვის