დღეს, მსოფლიოს საფეხბურთო სტადიონები სანაკრებო შეხვედრებს აქვთ დათმობილი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ეროვნული გუნდების დაპირისპირება “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი თავის ნაკრებს ვერ დაეხმარება, “ბარსელონამ” ეროვნულ გუნდებში “მხოლოდ” 14 მოთამაშე მიავლინა.
საქმეში პირველად ალექსის სანჩესის ჩილე ჩაერთვება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონის” სტადიონზე, სამხრეთ ამერიკელები ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან.
ერთი საათის შემდეგ, ბურთს ის ნაკრები გააგორებს, რომელშიც “ბარსელონას” ყველაზე მეტი ფეხბურთელი თამაშობს. კატარის ქალაქ დოჰაში, ესპანეთი ურუგვაის შეხვდება. ევროპელთა განაცხადში არიან ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი, პედრო, ვილია და რა თქმა უნდა, პუიოლი, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით მე-100 თამაშს ჩაატარებს. ნაკრებში გამოძახებული იყო ჩავიც, მაგრამ ტრავმის გამო, იგი შეხვედრას დააკლდება.
მოედანზე ერთდროულად გავლენ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები. თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე, ბრაზილია ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო არგენტინა – შვედეთს. ორივე სამხრეთ ამერიკულ გუნდში, “ბარსას” 2-2 წარმომადგენელი ჰყავს. ბრაზილიის ნაკრებში ალვესი და ადრიანო ითამაშებენ, ხოლო არგენტინაში – მესი და მასკერანო.
ყველა ამ შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვა შეგიძლიათ საიტზე Livetv.ge