თუ გადავხედავთ ესპანურ წყაროებს (განსაკუთრებით მადრიდულები გამოირჩევიან -რედ.) ყველგან შევხვდებით განხილვებს იმის შესახებ, რომ მესიმ შეურაცხყოფა მიაყენა რეალის მწვრთნელის თანაშემწეს აიტორ კარანკასა და მცველ ალვარო არბელოას.
”თამაშის შემდეგ მესი შემთხვევით შეხვდა ალვარო არბელოას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე ოქროს ბურთის ოთხგზის გამარჯვებული გუნდელებმა ავტობუსში აიყვანეს.
ასევე ცნობილია, რომ მესის მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ შელაპარაკება ჰქონდა მოურინიოს თანაშემწესთან აიტორ კარანკასთან. არგენტინელმა მას მოურინიოს ”თოჯინა” უწოდა.” -ასეთი ცნობები ვრცელდება პრესის საშუალებით. ”ბარსელონა” კი კატეგორიულად უარყოფს ამ ყველაფერს.
შეგახსენებთ, რომ ბერნაბეუზე გამართული მატჩის დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში მესიმ არ ჩამოართვა ხელი ხაბი ალონსოს, რამაც მადრიდელების აღშფოთება გამოიწვია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ინფორმაცია არა თავად არბელოამ ან კარანკამ, არამედ კალეხონმა გააცნო ჟურნალისტებს. მისი თქმით ინციდენტს ადგილი ავტოსადგომში ჰქონდა, მატჩის დასრულებიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ. ეს კიდევ უფრო ნაკლებად სარწმუნოს ხდის ბრალდებას, რადგანაც როგორც ცნობილია, კატალონიელთა დელეგაციამ სტადიონი თამაშიდან 45 წუთში დატოვა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შემთხვევას არ ჰყავს თვითმხილველი (ხოსე კალეხონის გარდა) და ეს მაშინ, როდესაც წესით ავტოსადგურზე ხალხმრავლობა უნდა ყოფილიყო. სამაგიეროდ გამოჩნდნენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაინახეს როგორ დატოვა მესიმ სტადიონი ყოველგვარი კონტაქტის გარეშე მადრიდულ პერსონალთან.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ბერნდ შუსტერი თავის ტვიტერზე: “არ მესმის, რატომ ცდილობენ პროფესიონალი ადამიანის დისკრედიტაციას, ვინც არ უნდა იყოს და რომელი გუნდიდანაც არ უნდა იყოს, ვინმემ დაინახა ის, რაზეც საუბრობენ? მე არა!”

