ესპანეთის თასის პირველი შეხვედრის 1:1 დასრულება “ბარსელონას” შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსებს უტოვებს. არსებული მდგომარეობის გარდა, ამაზე ისტორიაც მიუთითებს.
ესპანეთის თასზე, სტუმარად ჩატარებულ პირველ მატჩში, “ბარსამ” 1:1 რვაჯერ ითამაშა. ექვს შემთხვევაში, კატალონიელები შემდეგ ეტაპზე გასვლას ახერხებდნენ.
პირველ მატჩში მსგავსი ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ, ფინალში გავიდა “ბარსა” გასულ სეზონშიც. “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო “კამპ ნოუზე”, მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. იგივე მოხდა 2007-08 წლების სეზონშიც – “სევილიასთან” სტუმრად 1:1 თამაშის შემდეგ, “ბარსას” საკუთარ კედლებში უგოლო ფრეც ეყო.
სულ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სტუმრად 1:1 თამაშის შემდეგ, “ბარსელონა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. კატალონიელები ერთხელ “რეალმა” გამოაგდო და ერთხელაც “სელტამ”.
რაც შეეხება “რეალს”. ესპანეთის თასის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, მადრიდელებმა 1:1 ასევე 8-ჯერ დაასრულეს. “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე 4-ჯერ გავიდა. ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც “რეალი” შინ 1:1 თამაშობდა, მადრიდელები ტურნირს ემშვიდობებოდნენ.
2008-09 წლების სეზონიდან მოყოლებული, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონა” და “რეალი” ერთანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 5 თამაშის შედეგს შემდეგ ეტაპზე “ბარსელონა” გაჰყავს (2:0, 1:0, 5:0, 3:2, 3:2). ორი შედეგის გამეორების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე “რეალი” გავა (1:2, 2:2), ხოლო თუ 2010-11 წლების სეზონის მსგავსად, თამაში 1:1 დასრულდა, გუნდები დამატებით ტაიმებს ითამაშებენ.