“ოსასუნასთან” გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი მატჩი იყო ვიქტორ ვალდესისთვის. მას შემდეგ, რაც მან კონტრაქტის განახლებაზე უარი განაცხადა, “ბარსელონა” საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველად თამაშობდა და ბუნებრივია, 31 წლის მეკარისთვის “კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივრის რეაქცია მნიშვნელოვანი იყო.
ბოლო დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, “ბარსელონას” არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვალდესის გადაწყვეტილების პატივისცემა აუცილებელია. მეკარისადმი პატივისცემას ითხოვნდნენ სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, გუნდის მთავარი მწვრთნელი და მისი თანაშემწე, ასევე ფეხბურთელებიც. ამის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ “კამპ ნოუ” ვალდესს გულთბილად დახვდა.
იმ დროს, როდესაც “კამპ ნოუს” დიქტორმა, შემადგენლობის დასახელების დროს, ვიქტორ ვალდესის გვარი გამოაცხადა, დაახლოებით 65 ათასმა გულშემატკივარმა მას ტაში დაუკრა. ვალდესს ამხნევებდნენ შეხვედრის პირველ წუთებშიც, როდესაც ის ბურთს ეხებოდა, ხოლო სამხრეთის ტრიბუნაზე, მისი სახელის სკანდირებაც დაიწყეს. ეს ხდებოდა პირველ წუთებში, შემდეგ კი, ამ მხრივ სიტუაცია ჩაწყნარდა და “ბარსამ” იოლად იმარჯვა.