ფეხბურთის ისტორიას ბევრი ქამბექი (Come Back – დაბრუნება) ახსოვს. მარტო ამ სეზონში ტიერი ანრის და პოლ სქოულზის დაბრუნება რად ღირს.
შეგვიძლია გავიხსენოთ რონალდოს ქამბექიც ფეხბურთში. ტრავმების და წონის მიუხედავად მაინც შეუდარებელი იყო მოედანზე და ისევ ისე ესთეტიურად და ბრაზილიურად აფერისტობდა.
“ბარსელონაშიც” ყოფილა ქამბექები, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მოქმედ და გუნდში მყოფ ფეხბურთელებზე ვისაუბრებ.

ხერარდ პიკე – არამარტო “ბარსელონას” დუბლ–შემადგენლობაში თამაშობდა, არამედ დაბადებიდან ამ კლუბის საპატიო წევრი გახლავთ. ბაბუამისი კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. სანამ “მანჩესტერში” გადავიდოდა “სარაგოსაში” თამაშობდა, სწორედ იქ გაიცნო მომავალში თანაგუნდელი დავიდ ვილია. ხერარდის პროგრესი და კარგი თამაში პეპ გვარდიოლამ შეამჩნია და სამშობლოში დააბრუნა. სერ ალექსი მამასავითაა პიკესთვის, როგორც თავად ამბობს, ფერგიუსონმა უთხრა მას ისე მოქცეულიყო, როგორც ამას გული უკარნახებდა. “მანჩესტერი” დღემდე იჩენს ინტერესს პიკესადმი.

სესკ ფაბრეგასი “ბარსელონას” ერთი დიდი საპნის ოპერაა. დაბრუნებული შვილებიდან ალბათ სესკი ყველაზე ტკბილი და ნანატრია. არსენ ვენგერი დიდხანს ეცადა მის შეჩერებას, მაგრამ ალბათ ფრანგს არ აქვს წაკითხული მიხეილ ჯავახიშვილის “მიწის ყივილი”, თორემ უბრძოლველად დააბრუნებდა სამშობლოში.

პირველი გუნდის ახალწვეული ისააკ კუენკა “საბადელში” სეზონ ნახევარი თამაშობდა. იგი “ბარსელონას” აკადემიიდან გადავიდა, მაგრამ ის მალევე დააბრუნეს, რადგან პირველი გუნდის სკაუტები უკვე ცდილობდნენ ისააკის დაყოლიებას, მაგრამ კატალონიელმა მშობლიური მხარე არჩია და დაბრუნდა. არც წარმატებამ დააყოვნა და ახლა ის “ბარსელონას” სრულფასოვანი წევრია.

და ბოლოს, ხორდი ალბა, რომლის ოფიციალური წარდგენა ამ კვირაში მოხდება. ხორდის კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია. ჯერ იყო “ბარსელონა”, შემდეგ მესამე დივიზიონი. ის ესპანეთის 19 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, იქ კი “ვალენსიელმა” ჭაბუკებმა საკუთარ კლუბს შეატყობინეს მისი ნიჭი და “ღამურებმაც” ის 6 ათას ევროდ იყიდეს. გამოდის, რომ 5 წელიწადში ხორდის ფასმა 2300ჯერ გაიზარდა. მიუხდავად ამისა, ხორდი ალბა თავის ფლანგზე არასდროს თამაშობდა. მან ვერ გაუწია კონკურენცია ვერც ფრანგ მატიეს და ვერც მატას ნახევარდაცვაში. მხოლოდ მაშინ გაილაღა ესპანელმა საყვარელ მხარეს, როცა მატა “ჩელსიში” გადავიდა. აქედან დაიწყო მისი განვითარება და მასზე მოთხოვნილება ერთი ათად გაიზარდა.
დღეს უკვე რამდენიმე ახალგაზრდაა ისეთი, რომელმაც დატოვა “ბარსელონას” დუბლ შემადგენლობა.. შეგვიძლია გავიხსენოთ ჯონ ტორალი, მარტინ რივეროლა, ნოლიტო, ოიერი. მომავალში შეიძლება მათი სახელები ყველა პატარა ბავშვმა იცოდეს, შეიძლება მათმა კარიერამ ისე შეუმჩნევლად გაიაროს, როგორც დრომ.



