ესპანეთის ეროვნული ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც “ბარსელონას” 7 ფეხბურთელი თამაშობს, ევროპის ჩემპიონის წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობს. მეოთხედფინალში, არასანახაობრივ მატჩში, “ფურია როხამ” საფრნგეთი იოლად დაამარცხა.
მატჩის გმირად ჩაბი ალონსო იქცა, რომელიც ნაკრებში თავის მე-100 შეხვედრას ატარებდა. მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა, თუმცა, ორივე გოლში, საკმაოდ დიდი იყო “ბარსელონას” ფეხბურთელების წვლილი. მატჩის მე-19 წუთზე, ინიესტას ძალზე კარგი თამაშისა და ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, მარცხენა ფლანგიდან, ხორდი ალბამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ალონსომ ლორსს აუღებელი დაურტყა. 90-ე წუთზე, ესპანელთა ნახევარმცველმა პედროს მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, მატჩი სრულად ჩაატარეს პიკემ, ბუსკეტსმა და ჩავიმ. ძირითადში იყვნენ ინიესტა და ფაბრეგასიც, რომლებიც შესაბამისად 84-ე და 67-ე წუთებზე შეცვალეს. 65-ე წუთზე, მოედანზე პედრო შევიდა.
ესპანეთი მორიგ თამაშს 27 ივნისს გამართავს. ნახევარფინალში, “ფურია როხას” მეტოქე პორტუგალია იქნება.