“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სანდრო როსელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ერთ დროს, მას კლუბიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონის გაშვება სურდა.
როგორც ცნობილია, ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტის დაბრუნებას აპირებს და როგორც ჩანს, მან თადარიგი უკვე დაიჭირა. “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტი მის შემცვლელს აქამდეც აკრიტიკებდა, მაგრამ ბოლო დროს, ლაპორტა განსაკუთრებით გააქტიურდა.
“ეს ბატონები, თავის დროზე, გუნდიდან ფრანკ რაიკაარდის, კარპეს პუიოლის, ჩავი ერნანდესის, ვიქტორ ვალდესისა და ჩიკი ბეგირისტაინის გაშვებას აპირებდნენ. საუბარი მაქვს სანდრო როსელსა და მის გუნდზე. კარგად ვიცი, როგორი მოდელით ხელმძღვანელობენ ისინი, რადგან მათ კარგად ვიცნობ” – აცხადებს ლაპორტა.
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, ლაპორტა და როსელი კლუბში ერთად მოვიდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ლაპორტას გაპრეზიდენტებაში უდიდესი როლი სწორედ როსელმა ითამაშა, მაგრამ მოგვიანებით, კლუბის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების გზები გაიყო, რამაც მათ შორის ჯერჯერობით დაუსრულებელი დაპირისპირება გამოიწვია.


