ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატისას შეძლებენ გამოიყენონ საკუთარი ანგარიშები, რომლებიც გახსნილი აქვთ ამა თუ იმ სოციალურ ქსელში. ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არ დატოვა “ბარსელონას” კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ძალიან გახარებული იყო.
“მოგესალმებით ყველას! საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ევრო 2012–ის მიმდინარეობისას შეგვეძლება სოციალური ქსელებით სარგებლობა. ჩვენ თქვენთან კავშირში ვიქნებით. გილოცავთ ყველას.” –დაწერა ვალდესმა საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე.
სამი დღის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს არ ექნებოდათ სოციალური ქსელების გამოყენების უფლება მანამ, სანამ ისინი პოლონეთსა და უკრაინაში იქნებოდნენ სათამაშოდ. სწორედ იგივე აკრძალვა ჰქონდათ “ფურია როხას” მობურთალებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისას, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს მაინც მოულბა გული და საკუთარ შეგირდებს ერთგვარი სიამოვნების მიღების ნება დართო.
ესპანეთის ნაკრების რიგებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც სოციალური ქსელებით სარგებლობს, განსაკუთრებით კი–”ტვიტერით”. “ბარსელონას” მხრიდან საიტის ყველაზე ხშირი სტუმრები ჯერარდ პიკე, სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა არიან, ხოლო მადრიდის “რეალის” მხრიდან კი–სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო.