”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს მიიჩნევს, რომ მან და მისმა გუნდმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, რაც კარგ მოგონებას ტოვებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლამ მხოლოდ ”ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაზე არ ისაუბრა: ”მე ვამაყობ იმით, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. მე ახალი არაფერი მომიგონია, ვაგრძელებდი წინაპრების საქმეს. გუნდი კარგად თამაშობდა ჩემს მოსვლამდე და ითამაშებს ჩემს შემდეგაც. მე გამიმართლა, როცა პატარაობაში აქ მოვხვდი, ვთამაშობდი და ვარჯიშობდი ამ შესანიშვან კლუბში, ჩემს კლუბში. არასდროს მსურდა ”ბარსას” იდეებისთვის ღალატი”.
პეპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი წასვლის მიზეზებზე: ”მთავარი მიზეზი დაღლილობაა. რომ არა ის, მე მუშაობას გავაგრძელებდი. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მოიგო 4 სეზონში 14 ტიტული ძალიან რთულია, ჩვენ შეგვძილია ამაყები ვიყოთ. ყველაფრისთვის კი უდიდესი მადლობა კლუბს უნდა ვუთხრათ”.
უკანასკნელ პრეს-კონფერენციაზე პეპი ბევრს საუბრობდა კლუბზე: ”ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ ეს ”ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. ვიცი, რომ მოგონებაში ხალხს დარჩება ეს გუნდი. ყველაფერი დანარჩენი ძალიან გლობალურია”.
რაც შეეხება თასის ფინალს, პეპმა შეაქო მეტოქე გუნდი და გააკრიტიკა საკუთარი შეგირდები, რომლებიც მეორე ტაიმში მოდუნდნენ: ”ჩვენ შესანიშნავი 35 წუთი ჩავატარეთ, შემდეგ კი ”ატლეტიკმა” ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ეს გუნდი ამ სეზონში შესანიშნავი იყო. მე ამ კლუბის ქომაგი ვარ და მათი იდეა – არ დანებდე ბოლომდე ძალიან მომწონს. ბიელსასგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება”.
პეპმა ასევე საკუთარი ფეხბურთელები შეაქო. განსაკუთრებით ქება ლეო მესის და პედრო როდრიგესს ერგოთ: ”მესის გარეშე ჩვენ მოვიგებდით ტიტულებს, თუმცა არა იმდენს, რამდენიც მოვიპოვეთ. ვიმედოვნებ, რომ მას დავეხმარე. ეს პრივილეგიაა – გაწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. რაც შეეხება პედროს, მიკვირს ადრე როგორ არ მივეცი შანსი. როდესაც ”ბარსას” მეორე გუნდში დამნიშნეს პედროს დავაკვირდი, მისი თამაში ძალიან მომეწონა”.
პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, რომელიც პეპ გვარდიოლასთვის უკანასკნელი იყო ”ბარსელონას” თავკაცის რანგში, ”ვისენტე კალდერონის” დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტები ფეხზე მდგომი, ძლიერი აპლოდისმენტების ფონზე აცილებდნენ გვარდიოლას.



