“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი მადრიდის ავტონომიის ხელმძღვანელს, ესპერანს აგირეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავის დროზე, კატალონიელი გულშემატკივრები თვით ფრანსისკო ფრანკოსაც კი უსტვენდნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აგირემ განაცხადა, რომ თუ ესპანეთის თასის ფინალში, კატალონიელი და ბასკი გულშემატკივრები, ჰიმნის დროს სტვენას დაიწყებენ, თამაში არ უნგა დაიმართოს.
“მახსოვს, “მონჟუიკზე”, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გამართული თასის ფინალი. ამ თამაშის დროს, კატალონიელმა გულშემატკივრებმა სტვენა გენერალ ფრანკოს დაუწყეს. არაფერი მომხდარა – მატჩი არ ჩაშლილა. მიაქციეთ ყურადღება – ფრანკო ბევრად უფრო ავტორიტეტული პიროვნება იყო, ვიდრე ბატონი აგირეა. თუ თამაში არ ჩაიშალა იმ მმართველის ეპოქაში, რომელიც დიქტატორად ყველამ აღიარა, ნუთუ ეს მოხდება იმ დროს, როდესაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია თავისუფალია” – აცხადებს ჟოან გასპარი, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო.



