ფეხბურთის ისტორიაში ბევრი ფეხბურთელი არ მოიძებნება, რომელსაც 2 ისეთი მნიშვნელობის გოლი აქვს გატანილი, როგორიც ანდრეს ინიესტას. ფეხბურთელმა, რომლის მოვალეობაც გოლების გატანა ნამდვილად არაა, თავის კლუბსა და ნაკრებს მანამდე არნახული წარმატება მოუტანა.
2008-09 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, “სიკვდილამ” “ჩელსის” გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაუტანა და გუნდს ფინალისკენ გაუძღვა. ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილისთვის, შესაძლოა, ეს იყოს გოლი, რომელმაც გუნდი უბრალოდ ფინალში გაიყვანა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. ყველამ კარგად იცის, თუ რა წარმატებულ იყო “ბარსელონასთვის” 2009 წელს. ამ წელს, კატალონიელებმა ყველა, ექვსივე შესაძლო ტურნირის მოგება მოახერხეს და ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველად გააკეთეს. რომ არა ინიესტას შედეგიანი დარტყმა, იმ წელს, გუარდიოლას გუნდი სამ ტიტულს დასჯერდებოდა. კატალონიელები ვერ მოიგებდნენ ჩემპიონთა ლიგას, ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს. როგორც ხედავთ, ანდრესის გოლმა გუნდს გზა 3 ტიტულისკენ გაუხსნა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ტიტული მანამდე არცერთ მათგანს არ ჰქონდა მოპოვებული და შესაბამისად, ორივესთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე-2 დამატებითი ტაიმის მიწურულს, როდესაც ყველა თერთმეტმეტრიანების სერიისთვის ემზადებოდა, ანდრეს ინიესტამ ის გოლი გაიტანა, რომელმაც ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წოდება ოფიციალურად მოუტანა.
1984 წლის 11 მაისს, კასტილია-ლა მანჩას ქალაქ ფუენტეალბილიაში დაბადებული ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში იგი პირველად 2002 წელს გამოჩნდა, რის შემდეგაც, “ბარსას” მაისურით 405 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.
თავიანთი თამაშის სტილით, ფეხბურთელები შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ. ზოგი მათგანი, უბრალოდ შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, ზოგი მებრძოლი სულით გამოირჩევა, ზოგი გულშემატკივრებს სიამოვნებას ლამაზი ფეხბურთით ანიჭებს და ა.შ. ინიესტას შემთხვევაში, სიტყვა “ლამაზის” გამოყენება არამართებულად მიგვაჩნია. ანდრეს უფრო ელეგანტურ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება და სწორედ ამ ელეგანტურ ფეხბურთელს შეუსრულდა დღეს, თერთმეტ მაისს 28 წელი.