“ბარსელონას მხსნელი”, რომელიც სიღარიბეში მოკვდა

“ბარსელონას მხსნელი”, რომელიც სიღარიბეში მოკვდა

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც თანამედროვე ფეხბურთზე დიდი გავლენა აქვთ, ყველაზე მივიწყებული, ალბათ, პატრიკ ო’კონელია. ირლანდიელი კიდევ უფრო მივიწყებული იქნებოდა, დაახლოებით 7 წლის წინ რომ არ დაწყებულიყო კამპანია, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი საფეხბურთო მოღვაწეები, როგორებიც იოჰან კრუიფი, ოლივერ კანი, მარტინ ო’ნილი და ლუიშ ფიგუ არიან. ამ დროს დაიწყო თანხის აგროვება იმისათვის, რომ პატრიკ ო’კონელის მემორიალი აღმართულიყო. 2018 წელს კი გამოვიდა ირლანდიელზე გადაღებული ფილმი სახელწოდებით “დონ პატრისიო”.

მაინც ვინ იყო პატრიკ ო’კონელი და რა აკავშირებს მას “ბარსელონასთან”? ამ საშუალო დონის ირლანდიელ მცველსა და მოგვიანებით გენიოს მწვრთნელს კატალონიური კლუბის გაკოტრებისგან გადარჩენა უკავშირდება. რომ არა პატრიკ ო’კონელი, დღეს “ბარსელონა” ან იარსებებდა, ან არა. ხშირად მას სწორედ ასე მოიხსენიებენ – “ბარსელონას მხსნელი”.

პატრიკ ო’კონელი ფეხბურთს ბრიტანეთის რამდენიმე გუნდში თამაშობდა, თუმცა საკლუბო დონეზე განსაკუთრებული წარმატებით ვერ გამოირჩეოდა. უფრო წარმატებული სანაკრებო კარიერა ჰქონდა და 1914 წელს მისმა ირლანდიამ ბრიტანეთის ჩემპიონატიც კი მოიგო.

სწორედ ამ წარმატების შემდეგ მიიწვიეს ო’კონელი “მანჩესტერ იუნაიტედში” და მან მონაწილეობა ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩშიც მიიღო.

1915 წლის 2 აპრილს “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. ცხრილის შუაში მყოფი მასპინძლები უმოტივაციოდ იყვნენ, სტუმრებს კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად აუცილებლად მოგება ჭირდებოდათ. მთელი თამაში უცნაურად წარიმართა, საბოლოოდ სტუმრებმა 2-0 მოიგეს და ქვედა დივიზიონში “ტოტენჰემი” გავარდა. თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ ტოტალიზატორებში “იუნაიტედის” 2-0 მოგებაზე ძალიან დიდი თანხები იყო დადებული.

დაიწყო გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ თამაშის გაყიდვაში ფეხბურთელები ორივე გუნდიდან იყვნენ ჩართულები. ყველა მათგანს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მათ შორის არ ყოფილა “მანჩესტერის” ფეხბურთელი პატრიკ ო’კონელი. მას ვერაფერი დაუმტკიცეს. თუმცა, როდესაც სტუმრები 1-0 იგებდნენ, მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს; ო’კონელს თერთმეტმეტრიანის შესრულება არ ეკუთვნოდა, მაგრამ მოითხოვა, რომ ნიშნულთან ის მისულიყო. მივიდა და აშკარად განზრახ ააცილა. ეპიზოდი იმდენად უცნაური იყო, რომ არბიტრმა შეხვედრა რამდენიმე წუთით შეაჩერა და თანაშემწეებთან განიხილავდა საკითხს, თავიდან ხომ არ მიეცათ სტუმრებისთვის პენალტის შესრულების უფლება.

დადასტურებით დღემდე ვერავინ ამბობს, რატომ მოიქცა ო’კონელი ასე. არსებობს 2 ვერსია: მან იცოდა თამაშის ჩაწყობის შესახებ და პროტესტი ასე გამოხატა, ან მონაწილე იყო თამაშის ჩაწყობის და იცოდა რა, რომ მე-2 გოლი მაინც გავიდოდა, ასე თვალის ასახვევად მოიქცა. კითხვაზე პასუხი არც პატრიკის შვილიშვილს, მაიკ ო’კონელს აქვს. თუ რატომ არასდროს უსაუბრია მაიკს ან მის მამას ამ თემაზე პატრიკთან, ამას მალე გაიგებთ.

თერთმეტმეტრიანის ეპიზოდშიც გამოჩნდა, რომ პატრიკ ო’კონელი საკმაოდ უცნაური ხასიათის ადამიანი იყო. ეს მაშინ დადასტურდა, როდესაც პატრიკ ო’კონელი გაქრა. ოჯახის წევრებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ.

წლების შემდეგ ო’კონელის ოჯახმა სანტანდერიდან მიიღო წერილი. პატრიკმა მეუღლე და 4 შვილი უბრალოდ მიატოვა და ესპანეთში ახალი თავგადასავალი დაიწყო. მოგვიანებით ო’კონელი ესპანეთში ახალ ცოლს შეირთავს – ასევე ირლანდიელს, ასევე სახელად ელენს და მის ყოფილ ცოლთან ვიზუალურად მიმსგავსებულს.

პირად ცხოვრებაში სიახლეს კარიერული წინსვლაც თან ერთოდა. 1922 წელს პატრიკმა სანტანდერის “რასინგი” ჩაიბარა და რეგიონული ტიტული 5-ჯერ მოაგებინა, 1928 წელს კი მისი გუნდი ლა ლიგის თანადამფუძნებელი გახდა.

“რასინგიდან” წასული ო’კონელი 2 წელი “ოვიედოში” მუშაობდა, 1932 წელს კი ის “ბეტისს” შეუერთდა.

სევილიურ გუნდში პატრიკმა ყველაფერი შეცვალა, “ბეტისი” პირველივე სეზონში დააწინაურა, ლა ლიგაში ჯერ მე-5, შემდეგ მე-4 ადგილი დააკავებინა და 1935 წელს გააჩემპიონა კიდეც, რაც ძალიან დიდი სენსაცია იყო, რადგან “ბეტისში” არცერთი ვარსკვლავი არ თამაშობდა. სევილიელთა წარმატება დამყარებული იყო არნახული სიძლიერის დაცვაზე. “ბეტისმა” 22 თამაშში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა, რაც იმ დროისთვის დაუჯერებელი შედეგი იყო. მე-2 საუკეთესო შედეგი “რეალს” ჰქონდა – 34 გაშვებული გოლი.

სწორედ “რეალი” იბრძოდა “ბეტისთან” ჩემპიონობის ტიტულისთვის. ბოლო ტურის წინ ო’კონელის გუნდი წინ ერთი ქულით იყო, გადამწყვეტ მატჩში კი ყოფილ გუნდს, “რასინგს” სტუმრად ეთამაშებოდა.

გავრცელებული ცნობებით, თამაშის წინა დღეს ო’კონელი ყოფილ შეგირდებს სასტუმროში ეწვია და მათ სთხოვა, თავი ძალიანაც არ გამოედოთ, რადგან პრიმერაში დარჩენა განაღდებული ჰქონდათ, “ბეტისი” კი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. პასუხად ზრდილობიანი უარი მიიღო – ჩვენი პრეზიდენტი მადრიდისტაა და “რეალის” პრეზიდენტისგან მსუყე პრემიებს მივიღებთ, თუ მოგიგებთო.

ო’კონელმა საწადელს სასტუმროში ვერ მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ მან ეს მოედანზე გააკეთა – ყოფილი გუნდი მისსავე მოედანზე 5-0 გაანადგურა და “ბეტისს” ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოაგებინა ლა ლიგა.

დონ პატრისიოს წარმატება “ბარსელონას” ყურადღების მიღმა არ დარჩენია და 1935 წელს ირლანდიელი “ბლაუგრანას” დამრიგებელი გახდა.

პატრიკის კატალონიურ გუნდში მოღვაწეობა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. სამოქალაქო ომის გამო ესპანეთის ჩემპიონატი 4 წლით შეჩერდა. “ბარსელონა” რეგიონულ დონეზე კი თამაშობდა, მაგრამ კლუბმა ლეგიონერები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნა და გაკოტრების პირამდეც მივიდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1936 წლის 6 აგვისტოს, “ბარსას” პრეზიდენტი ჟოზეპ სუნიოლი, რომელმაც ო’კონელი კატალონიურ კლუბში გადაიბირა, ფრანკოს ჯარისკაცებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს. კლუბმა ირლანდიაში შვებულებით მყოფ ო’კონელს შეატყობინა, რომ თუ დაბრუნებას არ მოისურვებდა, გაუგებდნენ. ო’კონელი კატალონიაში დაბრუნდა.

1937 წელს “ბარსელონა” უკვე გაკოტრების პირას იყო და ხსნაც არსაიდან ჩანდა. ამ დროს კი, მექსიკაში გაქცეულმა კატალონიელმა ბიზნესმენმა, მანუელ მას სერანომ, “ბარსას” ფეხბურთელ ჟოზეპ იბორას შუამავლობით, ო’კონელი მექსიკაში დაპატიჟა, სადაც ფრანკოს მოწინააღმდეგე მთავრობა იყო. სერანო “ბარსელონასთვის” ამხანაგური თამაშების ორგანიზებას გეგმავდა. კატალონიური კლუბი 15 ათას დოლარს მიიღებდა და ყველა ხარჯსაც სერანო დაფარავდა.

ო’კონელმა თავი 19 ადამიანს მოუყარა, საიდანაც 16 ფეხბურთელი იყო, და მექსიკაში გაემგზავრა. ამ ქვეყანაში 6 ამხანაგური თამაშის ჩატარების შემდეგ გუნდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა, სადაც კიდევ 4 შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთში სიტუაცია იმდენად არეული იყო, რომ უკან მხოლოდ 4 ფეხბურთელი დაბრუნდა. ზოგი მექსიკაში დარჩა, ზოგმაც შუა გზიდან საფრანგეთს მიაშურა. ამის მიუხედავად, პატრიკ ო’კონელმა ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა, მექსიკასა და ამერიკაში მოგზაურობით დაგროვებული ფულით კი მან “ბარსელონას” მომავალი უზრუნველყო. იმის მიუხედავად, რომ გუნდის თავიდან აწყობა მოუხდა, ო’კონელმა კატალონიის ლიგა და ჩემპიონატი მოიგო.

1940-42 წლებში პატრიკმა ისევ “ბეტისში” იმუშავა, შემდეგ კი 3 წელი ამ გუნდის პრინციპული მეტოქის, “სევილიას” დამრიგებელი იყო. ამ ფაქტის მიუხედავად, “ბეტისის” გულშემატკივრებს ის არ მოუძულებიათ და 1954 წელს, როდესაც გაიგეს, რომ ო’კონელს ფინანსურად უჭირდა, მის დასახმარებლად საფეხბურთო მატჩის ორგანიზებაც კი ითავეს.

1995 წლის ნოემბერში დუბლინის ერთ-ერთ პაბში ახალგაზრდა კაცი, დან ო’კონელი შევიდა. როდესაც პაბში მყოფი ესპანელი ფეხბურთელები შეამჩნია, მათ ჰკითხა, ხომ არ იცოდნენ რამე პატრი ო’კონელის შესახებ, პასუხად კი მიიღო, რომ პატრიკის ქალაქ სევილიაში მოძებნა ადვილი იყო. დან ო’კონელი გაემგზავრა მამის მოსაძებნად, რომელიც ბავშვობის შემდეგ ნანახი არ ჰყავდა. როგორც სიუ ო’კონელის ჩანაწერებიდან ირკვევა, მამა-შვილის შეხვედრას კარგად არ ჩაუვლია. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიკ ო’კონელს ძველ ოჯახთან ურთიერთობა აღარასდროს ჰქონია.

მოგვიანებით პატრიკ ო’კონელი ლონდონში გადავიდა, სადაც სიღარიბეში, სახელმწიფო შემწეობით ცხოვრობდა, ზუსტად 62 წლის წინ, 1959 წლის 27 თებერვალს კი ის ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

პატრიკ ო’კონელი სენტ მერის კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს. 2016 წლამდე მის საფლავს წარწერაც კი არ ჰქონდა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 28 თებ 2021, 09:52

    მოკლედ ზოგიერთი რა ფანატია თავისი საქმის, მადლობა ყველას კრუიფის ხელმძღვანელობით ვინც ამ ადამიანის ისტორიის დავიწყების ფაქტს არ შეურიგდნენ და ბარსას კიდევ ერთი ლეგენდა გააცოცხლეს.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 28 თებ 2021, 02:51

    ბრავო! blush

  • Clever liar
    schedule 28 თებ 2021, 02:13

    ყოჩაღ ავტორ. ეს არ იყო მხოლოდ ოკონელის ისტორია, ეს იყო მთლიანად ბარსელონას უმტკივნეულესი პერიოდი, როცა გუნდი კედელთან დახვრეტილიც კი ფეხბურთს თამაშობდა..

  • ROUCH
    schedule 28 თებ 2021, 02:02

    ყოჩაღ ავტორ კარგი იყო, მიყვარს ასეთი სტატიები დადების თანავე თუ არა მერე მაინც ვკითხულობ

  • Bobi
    schedule 28 თებ 2021, 00:54

    ასეთი სტატიების კითხვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. კონკრეტულად ამ ტიპის უფრო სევდას, თუმცა ალბათ ყველა გამიგებს რას ვგულისმხმობ. მოკლედ, მინდა რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ავტორს, რომ არ დაეზარა და ასეთი სტატია გვაჩუქა 💙❤️❤️
    რაც შეეხება მთავარ გმირს კი მართლაც უდიდესი საქმე ქონია გაკეთებული, ის უცნაურობები კი ალბათ გენიოსთა მახასიათებელი უცნაურობები იყო, რაც ასე ხშირია მათში 💙❤️

  • Ansu Fati 22
    schedule 28 თებ 2021, 00:16

    საინტერესო სტატია იყო ნამდვილად 👏🏼👏🏼👏🏼

  • Always cule
    schedule 27 თებ 2021, 23:48

    ძალიან საინტერესო იყო, მადლობა ავტორს

  • me da barca
    schedule 27 თებ 2021, 23:38

    ბოდიში ავტორთან, მაგრამ დამეზარა ამხელა სტატიის წაკითხვა.😣