იშვიათად თამაშობენ, მაგრამ დასამახსოვრებლად. იშვიათად იმიტომ, რომ “ალბასეტე” ხან მეორე, ხანაც მესამე ლიგის ბინადარია, იშვიათად გადმოდის ხოლმე ლა ლიგაში, და აბა სხვაგან სად უნდა ეთამაშო? სად და კოპაზე. ისე როგორც ახლა. თასის მეოთხედფინალში ბარსა “ალბასეტეს” შეხვდება და ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს ნახევარფინალისტის ვინაობას. ფავორიტი, რა თქმა უნდა, “ბარსელონაა”.
მაშ ასე, გუნდებს ოფიციალურ დონეზე 14 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 9 ბარსამ მოიგო, 4 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი “ალბასეტემ” იმარჯვა. ბენიტო ფლოროს გუნდმა კრუიფის ბარსა 1:0 დაამარცხა.
ბურთების სხვაობა 31 – 11 ზე.
დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირი ხრისტო სტოიჩკოვია 6 გატანილი გოლით.
ახლა კი გავიხსენოთ ხუთი საუკეთესო მატჩი.
ხრისტოს პოკერი
1992 წელს, ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, ბარსამ 7:1 გაანადგურა მეტოქე. ანგარიში ბაკერომ გახსნა, თავით შეაგდო, ადრე მოგვიმზადებია ვიდეო სადაც ბაკეროს თავით შეგდებული ყველა გოლი აღვნუსხეთ და კარგად გამოჩნდა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, (მათ შორის, საჯარიმოს გარედანაც!) და ურთულესი მდგომარეობიდანაც კი შეეძლო თავით გატანა, არადა, მხოლოდ 1.75 სანტიმეტრი იყო მისი სიმაღლე. განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ბასკს.
მეორე გოლი სტოიჩკოვმა შეაგდო, მიქაელ ლაუდრუპის დრიბლინგისა და ზუსტი პასის შემდეგ. მიართვა ლანგრით დანიელმა და ბულგარელიც ზუსტი იყო. აქ ჯერ კიდევ ჩამორჩებოდა ხრისტო ბაკეროს. მატჩამდე ორი გოლით ნაკლები ჰქონდა, ეს უკვე სეზონის მიწურულია და აქვთ ასეთი კონკურენცია, ამ მატჩის მერე კი ხრისტო გადაასწრებს. მეორე ტაიმი თითქოს კარგად დაიწყო “ალბასეტემ”, პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ სალაზარმა ხარიხას გაარტყა, სტოიჩკოვმა კი მალევე ანგარიში სამამდე გაზარდა, ამჯერად თავით შეაგდო. გადის რამდენიმე წუთი და ბეგირისტაინი გარბის ერთი-ერთზე, არ უთამაშია ეგოისტურად, ცარიელ კარში გაუგორა ბულგარელს და ესეც ჰეთთრიქი! გადაასწრო ხრისტომ ბაკეროს.
ხრისტომ ცოტა შეისვენა, მანამდე ბეგირისტაინი აწიოკებდა მეტოქეს და მის წაქცევას პენალტი მოჰყვა. აჩვენა კუმანმა სალაზარს როგორ უნდა ურტყამდეს პენალტს – 5:0. მიუხედავად ასეთი ანგარიშისა ბარსა არ გაჩერებულა, სტოიჩკოვმა კარგი პასი მიიღო სიღრმიდან, ერთი-ერთზე გაიქცა და მეკარეს თავზე გადაუგდო. ბულგარელმა პოკერი შეასრულა. აი მერე კი მოვიდა პრესტიჟის გოლის დროც – სალაზარი ამჯერად ზუსტი იყო, რატომღაც კარიდან გამოვარდნილ სუბისარეტას გადაუგდო თავზე. თუმცა, ეს არ ყოფილა ბოლო გოლი, მეშვიდე ისევ ბაკერომ შეაგდო და სტოიჩკოვთან ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა – ბაკერომ ამჯერად მაკრატელა გაიტანა, სტოიჩკოვის პასის შემდეგ.
სულო და გულო, ყველანაერი გოლი გავიდა.
ორმაგი შოკი
მომდევნო სეზონის დასაწყისში მატჩი ისე დაიწყო ხალხმა იფიქრა, რომ უარესს დამართებენ და შვიდ გოლსაც გადააჭარბებენო. აბა თავად შეხედეთ, მე-12 წუთისთვის ანგარიში უკვე სამით ნული იყო. და ეს არ არის ამ შოკის მთავარი მიზეზი, მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ეს სამი გოლი, ოთხი წუთის ინტერვალში გავიდა. გინახავთ რაიმე მსგავსი? ბარსას შესრულებით არასდროს. ოთხ წუთში სამი გოლი, რა უბედურებაა.
მეცხრე წუთზე მიქაელ ლაუდრუპმა გაიტანა. მეთერთმეტეზე ხრისტო სტოიჩკოვმა. ხოლო მეთორმეტეზე ჩიკი ბეგირისტაინმა. ფეხბურთი ულამაზესი, გოლები მშვენება, ლაუდრუპი იდეალურად წარმართავდა თამაშს და თავადაც მშვენიერი გოლი შეაგდო. აბა როგორ უნდა გაგრძელებულიყო? კი უნდა ასულიყო ბარსა რვა-ცხრა გოლამდე, მაგრამ ამ შეხვედრაში მეორე შოკიც ვნახეთ – მატჩი ფრედ დასრულდა.
“ალბასენტემ” ერთი გოლი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაქვითა. დიდი არაფერი. ხდება ხოლმე. უბრალოდ, მანიშნებელი იყო იმისა, რომ ბარსა მოეშვა. გავიდნენ გასახდელში და თითქოს უფრო დაქოქილები უნდა გამოვარდნილიყვნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ბარსას ფეხბურთი აღარ უთამაშია, “ალბასენტემ” კი 78-ე და 87-ე წუთებზე ორი გოლი შეაგდო. ბოლო გოლი ისევ ხოსე-ლუის სალაზარმა შეაგდო, შორი მანძილიდან, საერთოდ, კარგი ფეხბურთელი იყო.
ჰოდა ასე, ეს სასწაული თამაშიც ჩავლილია.
ხარობს აღმოსავლეთ ევროპა
ხო, ეგეთი დრო იყო, ბარსაში აღმოსავლეთევროპელებმა მოიყარეს თავი და კი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ დიდად ვერ გაამართლეს. რომ გაემართლებინათ კრუიფს წასვლა კი არ მოუწევდა. თუ ვინმემ გაამართლა ხრისტო სტოიჩკოვი იყო. აი, ჰაჯიზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები და შეცვალა მიქაელ ლაუდრუპი, ვერ შეცვალა, სხვა უნარები ჰქონდა, ყუმბარა ჰქონდა მარცხენაში, მაგრამ ლაუდრუპის მსგავსი ინტელექტი და პასი ნამდვილად არ ჰქონია. ვერც პოპესკუმ დატოვა დიდი სახელი, არადა, კარგი ფეხბურთელი იყო და კაპიტნის სამკლავურიც კი მოურგია. პროსინეჩკი? უჰ, კიდევ ერთი გადასარევი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონელებს” დიდად არ ახსოვთ.
მოკლედ, ’95 წელია. აღმოსავლეთ ევროპას მიაქვს “ბარსელონა”. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, ჩათვალეს, რომ ნიჭისა და ტალანტის ქარი აღმოსავლეთიდან უფრო დაუბერავდა და მოყარეს ეს ხალხი კლუბში. ამ დროს შეხვდა ბარსა “ალბასეტეს” და 3:0 დაამარცხა. სამივე აღმოსავლელების ანგარიშზეა – პირველი ჰაჯიმ შეაგდო, მეორე პოპესკუმ, მესამე პროსინეჩკიმ. და თავდასხმაში არ გაინტერესებთ ვინ ჰყავდათ? მეჰო კოდრო! (პირველად გავიგე დედასვფიცავარ) იცით სადაური იყო? ბოსნიელი.
გოლები აქაც ზღაპრული გავიდა. ჰაჯიმ მესის სტილში შეაგდო, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რბილი დარტყმით გადაავლო ბურთი თავზე. პოპესკუმ და პროსინეჩკიმ თითქმის ტყუპი გოლი გაიტანეს – მოედნის ცენტრიდან დაიძრნენ დიაგონალურად, ჩამოიტოვეს 2-3 მცველი და დაბალი დარტყმით შეაგდეს. კრუიფს მოეწონა რასაკვირველია, თავადაც ხომ ასეთი გოლები გაჰქონდა.
რონალდინიოს გარეშე – კუარეჟმა და დავიდსი
აქ რა ხდება? რა ხდება და 2003/04 წლების სეზონია. მეორე ნახევარი, ესე იგი, ბარსას უკვე აწყვეტილი აქვს და ვერ აჩერებენ, იგებს და იგებს. დავიდსი უკვე მოსულია, რაიკაარდმა გუნდი 4-3-3 ზე გადააწყო და მოუხდა, ვაჰ, როგორ მოუხდა. მაგრამ, “კამპ ნოუმ” ერთი ცუდად ამოიღვნეშა, რონალდინიო დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებოდა, ეგრე ხო ზეიმიც ვერ შედგებოდა, ამიტომ, სტადიონი არ გაივსო, თანაც წვიმდა ეს ოხერი. მაგრამ ბარსამ მაინც ისე ითამაშა, რომ ზეიმი შედგა. ბრაზილიელი ჯადოქარი არა, მაგრამ იყო კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჯერ კიდევ ძალიან ახალაზრდა, რომელსაც ასევე შეეძლო ძალიან ლამაზად თამაში. რონის არყოფნაში შანსი მიიღო და გამოიყენა – რაკარდო კუარეჟმამ “ბარსელონური” კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ბარსამ 5:0 მოიგო და როგორც მაშინდელი კომენტარებით ვიგებთ, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაუტარებია. ანგარიში მე-15 წუთზე ჩავიმ გახსნა. რიკოშეტი წაეხმარა, დიდი რიკოშეტი. მეკარე ერთ მხარეს გაიქცა, ბურთი მეორე მხარეს შევარდა. სულ ეგ იყო, პირველ ტაიმში მეტი არ გასულა, აი, მეორე ტაიმში არ ჩავარდნილა “ალბასეტე” კარგ დღეში.
49-ე წუთზე სავიოლამ ორამდე გაზარდა ანგარიში. მეორე ცდაზე, ჯერ თავი დასცხო და მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი აღარ გასჭირვებია გატანა. აი მერე კი როგორც იქნა გაიტანა გოლი რიკარდო კუარეჟმამ, დიდხანს ელოდა “კამპ ნოუ” ამ მომენტს, საერთოდ, მაგრად გულშემატკივრობდნენ ამ ფეხბურთელს და ძალიან ბევრსაც ელოდნენ მისგან, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა, აი ეს გოლი კიდევ გამოვიდა, თანაც, ძალიან ლამაზი. ჩამოიცილა მცველი, ერთი კარგად შეისწორა და შორი მანძილიდან შეაგდო. მე კი ვიფიქრე ამ დროს რომ ეგ არის, ეს ბიჭი მოუმატებს-მეთქი, და არც შევმცდარვარ, მოუმატა, ოღონდ უკვე სხვა გუნდში.
ორ წუთში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა. კიდევ ერთმა ახალწვეულმა გამოიჩინა თავი – ედგარ დავიდსმა. შემოევლოს თავი ჩემი. ასეთ მოკლე დროში როგორ შეგვაყვარა თავი? იმით, რომ დავიდსი ყოველთვის ბარსას ტიპის ფეხბურთელი იყო, აუცილებლად უნდა ეთამაშა ბარსაში, მაგრამ სულ სხვაგან იარა, სულ სხვა გზით, ეჰ, უმაგრესი კარიერა ექნებოდა “ბარსელონაში”. გოლიც კარგი შეაგდო, ბურთი კარგად დაამუშავა და მისთვის უჩვეულოდ მარჯვენა ფეხით შეაგდო.
ბოლო გოლი კი ლეგენდამ შეაგდო, რომელიც ბოლო სეზონს ატარებდა “ბარსელონაში” – წერტილი ლუის ენრიკემ დასვა.
დიდი ისტორიის დასაწყისი – რონი & მესი
და ბოლოს, მეხუთე, მთავარი მიზეზი რატომაც უნდა გვახსოვდეს “ალბასეტე”. ეს ხომ ის კლუბია, რომელსაც ლიონელ მესიმ თავისი პირველი გოლი გაუტანა. ისედაც, განსაკუთრებული გოლი იყო. სიმბოლიზმით სავსე. რონალდინიოს გენიალური პასით გაჰყავს დასარტყმელად, მესი თავზე უგდებს მეკარეს, აშკარად გოლია, მაგრამ მსაჯი არ თვლის, ასე უნამუსოდ. პატარა ლეო ცრემლებამდე მიდის. მაგრამ გადის რამდენიმე წუთი, რონალდინიოს ისევ გენიალური პასით გაჰყავს მესი პირისპირ, მესი ისევ თავზე უგდებს მეკარეს და ამჯერად მსაჯიც უძლურია, მესიმ განაცხადი გააკეთა – რაც გინდათ ის ქენით, მე მაინც გავიტან, სადაც მინდა, როცა მინდა, და როგორც მინდაო.
მატჩი ბარსამ 2:0 მოიგო. პირველი გოლი სამუელ ეტო’ომ შეაგდო. სეზონის ბოლოს კიდევ კუთვნილი თასიც ჩაიბარეს. ლა ლიგის თასი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ. მაშინ რონალდინიო უფრო ბრწყინავდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს დიდი მშრალი სერია, მესის გამოჩენასთან ერთად დასრულდა. მართლა მესიაა ჩვენი ლეო.
საინტერესო იყო
რავიცი მესი რო მესიაა ამაზე ნორმალური ხალხი აღარ დავობს, მე მგონი მსოფლიოში მარტო რონალდუ დარჩა რო არ ჯერავს.
ყველაზე კარგი მომენტი იყო როცა მესიმ პირველი გოლი გაიტანა და სტოიჩკოვმა პროკერი შეასრულა.