workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კლასის ხარჯზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კლასის ხარჯზე

   კიდევ ერთი კარგი მატჩი, კიდევ ერთი რემონტადა. “ბარსამ” “ოვიედო” გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. თავდაპირველად დანაკლისზე უნდა ითქვას – გუნდს ბალდე აკლია და მის ნაცვლად მარტინი თამაშობს, ვერ ვიტყვით რომ კარგ ფორმაშია. დიდი ხნით გამოგვაკლდა გავი, რომელიც მარტივ ტრავმებს არ იღებს, თუ დაშავდა საქმე ყოველთვის სერიოზულად არის, წესიერად დაბრუნებაც ვერ მოასწრო, თითქოს ჩაება ძირითადისთვის ბრძოლაში და ისევ დიდი ხნით მოუწევს დასვენება. ტერ შტეგენზე უკვე აღარავინ ფიქრობს, არ იყო არც ფერმინ ლოპესი და შეტევაში ლამინე იამალიც მოვისაკლისეთ. მის გარეშე თამაში მართლა რთულია. 

თუმცა, ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ ამ ფორმაციის “ბარსელონაში” ზედმეტი არავინ არის, ასე იქცა “ბარსა” ისევ კონკურენტუნარიან გუნდად, აბსოლუტურად ყველა ტურნირზე. ტრანსფერი იქნება თუ ლა მასიადან დაწინაურება, თუ ვინმე მთავარ გუნდში მოხვდა, ესე იგი, სარგებლის მოტანაც შეუძლია. 

წაგებული ტაიმი 

დაცვამ კარგად ითამაშა, ეს რონალდ არაუხოს საუკეთესო მატჩი იყო ალბათ ბოლო სამ წელიწადში. არც ჟოან გარსიას ჰქონდა ბევრი საქმე, მაგრამ ერთ მომენტში თავად მოიგონა გოლი საკუთარ კარში. დამაჯერებლად გამოვიდა და მერე ისე ითამაშა, როგორც “ბარსას” მეკარე უნდა თამაშობდეს, ზონებს შორის პასი გადაწყვიტა და არა აუტში ბურთის გადაგდება. შეცდა, მაგრამ მერწმუნეთ, შემდეგ ჯერზეც პასით გადაწყვეტს თამაშს, იმიტომ, რომ “ბარსა” ასე თამაშობს. შეგვახსენა რომ ადამიანია. რაც სეზონი დაიწყო პირველი შეცდომა დაუშვა და მგონია, რომ ამ შეცდომით უფრო გაზირდება. 

არ მომეწონა კასადო, არც მე, არც ფლიკს და არც ჟოან გარსიას. ვერ ჰქონდა კარგი მატჩი. ასე თუ გააგრძელა მესამე ოფციის მოთამაშე გახდება და ღრმად დამკვიდრდება სათადარიგო სკამზე, ძირითადის მოთამაშე ისედაც ფრენკი დე იონგია, კასადოს კონკურენტად კი მარკ ბერნალი დაბრუნდა. არ აპირებს ის ბიჭი ასე უსაქმოდ ყოფნას. კასადოსთან ერთად ძალიან ცუდი იყო დანი ოლმოც. ისიც აგებს პოზიციებს ფერმინთან, ახლა მიეცა შანსი და ქარს გაატანა. თითქოს სიმშვიდე აქვს დაკარგული, ადრე მის ასეთ მდგომარეობას რეგისტრაციის პრობლემას ვუკავშირებდით, როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ოლმო ისევ დაკარგულია. 

პირველ ტაიმში “ბარსას” შეტევები ვერ იყო შედეგიანი, არც დიდად აზრიანი ყოფილა, თუმცა, მომენტები მაინც შეიქმნა, აქტიურობდა მარკუს რაშფორდი, ხშირად ურტყამდა კარისკენ და კარშიც მოარტყა რამდენჯერმე, მაგრამ მეკარემ აჯობა. რაფინიას დარტყმული კი ძელს მოხვდა, ისევ ასე მოულოდნელად, არაფრიდან გაჰქონდა გოლი, მაგრამ არ გაუმართლა. აი, ფერანი ყველაზე მეტად იყო ჩრდილში. და როგორც ყოველთვის, ფლიკმა ზუსტ დროს, ზუსტი ცვლილებები გააკეთა. 

კლასი მუდმივია 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოვიდა მოედანზე ფრენკი დე იონგი, რომელმაც მთლიანად შეცვალა სათამაშო სურათი, “ბარსამ” ბურთი ბოლომდე გააკონტროლა და შეტევებიც უფრო აზრიანი გახდა. ანგარიში 56-ე წუთზე ერიკ გარსიამ გაათანაბრა, დამატებაზე ივარგა, მანამდე ფერან ტორესი ურტყამდა ვარდნაში, კარგი ეპიზოდი იყო, რუდ ვან ნისტერლოის მსგავსად გაწვა და ლამაზი გოლიც გაჰქონდა, მაგრამ ისევ მეკარემ ივარგა, მერე ძელს მოხვდა და გარსიამ შეაგდო. სხვათა შორის, გამოირჩევა ამით, საჭირო დროს, საჭირო ადგილს ყოველთვის პოულობს. 

70-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გუნდი წინ გაიყვანა, ფრენკი დე იონგის ზუსტი ჩაწოდების მერე ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, რამდენს ცდილობს ფერან ტორესი და რა მარტივად აკეთებს ყველაფერს რობერტ ლევანდოვსკი. ცოცხალი ლეგენდა. ამ სეზონში დრო შეუმცირდა, მაგრამ მერამდენედ ახერხებს თამაშში გარდატეხის შეტანას. ეს ალბათ მისი ბოლო სეზონია, რა თქმა უნდა, ძალიან მონდომებულია. 

მესამე გოლი კი რონალდ არაუხომ შეაგდო, თავით, კარგი გოლი გამოვიდა. გარდა გოლისა, მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა, სხვათა შორის, მომეჩვენა რომ წონაც აქვს დაკლებული. ცენტრშიც კარგად დადგა, ხანდახან გარსიას პოზიციას უცვლიდა და ფლანგზეც დარბოდა. მოკლედ, იბრუნებს ფორმას ნელ-ნელა. 

ახლოვდება სენ ჟერმენი 

მომდევნო მატჩს “ბარსა” “სოსიედადთან” გამართავს, მერე კი ჩემპიონთა ლიგის ჯერი მოვა და პარიზელებთან ვითამაშებთ. ჩამოვა კვარა, დემბელე, ენრიკე და ასე შემდეგ. მაგრამ არა “კამპ ნოუზე”, ჯერ ადრეა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 28 სექ 2025, 01:47
    #2

    ციტატა: პენდრაგონი
    კარგი თამაში გვქონდა


    მეორე ტაიმში კი, თურმე დე იონგს რამხელა გავლენა ქონია ცენტრში.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 სექ 2025, 07:23
    #1

    კარგი თამაში გვქონდა