რა მოლოდინი გვქონდა? რას ველოდით? პირველ რიგში, რაშფორდის სასტარტოს, ველოდით მის კარგ თამაშს, ველოდით მის გოლებს, იქნებ მიყვეს და მიყვეს, იქნებ ტემპი არ დააგდოს და იქცეს ძირითადის წევრად?! ასეთი შანსი მიეცა იამალის არყოფნაში, ამ გაავებულ, გაცხოველებულ კონკურენციაში. და რას აკეთებს მარკუსი? ვარჯიშზე იგვიანებს. თავის შანსს ქარს ატანს და გვახსენებს რომ ცოტა არასერიოზული ტიპია. ეს ერთი მომენტი მთელ მის კარიერას ასახავს – ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეს, უბრალოდ ეძინება.
წესი წესია – ვინც აგვიანებს სკამზე ჯდება. ეს წესი თუ კუნდესა და რაფინიას ეხება, მით უმეტეს, რაშფორდსაც შეეხება. ფლიკისთვის გამონაკლისები არ არსებობს. წარმომიდგენია როგორ სურდა რაშფორდის დაყენება ძირითადში და როგორ გაუცრუვდა იმედი მისი საქციელის შემხედვარე.
კარგი გაკვეთილია.
ფერანი შანსებს იყენებს
რაშფორდმა სკამიდან უყურა როგორ შეირგო ფერან ტორესმა ადგილი ძირითადში. ისედაც კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ჯერჯერობით, კარგად დაიწყო სეზონი. რა თქმა უნდა, მომენტებსაც ანიავებს, სხვაგვარად ამ კაცთან არ გამოდის, მაგრამ იმაზე მეტად მოტივირებული მომეჩვენა, ვიდრე ინგლისელი არის ხოლმე. კარგი გოლები შეყარა პირველ ტაიმში, ორივე ლამაზი იყო, ორივე კარგი კომბინაციის შედეგად შეაგდო. სამსვლიანი დაიზახა – რაფინია, ოლმო, ტორესი. ბრაზილიელმა კარგად შენიშნა ცარიელ ზონაში შემორბენილი ოლმო, რომელმაც ქუსლით დაუტოვა ტორესს და ამანაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში შეაგდო. გოლი კარგია, ფლიკი კმაყოფილია.
მეორე გოლი კი კონტრშეტევის მასტერკლასია, სანამ “ხეტაფე” მტელი ძალით უტევდა, ერთი გრძელი პასით ყველაფერს წერტილი დაესვა, რაფინიამ ტორესი ერთ-ერთზე გაიყვანა და ამანაც სწორ დროს, ზუსტად დაარტყა. რას იტყვი მარკუს? მე მგონი არ უნდა დაგეგვიანებინა ჯიგარო.
იამალი ისვენებს, მკურნალობს, აი პედრი კიდევ აგრძელებს წარმოდგენების დადგმას და დღეს უკვე ოქროს ბურთის დაჯილდოებაა. როგორც ხმები გავრცელდა ჯილდოს რონალდინიო გადასცემს გამარჯვებულს. ეს კიდევ უკვე დასტურია, რომ ოქროს ბურთი ან პარიზში წავა, ან ბარსელონაში. ან დემბელე, ან რაფინია. რონალდინიო ხომ რაფინიას ოჯახის წევრია ფაქტობრივად, მაგრამ ამავე დროს პარიზში უთამაშია და სხვა ვინ უნდა გასცეს ეს ჯილდო.
ისე კი, კულუარულად ითქვა რომ დემბელეს მოუგია. წარმოუდგენელია და დღეს ალბათ ფაქტად იქცევა.
ტაიმის მიწურულს ჯერ ლევანდოვსკის ჰქონდა შანსი, რომელიც ცოტა ალბათ გაღიზიანებულიც არის, რომ ფერანს მასზე მეტი გააქვს, ბოლოს კიდევ ტორესს პირველივე ტაიმში შეეძლო ჰეთთრიქის შესრულება, მაგრამ ფერანი რისი ფერანია.. ხარიხას გაარტყა. არადა, ჰეთთრიქს სულ სხვა სიტკბო მოაქვს ფეხბურთელისთვის.
მიდი ჰა, ჯანდაბას შენი თავი
მეორე ტაიმის დასაწყისში მარკუსი გამოვიდა, თითქოს რაფინიას ყვითელმა ბარათმაც შეუწყო ამაში ხელი, ფლიკმა ასე თქვა ყოველ შემთხვევაში. მარჯვენა ფლანგზე დადგა, მარკუსს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. უკვე 62-ე წუთზე გოლი გააკეთა, პედრიმ იდეალური პასით გაიყვანა ხელსაყრელ სიტუაციაში, მისთვის ხომ ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა, ბოსტონის ფილიალისა არ იყოს, მარკუსმაც ჭკვიანურად ითამაშა, სივრცე მოიგო და სწორ ზონაში პასი გააკეთა, ლევანდოვსკი ვერა, მაგრამ ოლმო დახვდა ამ ბურთს და ანგარიში სამამდე გაზარდა. ჩაიწერა მარკუსმა საგოლე პასი, ოლმომ გოლი. ორივეს სჭირდებოდა, ორივე აგებს ბრძოლას ძირითადისთვის. თუმცა, სეზონი დიდია და ფლიკმაც ზუსტად იცის ვინ როდის უნდა გამოიყენოს.
სულ რაღაც ოთხ წუთში ამ გოლიდან რაშფორდი წავიდა გარღვევაზე, ორ ფეხბურთელს შორის გაიარა და მარცხენა ფეხით კარშიც დაარტყა, მცირე რიკოშეტი თითქოს წაეხმარა, მაგრამ მეკარემ მაინც შეძლო მოგერიება. საერთოდ, მონდომებული ჩანდა, თითქოს მიხვდა თავის დანაშაულს და ასეთი თამაშით ფლიკს უთხრა მეტს აღარ ვიზამ, ნუ გამწირავო.
უკვე დამატებულ დროში მარკუსს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, ამჯერად მარცხენა ფლანგიდან უტევდა, მარჯვნივ რუნი გამოვიდა, ისევ ისეთ სტილში შეიგდო ბურთი, ცენტრისკენ, ისევ კარში დაარტყა, ისევ რიკოშეტი იყო და ისევ სორიამ მოიგერია. არ გაუმართლა მოკლედ, ვერ შეაგდო ბურთი, ბევრს ეცადა, ძალიან უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ეგ არაფერი, სხვა დროს გამოვა, თუ არ დაგეძინა.
არაშენდა
დავიტანჯეთ ძმაო, სტადიონი სად არის?!
ხან სად ვთამაშობთ, ხან სად..
გავიგეთ, რომ ღამით სამუშაოები აკრძალეს, მეზობლები ჩივიან, გავიგეთ, რომ ის კომპანია, რომელიც სამშენებლო ინვენტარის მოწოდებაზე იყო პასუხისმგებელი გაკოტრდა, გავიგეთ, რომ არქიტექტორი შოკშია, მაგრამ საკმარისი დრო გავიდა, “კამპ ნოუ” ჩაგვბარდეს ბიჭო – ასე ჩივიან თურმე ფანკლუბის ლიდერები, ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან ლაპორტას, პრეზიდენტი კიდევ გულებით პასუხობს.
გაიხარე ჟოან!
მომდევნო მატჩი “ოვიედოსთან”, გასვლაზე.
ოვიედოსთან ამოსუნთქვის საშუალება გვექნება
კარგი თამაში გამოვიდა ნამდვილად, წინა სეზონში რა სტაბილურობაც ღრმა შემადგენლობის არარსებობის გამო გვკალდა, გამოსწორებულია!
არაშენდაზე ხმით გამეცინა
პსჟ-სთან მატჩს ველოდები მოუთმენლად.
არა მონჟუიკზე იქნება.
ეტყობა მარკუსს ქართული ანდაზა: "ადრე ამდგარსა ყურდღელსა ვერ დაეწევა მწევარიო", არ გაუგონია და ამიტომაც დააგვიანა.
მონჟუიკზე იქნება პსჟ-სთან თამაში
პსჟ სთან არ იქნება კამპ ნოუ?