ყველა კლუბს აქვს განსაკუთრებული ნომერი, დიდი ფეხბურთელები ქმნიან ხოლმე ნომრის ისტორიას და ხანდახან აუქმებენ კიდეც პატივისცემის ნიშნად. იტალიაში განსაკუთრებით უყვართ ეს ამბავი, მე კიდევ დიდად არ მომწონს ნომრის გაუქმების ტრადიცია. თუ რატომ, ამ სტატიაშიც ნათელი გახდება, თუ ვინმე იმსახურებდა სათამაშო ნომრის შენახვას პირველ რიგში ლიონელ მესი იყო, მაგრამ ნუთუ, ამაზე მეტად ახლა ის არ გაგვახარებს, რომ იამალი მოირგებს მესის 10 ნომერს?! ნუთუ, განსაკუთრებით არ გავიხარეთ, როცა მესიმ მოირგო რონალდინიოს ნომერი, რონალდინიომ რივალდოს ნომერი, რივალდომ რომარიოს და ა.შ.
ეგ არის, ასე ყალიბდება ტრადიცია.
ანსუ ფატის წასვლა “მონაკოში” გადაწყვეტილი ამბავია, იწერება, რომ იჯარა გაფორმდება, გამოსყიდვის უფლებით. ამჟამად ფატის ეკუთვნის 10 ნომერი და იამალი გადაიბარებს, რომელმაც ნიკოს შეტყობინება გაუგზავნა – “მე ათიანს ავიღებ და ჩემი ნომერი შენი იყოსო”.
ახლა კი გადავავოთ თვალი მაინც რატომ არის “ბარსასთვის” ასეთი მნიშვნელოვანი ეს ნომერი. იმ ხალხზე უფრო ვრცლად დავწერთ, ვისზეც იშვიათად ვწერთ ხოლმე.
El Rompe Redes – დოქტორი ალკანტარა
1896 წლის 7 ოქტომბერს ესპანეთის კოლონიური ჯარის ოფიცერ ედუარდო ალკანტარასა და ფილიპინელ ვიქტორიანა კამილიანს ვაჟი შეეძინათ, დაარქვეს პაულინიო და არც უფიქრიათ რომ ფეხბურთელი გახდებოდა, რადგან იმ დროს იშვიათად თუ თამაშობდა ვინმე ფეხბურთს. დედა ექიმი, მამა სამხედრო, პაულინიო ექიმიც გახდა, სამხედროც და ფეხბურთელიც. ფილიპინებიდან ბარსელონაში 1899 წელს ჩავიდნენ, ზუსტად იმ წელს, როცა ჟოან გამპერმა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” დააარსა. 1912 წელს გამპერმა 15 წლის ალკანტარა კლუბში მიიწვია და აქედან სულ სხვა ისტორია იწყება, ჯერ კიდევ ბავშვმა, სულ რაღაც 15 წლისამ, სადებიუტო შეხვედრაშივე ჰეთთრიკი შეასრულა, სამი გოლი შეაგდო მეორე და მესამე შეხვედრაშიც. როგორც დაიწყო ისე გააგრძელა, “ბარსელონური” კარიერის ბოლოს მის ანგარიშზე 399 მატჩში 395 გოლი იყო.
1916 წელს ალკანტარა მშობლებთან ერთად ფილიპინებზე დაბრუნდა, სამედიცინოზე ჩააბარა და ფეხბურთის თამაშიც განაგრძო. ითამაშა ფილიპინების ნაკრებში და მცირე დროში დიდი სახელიც დატოვა. იაპონიაში მასპინძელი გუნდი 15:2 დაამარცხა. ეს დღემდე სარეკორდო გამარჯვებაა ფილიპინებისთვის. “ბარსას” გაუჭირდა პაულინიოს გარეშე და დაბრუნების თხოვნით წერილიც გაუგზავნეს, მაგრამ მშობლები ჯიუტად ითხოვდნენ მისგან კოლეჯის დამთავრებას. ალკანტარა მალარიით დაავადდა და მკურნალობაზე იქამდე ამბობდა უარს სანამ ბარსელონაში დაბრუნების თანხმობა არ მიიღო. დაბრუნდა შეცვლილი, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად, ფიზიოლოგიის შესწავლამ კუნთოვანი მასის განვითარების საშუალებაც მისცა, ამ დროს კი ისეთ ლეგენდებს დაედო სათავე, როგორსაც საბჭოთა კავშირში ჰყვებოდნენ ხოლმე – “ალკანტარამ ბადე გახია! ალკანტარამ ერთი დარტყმით კარში მდგარი პოლიციელი მოკლა!” (საბჭოთა მაიმუნი ესპანეთში პოლიციელმა ჩაანაცვლა) ასეც შეარქვეს – El Rompe Redes (ბადის გამხევი)
1927 წელს 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, კოპა დელ რეი ხუთჯერ, ხოლო კატალონიის ჩემპიონატი ათჯერ მოიგო. ბუცები ჩამოკიდა და თეთრი ხალათი ჩამოხსნა. მუშაობდა ექიმად, ფეხბურთსაც მიუბრუნდა მწვრთნელის რანგში, თუმცა, ყველაზე რადიკალური ცვლილება მაინც სამოქალაქო ომმა მოიტანა, ალკანტარა გენერალ ფრანკოს ბანაკში აღმოჩნდა, სამედიცინო უნარების გამო მალევე დააწინაურეს ლეიტენანტად, მოგვიანებით კი “შავი ისრების” წევრი გახდა, (შერეული რასის ბრიგადა) რომელიც ბენიტო მუსოლინისგანაც იღებდა დირექტივებს. 1939 წელს ფრანკოს არმიამ ბარსელონა აიღო, სამოქალაქო ომი დასრულდა, არმიას ქალაქში ალკანტარა შეუძღვა იარაღით ხელში. ისევ იქცა გმირად, ოღონდ ნაციონალისტებისთვის. მოგვიანებით გახდა ფრანკოს პარტიის წევრი და გახსნა თავისი კლინიკა. არც კლუბს ჩამოსცილებია, ერთხელ ტექნიკურ დირექტორადაც იმუშავა, 67 წლის ასაკში კი ანემიით გარდაიცვალა. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრივი ცხოვრებისა, ალკანტარა დღემდე “ბარსელონას” ლეგენდად ითვლება. 2007 წელს ფიფამ ყველა დროის საუკეთესო აზიელ ფეხბურთელად დაასახელა.
მოდი გავძვარცვოთ გენერალი – კუბალას ამბავი
ადრეც დაგვიწერია ამ ამბის შესახებ, “ბარსას” კიდევ ერთი ლეგენდა ჟოზეპ სამიტიერი გენერალ ფრანკოსთან დაახლოვებული კაცი იყო, ხშირად აძლევდა რჩევებს და თავადაც სარგებლობდა მასთან მეგობრობით. კუბალაც ასე აღმოჩნდა “ბარსელონაში”. ჯერ წითელი უნგრეთიდან იტალიაში გაიქცა, მერე ესპანურ ტურნეში ჩავა სადაც მადრიდელებს მოეწონებათ და მის დატოვებას გადაწყვეტენ, მაგრამ საქმეში სამიტიერი ჩაერევა, გენერალს ასეთ რამეს შესთავაზებს – კუბალა დაგვითმე და ანტიკომუნისტურ ფილმს გადავაღებინებ მის შესახებო. გენერალი ვერ იტანდა კომუნისტებს და დათანხმდა, სამიტიერმა მართლაც გაუწია პროდუსინგი ფილმს – Los ases buscan la paz. (ვარსკვლავი მშვიდობის ძიებაში). სხვათა შორის, იუთიბზე შეგიძლიათ ფილმის ნახვა. კუბალა თავად თამაშობს თავისივე თავს.
თუმცა, უნგრელმა ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყო მალე გენერალი დასაცინი გახდა, ხშირად ისმოდა ქალაქში – “სამიტიერმა გენერალი გააცურაო”, აბა ამას ვინ აპატიებდა? შურისძიების დრო სამი წლის მერე დადგა, როცა “ბარამ” დი სტეფანო დაიბევა, მაგრამ საქმეში ფრანკო ჩაერია და არგენტინელი “ბარსას” წაართვეს, ეგრე გაქვითა გენერალმა სამიტიერის ტრიუკი.
მიუხედავად ასეთი ფეხბურთელის დაკარგვისა, “ბარსას” არცერთი წამით არ უნანია, კუბალა კლუბის ლეგენდა გახდა და მის სანახავად იმდენი ხალხი დადიოდა “კამპ ნოუს” მშენებლობაც კი დააჩქარეს. მის მიმართ სიყვარული და პოპულარობა მასზე გადაღებულმა ფილმმაც განაპირობა. ბევრი ნომოერი მოურგია – 8, 9, 10, რატომ და რისთვის იცვლიდა ნომრებს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რადგან ათიანიც ჩაუცვამს, ესე იგი, სახსენებელი კაცია.
აქვე ვთქვათ, რომ მის პერიოდში ათი ნომრით ლუის სუარესსაც უთამაშია. მცირე ხნის წინ ინტერვიუც ვთარგმნეთ, სადაც სუარესი იხსენებდა ხალხს მე და კუბალა კონკურენტები ვეგონეთ და ამის გამო მისტვენდნენო.
მოვლენა ბარსელონაში – დიეგო მარადონა
იმ შეხვედრაში სადაც დიეგოს ტაში დაუკრეს მადრიდელებმა, მისი მისამართით რაღაც ძალიან დიდი და მძიმეც მიფრინავს. კიდევ კარგი ვერ გაარტყეს. ტაშთან ერთად ლანძღეს კიდეც. მარადონას ცხოვრებაც ეგეთი იყო – ტაში და ლანძღვა. ერთი მხრივ შეეძლო ყველა დროის საუკეთესო გოლი შეეგდო, მეორე მხრივ კი ხელით გაეტანა. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთის ინტერვალში. შეეძლო დაუვიწყარი ფეხბურთი ეთამაშა და მერე კლუბის მუზეუმი დაელეწა, ყოფილიყო ყველაზე მშრომელი მოედანზე და ამავე დროს კოკაინიც გაეყნოსა ბარსელონის ღამის კლუბებში.
დიეგო ალბათ ერთადერთია, რომელმაც ფეხი მოიტეხა და უკეთესი გახდა. საერთოდ, როგორ არის ეს შესაძლებელი? მესიმაც მოიტეხა ტერფი “სელტიკთან” მატჩში, მაგრამ დიეგოს მოტეხილობა გაცილებით მძიმე იყო. თავად იხსენებს, ძვალი რომ გადატყდა ამის ხმაც კი გავიგე, შეშის გაპობის ხმასავით იყოო.
სულ რაღაც ორი წელი დაჰყო “ბარსელონაში”, მაგრამ არა და არ დასცალდა თამაში, ჰეპატიტის, მოტეხილობისა და ღამის ცხოვრების გამო. მერე ისე იჩხუბა მოედანზე, რომ ესპანეთში კარგა ხანს ვეღარ გავიდოდა სათამაშოდ, ამიტომ, სხვაგან წასვლა გადაწყვიტა, ნუნიესის ატანაც არ ჰქონდა. ამ ყველაფრის მიღმა კიდევ დიდი ფეხბურთი იყო, ნაკლები ხარისხით კი არ უთამაშია “ნაპოლისთან” შედარებით? უბრალოდ ამ სკანდალებით დაიჩრდილა მისი ფეხბურთი.
80-იანებში იყო კიდევ სამი დიდი ათი ნომერი – ალან სიმონესენი, სტივ არჩიბალდი და გარი ლინეკერი, მაგრამ მგონია, რომ ამ სიაში მოსახვედრად მათი “ბარსელონური” კარიერა საკმარისად მაგარი ვერ იყო.
გაელვება – რომარიო
11 ნომერი სურდა თავად, რა ჯანდაბად მინდა ათიანი, აგერ, ლაუდრუპს მიეცითო, მაგრამ კრუიფმა დაიჟინა მინდა რომ ათიანი შენ გეცვასო. ჩემს გუნდში ამ ნომრით საუკეთესოები თამაშობენო, თქვა იოჰანმა და დაითანხმა ბრაზილიელიც. დაიწყო და რა დაიწყო.. ეგეთი მაგარი აქამდე არაფერი უნახავთ, სასწაული ფეხბურთი ითამაშა რომარიომ და ზღაპრული გოლებიც შეყარა, თან ძალიან ბევრი შეაგდო, მაგრამ სულ რაღაც ერთნახევარი სეზონის მერე კლუბს დაემშვიდობა. ეგეთი კაცი იყო რა.. უცნაური. ამ დროს ახალგაზრდაც აღარ ყოფილა, პსვ-ში ძალიან დიდი დრო დაჰყო, მისი დონის ფეხბურთელს გაცილებით დიდი საკლუბო კარიერა უნდა ჰქონოდა.
მისი გატანილი გოლები “ატლეტიკოსა” და “რეალის” კარში, არათუ “ბარსელონას” ისტორიაში, არამედ, ყველა დროის საუკეთესო ათეულშიც კი მოხვდება.
90-იანების დასაწყისში ათი ნომერი სხვადასხვა სეზონებში მოურგიათ სტოიჩკოვს, მიქაელ ლაუდრუპს, პეპ გვარდიოლსა და ბაკეროს, მაგრამ სტოიჩკოვი უმეტესად 8 ნომრით თამაშობდა, ლაუდრუპი 9 ნომრით, გვარდიოლა 4, ხოლო ბაკერო 6 ნომრით.
კარპატელი მარადონა – გეორგი ჰაჯი
ლაუდრუპის შემცვლელად მოიყვანეს და მისი ბედი გაიზიარა, “რეალშიც” ითამაშა და “ბარსაშიც”. მე “ბარსელონაში” უფრო მომწონდა, მაგრამ აბა მე ვინ მეკითხება, გაუშვეს მაინც რუმინელი. რაღაცა სხვა ფეხბურთს თამაშობსო. იცით ვის ჰგავდა? რიკელმეს. უბრალოდ, დაბალი იყო და ცაცია. ეგეთივე შენელებული, მაგარი ტექნიკით, მაგარი პასითა და აზროვნებით, აი, დარტყმა ბევრად უკეთესი ჰქონდა, საერთოდ, მსგავსი დარტყმის მქონე ფეხბურთელი აღარც შემხვედრია, ასეთი დაყენებული, სიზუსტისა და ძალის თვალსაზრისით. ამის ხარჯზე ულამაზესი გოლებიც აქვს შეყრილი, მათ შორის, ბრწყინვალე ჯარიმებიც. განსაკუთრებით “სევილიას” კარში.
თუმცა, პირველი რაც მახსენდება მისი გოლია “სელტას” კარში. ნისლი იყო იმ დღეს, არაფერი ჩანდა, მსაჯს ეხვეწნენ გადავდოთო და იმან არაფრით არ ქნა, ჰოდა, გაუგორეს ცენტრში ჰაჯის ბურთი და ამანაც ეგრევე კარში გააქანა. კამერაზე არაფერი გაირჩევა, მაგრამ თვალმა გაარჩია, რომ გოლი გავიდა.
მომეცით ათიანი – რივალდო
90-იანებში 10 ნომრით უთამაშიათ ჯოვანისა და ლიტმანენს. რივალდომ გვიან ჩაიბარა თავისი ნომერი. აბა ჯოვანისთან მეგობრობდა და მას ხომ არ ეტყოდა ნომერი დამითმეო, მაგრამ, ჯოვანი რომ გაუშვეს და ეს ფინელი კაცი მოიყვანეს და ათიანი მისცეს აი აქ მაგრად აიჭრა, თუმცა, უთქმელი კაცი იყო, შრომობდა თავისთვის და იყო ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მერე როგორ იქნა დაითრია ათიანი, შეიწია ცენტრში და დაიწყო სიამოვნებით თამაში.
იმდენჯერ დაგვიწერია ამ კაცზე აბა ახალი რაღა უნდა დავწეროთ, დავიწყებულ ძველსაც ვეღარ დავწერთ, რადგან მისი გაკეთებული დავიწყებას არ მისცემია, აბსოლუტურად ყველაფერი გვახსოვს.
აქ რას ვაკეთებ? – ხუან რომან რიკელმე
ყურადღება არ მიმიქცევია და მცირე ხნის წინ შემხვდა მისი კომენტარი, მესის აღნიშვნაზე. გემახსოვრებათ მსოფლიო ჩემპიონობის გზაზე არგნტინამ რომ ნიდერლანდები დაამარცხა იქ ბევრჯერ დაიძაბა სიტუაცია, ჯერ მოედანზე წააყარეს, მერე მესიმ ვან გაალს სულელი უწოდა, მატჩის მერე “კემირა ვოვო, კემირა ვოვო, აპაჩა, აპაჩა ვოვო” – რაღაც ასეთს ამბობდა ნიდერლანდელების მისამართით და მე კი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მცოდნე ხალხს უთქვამს “რას მიყურებ ვირო, მიდი რა გაიარეო” უთქვამს.
ამ გაწამაწიაში კი გამომეპარა მესის ჟესტი ვან გაალის მიმართ, მოედანზევე გაუკეთებია, ყურებზე წაივლო ხელი ჩებურაშკასავით, ასე ხომ რიკელმე აღნიშნავდა გოლებს?! მისთვის გაუკეთებია, მიუტანია რიკელმეს ტკივილი ვან გაალამდე. ჰოდა, ამაზე თქვა რომანმა, ისე მეამა სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდებაო. რიკელმე ვან გაალმა დაკარგა “ბარსელონაში”.
ულაპარაკოდ – რონალდინიო
სხვა ნომერი არც განიხილებოდა. ვაღიარებ, რომ რიკელმეზე ვეჭვიანობდი, ვერაფრით მივეჩვიე რივალდოს ფორმა რომ გადააცვეს. ვერც მე, ვერც მისი თანაგუნდელები და ვერც ქომაგები. აი, რონალდინიოს შემთხვევაში პირიქით, სიხარულით შევხვდი ამ ამბავს, მივიღეთ მემკვიდრედ ეს კაცი და მერე ისეთი ამბები დაატრიალა საერთოდ ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა.
ტრადიცია კი გაგრძელდა, ბრაზილიელმა გაიხადა, არგენტინელმა ჩაიცვა.
ყველაზე დიდი – ლიონელ მესი
თავდაპირველად 30 ნომერი ეცვა, მერე 19, ბოლოს კი ათი ნომერი ჩაბარდა. არის ყველაზე დიდი ათიანი და ყველაზე დიდი ფეხბურთელი, არა მხოლოდ “ბარსელონას”, არამედ, ფეხბურთის ისტორიაში. ამის მერე ათი ნომრის ჩაცმა მართლაც რთული ამბავია, ფეხები აგიკანკალდება ადამიანს. აგერ, ფატიმ იკადრა და დარჩა სკამზე სეზონის ბოლომდე. იკადრა იმიტომ, რომ კურთხევა ჰქონდა, მესის იცნობს, ლეო ეხმარებოდა ყველაფერში და ჯანდაბას ჰა, ჩაიცვი თუ გინდაო. ამ დროს მაინც აღარ იყო “ბარსაში”.
ახლა კიდევ ლამინეს ჯერი მოვიდა. მესის მსგავსად, ისიც 19 ნომერს გაცვლის ათიანში და წესით და რიგით, ეს დიდი დინასტია უნდა გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, იამალი ამის საბაბს გვაძლევს.
ძალიან კარგი
რიკელმეც და მარადონაც დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ბარსაში მათი როლი არც ისე დიდი იყო
არცერთს არ ქონდა შესაფერი თამაში ბარსაში
მარადონა,რიკელმე,მესი.💪💪💪💪
ოპერათი შემოდი დაბლოკავს ყველა რეკლამას. აქ დაწერას აზრი არ აქვს არ ითვალისწინებს მაინც არავინ.
Gaucho24, ადბლოკერი გადმოწერე ან ისეთი ბრაუზერი რომელსაც ჩაშენებული აქვს ადბლოკერი და დაისვენებ ძმაო
ყველაფერი კარგი მაგრამ საიტზე შემოსვლის და სტატიის გახსნის სურვილიც აღარ მაქვს უკვე ამ რეკლამების გამო , გასაგებია რომ რეკლამა გჭირდებათ მაგრამ სხვანაირად უნდა განათავსოთ რეკლამა , შემოვდივარ რეკლამა , სტატიას ვხსნი რეკლამა , გამოვდივარ რეკლამა , სხვა სტატიას ვხსნი რეკლამა , სურვილი უქრება მომხმარებელს შემოსვლის და თუ რეიტინგი დაეცემა და ხალხი აღარ შემოვა რეკლამაც აღარ გექნებათ და მგონი ჯობს მიაქციოთ ყურადღება
‼️ Barça have finally settled their debts with Messi, Umtiti, Coutinho, Koeman, and the rest of the 2020 squad. The final payment of the deferred salaries — amounting to €16M — will be made on June 30 and has already been authorized by the club's financial department.
Back in 2020, the majority of the Barça squad agreed to defer their salaries. In total, the deferred salary figure reached €121.7M. Barça decided that this amount would be paid in eight installments: in December of 2021, 2022, 2023, and 2024, and in June of 2022, 2023, 2024, and 2025. The final payment outlined in the agreement is scheduled for June 30, 2025
Don Laporta💪💪
Visca Barca
#cules
#fcblive
#emmanik .
[@sport] რა გასაკვირია რო რეგისტრაციის პრობლემაა მთელი შემოსავლები ვალებში მიდის
ფატი🥺😔
ნუ მესი მესიდ დარჩება ვინც არუნდა ჩაიცვას ათიანი ბარსაში, მაგრამ ათიანი რომ არავის აცვია ვერ იგრძნობა ის გუნდი სრულად, თითქოს აკლია და თან მნიშვნელოვანი რამ აკლია, ჩაიცვამს ლამინი და გააგრძელებს ტრადიციებს, შეავსებს ამ სიცარიელეს და გახდება ის გმირი რომლის იმედიც ყოველთვის გვექნება, სხვებს რომ შევხედავთ ვერაფერს შვრებიან და ათიანს დავუწყებთ თვალიებით ძებნას რომ მან მაინც რამე ახალი გააკეოს და გუნდს მოგებაში დაეხმაროს. წარმატებები ლამინს ახალი ნომრით!
ჩემ აზრს დავაფიქსირებ ამ ათიანებზე
1.ულაპარაკოდ-მესი
2.რონალდინიო
3.მარადონა
4.რივალდო
5.რომარიო
6.რიკელმე
ძალიან საინტერესო ისტორიებს ჩარხავ ფეოლა, ამაზე დიდი მადლობა.