დიდებული მატჩი ვიცილეთ, როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება, მატჩის მერე დიდი კამათი იყო, როგორ შეიძლება გუნდმა გასვლაზე სამი გოლი შეაგდოს და უპირატესობად არ ეთვლებოდესო?! ასეა თუ ისე, ეს უკვე წარსულია, გინდ 0:0 გითამაშია, გინდ 3:3, დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.
ჩემმა ლეპტოპმა გადაწყვიტა რომ მისი დრო მოვიდა. ამოწურა სიცოცხლის წუთები, წასვლის წინ გამლანძღა და აღესრულა. ასე რომ, ვიდეოანალიზს ვეღარ ვაკეთებთ, თუმცა, ფოტოებით ისევ შეიძლება ფონს გასვლა. ჰოდა, შევეცადოთ ანალიზის გაკეთებას.
ტორესის ფაქტორი
ფერან ტორესმა უკვე მეორე გამოცდა ჩააბარა, წარმატებულად, მაღალი ნიშნით. ჯერ “მადრიდთან” შეაგდო გამთანაბრებელი, მერე “ინტერთან”. ლევანდოვსკის არყოფნა დიდად არც გვაგრძნობინა. წინ ერთი გამოცდაღა რჩება, “სან სიროზე”, ისიც თუ ჩააბარა თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო “ცვლილება” იქნება. სტატისტიკა ისედაც კარგი აქვს თავისი როლის კვალობაზე.
საქმე კი მხოლოდ გოლებში არ არის, კარგად ესმის სათამაშო დინამიკის, ლევანდოვსკის ფუნქციებიც ნაწილობრივ შეითავსა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მაღალ ბურთზე ვერ ითამაშებდა, სივრცის ათვისების თვალსაზრისით კი ყველაფერი სწორად შეასრულა. პირველ ფოტოზეც ხედავთ როგორ ჩამოდის სიღრმეში, რაფინიასა და ოლმოს უკან. თუ მცველი გამოყვება ოლმო შეიქმნის უპირატესობას, თუ არავინ ამოჰყვა, როგორც ფოტოზე ჩანს, მაშინ თავისუფლად შეძლებს ბურთის მიღებას.
ამ მანევრის შედეგად, როცა “ბარსას” შემტევებმა ზეწოლა მიიტანეს “ინტერის” დაცვაზე დიდი სივრცე დატოვა ფლანგებზე, ბალდეს არყოფნაში მარცხენა ფლანგი “ბარსამ” ვერ გამოიყენა, მაგრამ იამალის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა, მაშინვე უპირატესობად აქცია, ამ მომენტშიც გოლი შეაგდო. თამაშის განმავლობაში იამალის მეურვეთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა.
ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში ჩანს რომ ფერანი ისევ სიღრმიდან ცდილობს შეტევის დაწყებაში მონაწილეობის მიღებას. რაფინია და იამალი ისევ მასზე წინ არიან, თავად კი დანი ოლმოს ხაზზეა.
შეტევის დროს არ სჭირდება მეტოქის მცველების ხაზზე თამაში, სწორი დრო აქვს შერჩეული, გადამწყვეტ მომენტში აჩქარება ყოველთვის სიღრმიდან სჯობია, ვიდრე ფეხდაფეხ მიჰყვე შეტევას და მერე ჩამორჩენა მოგიწიოს, ასე რომ, ჭკვიანი ფეხბურთელია და ფორვარდისათვის დამახასიათებელი ალღოც არ ღალატობს. ამ შემთხვევაში იამალისგან იღებს პასს საჯარიმოში.
ფერანის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ განმეორებაზე ვნახეთ რომ სხვაგვარად ვერ დაარტყამდა, მცველებმა კარისკენ სივრცე დაფარეს, მხოლოდ მოჭრილი დარტყმით თუ შეაგდებდა, თუმცა, ასეთი დარტყმა ვერ შეასრულა.
იმ ყველაფრის სრული ხორცშესხმა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ მეორე გოლია, ტორესი ისევ საჯარიმოს მისადგომებთან არის ამოწეული და აქ ითხოვს ბურთს, მის სივრცეში კი რაფინია შეიჭრა, გადამწყვეტ მომენტში ფერანი მარტივად ახერხებს აჩქარებას და მცველების დაჯაბვნას, კარგი პასის მერე ისღა დარჩენოდა გოლი შეეგდო. ეს პირველ რიგში, მისი გონივრული თამაშის შედეგია.
ეს უკვე მატჩის მიწურულია და მიმაჩნია რომ ფერანის გამოყენება უკეთ შეიძლებოდა, რადგან იამალზე ყურადღება გაძლიერდა. ხედავთ რომ მისკენ პასი არ კეთდება და ზურგითმყოფი ფერმინ ლოპესი ვერც გააკეთებს, მაგრამ მაინც ორი მცველის ყურადღების ქვეშ არის და მესამეც მისკენ მიიწევს, ამ დროს ცენტრალურ მცველებს შორის დიდი ზონა იხსნება და ამ ზონის ათვისება ბევრად კარგად იყო შესაძლებელი, როგორც ამ კონკრეტულ მომენტში მოხდა.
დე იოგი, ფერმინი, ტორესის კომბინაციის შედეგად სწორედ იმ ზონაში მოხდა შეტევა, რომელიც თავისუფალი დარჩა და “ბარსა” კიდევ ერთხელ იყო ახლოს გატანილ გოლთან, მაგრამ იამალს მცირე დააკლდა.
ინტერის კონტრშეტევები
რა არის საჭირო იმისათვის რომ სწრაფი კონტრშეტევით ითამაშო? მცველი, რომელსაც კარგი გრძელი პასის გაკეთება შეუძლია, ფორვარდი, რომელსაც ერთი შეხებით შეძლებს ბურთის დაგდებას და ფლანგები, რომლებიც სწრაფად აითვისებენ დატოვებულ სივრცეს. “ინტერს” ამის პრობლემა არ აქვს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად გასაკვირი ხდება არაუხოს უთამაშებლობა, გასაგებია, რომ ფორმაში არ არის და მისი დაყენებით დაცვის ხაზის სტრუქტურა დაირღვეოდა, რადგან, რომელიმე ცენტრს ფლანგზე მოუწევდა თამაში, მაგრამ ის სარგებელი რისი მოტანაც არაუხოს შეუძლია აბსოლუტურად გამოყენებული უნდა იყოს.
ესეც გრძელი პასი ლაუტაროზე.
თითქოს ლაუტაროს მარტინესი არ არის საუკეთესო ვარიანტი მაღალი პასის მისაღებად, მაგრამ დასწრებაზე თამაში ყოველთვის კარგად შეეძლო, მასსა და ტურამს შორის დისტანცია ყოველთვის მცირეა, “ბარსას” მცველების განლაგებაც თითქოს სწორი, ერთი ბურთზე თამაშს ცდილობს, მეორე აზღვევს, მაგრამ კონტრშეტევა მაინც გამოდის. აქ პოზიციური შეცდომა საერთოდ არ გვაქვს, ყველაფერი ინდივიდუალურ ორთაბრძოლამდე დადის, თუ მოგება გინდა, ეს ბურთი ლაუტაროს არ უნდა ააღებინო, ან მას, ან ტურამს.
ჟერარ მარტინი არათუ მსგავსი დისტანციის პირობებში, არამედ, ერთი-ერთზეც კი დაიჩაგრებოდა დუმფრისთან, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ “ინტერი” მთელ შეტევას აწყობს იმაზე, რომ მარტინი რაც შეიძლება მეტად შემოიტყუონ მოედნის ცენტრში, და დუმფრისს რაც შეიძლება დიდი სივრცე დარჩეს. ამის საწინააღმდეგოდ იარაღი აღარ არსებობს, მხოლოდ ბალდეს შეუძლია მსგავსი დისტანცია უსწრაფესად დაფაროს.
ფერანისგან განსხვავებით ტურამს სხვა დავალება აქვს, ყოველთვის ბოლო კაცზე თამაშობს, ყოველთვის ზღვარზე, თამაშგარის ხაზზე, ასეთ დროს, როცა ადგილებს სწრაფად არ ცვლიან ფეხბურთელები მათი აყვანა გაცილებით მარტივია, მაგრამ ფრენკი დე იონგი საერთოდ არ ჩანს ცენტრში, საყრდენი არ უნდა ტოვებდეს თავის სივრცეს, არასდროს, მაგრამ ფრენკი კლასიკური საყრდენი არ არის, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ სივრცეს ხშირად ტოვებს. ამჯერად მეჰდი ტარემი აღმოჩნდა თავისუფალ სივრცეში და შეტევაც მისგან განვითარდა.
აქ კი ხედავთ რა სისწრაფით გადადის “ინტერი” შეტევაში, მცველების ხაზზე “ინტერის” ექვსი ფეხბურთელია. შეტევაში უსწრაფესად შექმნეს რიცხობრივი უპირატესობა.
“ბარსა” გადარჩა, ზუსტად მსგავსი მომენტი შეექმნა მხითარიანსაც, როცა გოლი არ ჩაუთვალეს. განგაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება, პოზიციურად სწორად თამაში ყოველთვის არ ნიშნავს გამოსავალს, უბრალოდ ძლიერმა ინდივიდუალისტმა უნდა გადაგარჩინოს. უფრო სწრფმა, ვიდრე მეტოქეა.
კიდევ ერთი შეტევა
როგორც წინა შემთხვევებში ყველაფერი გრძელი პასით იწყება, რჩება შთაბეჭდლება, რომ თუ “ინტერს” პირველ ბურთს მოუგებ შეტევის სხვა გზა აღარც ექნება. მაგრამ როცა წინასწარ იცი რა სივრცეში გადმოაგდებს ბურთს თანაგუნდელი, ერთი ნაბიჯით შეგიძლია მცველს დაასწრო და ეს უკვე საკმარისია.
ერთი გრძელი პასით “ბარსას” ნახევარდაცვა მოწყვეტილია, დავალებაც ეს არის – გრძელი პასით თამაშგარეში დარჩეს ცენტრალური ზონა, შეტევაში კი რიცხობრივი უპირატესობა შეიქმნას.
ისევ დუმფრისი, შეხედეთ რამხელა დისტანცია აქვს, რამხელა უპირატესობა, ეს ყველაფერი ცენტრის ხარჯზე ხდება, “ინტერი” უპირატესობას ქმნის მოედნის ცენტრში, განაპირა მცველი იძულებულია ზონა შეამჭიდროვოს და სწორედ ამ დროს ელვის სისწრაფით გარბიან “ინტერის” ფლანგები.
ჩათვალეთ რომ გოლია. მართლა გოლია. ცალი ფრჩხილის გამო გაუქმებული.
რას ველით სან სიროზე?
“ინტერს” ისევ ექნება კონტრშეტევები, “ბარსა” კი დილემის წინაშე იქნება, არაუხოს დაყენების შემთხვევაში პოზიციური შეცდომების რაოდენობა იმატებს, სამაგიეროდ, მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, დე იონგმა უნდა ივარგოს საყრდენ ზონაში, სხვაგვარად თამაშის მოგება ძალიან გაჭირდება. “ბარსას” “სან სიროზე” კლასიკური საყრდენი დასჭირდება.





























ფლიკმა მთელი გუნდი აათამაშა და ტორესსაც სხვა გზა აღარ დარჩა რო არ აყვეს ტემპში.
მხითარიანის გოლზე შესნი რას აკეთებდა ვინმე ამიხსნის? 😀 რა გახდა ერთი მეკარე ყველა ჩვენ კარში დარტყმული გოლად რომ არ იქცეს
ფრენკი კლასიკური საყრდენი ვერ გახდება ვერასდროს, ფლიკმა სხვა რამ უნდა მოიფიქროს და მჯერა მოიფიქრებს. ოღონდ ეს მარტინი აღარ დააყენოს, მძაგს ტიპი.
შესნი – კუბარსი, ინიგო, არაუხო/გარსია, ბალდე – დე იონგი, პედრი – რაფინია, ოლმო, იამალი – ტორესი
ამ სასტავს უნდა დააწყებინოს ფლიკმა ჯუზეპეზე
ისე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ რაც დაწერე მაგის მეტი თავში არაფერი მოგივიდა აზრად?? 😁😁 მე ძმაო მაგარი დაძაბული ვიყავი ინტერთან წინა თამაშამდე და ეხლა კიდე ორმაგად დავიძაბე ძაან რთული ბრძოლა ელის ბარსას ინტერთან ატლეტიკოს გაუმჯობესებუპი ვარიანტი გაიჩითა ეს ინტერი უბრალოდ სწრაფი ავტობუსი ყავთ ამათ რაა..რთულიაა კიდევ ერთხელ საკუთარ თავებს უნდა აჯობონ ბიჭებმა თან ამ დანაკლისის ფონზე..ფინალი თუ უნდათ ეგრეააა ამ
ინტერის გრძელ
პასებს უნდა მოუღონ ბოლო…
ისე რა სლეობაა ინტერი რომ თამაშოს ქვია ჯუზეპე და მილანი რომ თამაშობს სანსირო🤭🤭🤭 მილანთან უფრო გაგვიჭირდებოდა მგონია ჩვენთვის უფრო რთული მეტოქე იყო სანსიროზე