მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რას სჩადი ლამინე?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რას სჩადი ლამინე?!

   ისევ აქციას შემოვრჩი და ისევ ვერ ვუყურე “ბარსას” თამაშს, ახლა ის დროა როლები გავცვალოთ, ბევრი დღე იქნებოდა ისეთი რომ რამდენიმე თქვენთაგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო მატჩის ყურებას ვერ შეძლებდა, მერე შემოვიდოდა საიტზე და მიმოხილვიდან შეიტყობდა წვრილად განვლილი მატჩის შესახებ. ახლა კი მე უნდა შევიტყო თქვენგან რა ხდებოდა და როგორ ჩაიარა შეხვედრამ. დაწერთ კომენტარებს, ჩამოვუყვები და ეგებ წარმოვიდგინო კიდეც რამე. 

ოღონდ, ერთმანეთს ნუ შემოსწყრებით და ლანძღვა-გინებას ნუ დაიწყებთ, ჯერ ერთი, ძალიან სასაცილოა კლავიატურაზე კაკუნით ვიღაცის შეურაცხყოფა, მერე კიდევ, საერთოდ რა საჭიროა?! ეს საიტი ყოველთვის ურთიერთპატივისვცემაზე იდგა და იმედია ასე გავაგრძელებთ. 

გაღვიძებისას მიმოხილვას შევხედე და მოდი, მიმოხილვის მიმოხილვას დავწერ, მერე კი თქვენ შემისწორეთ რაზე შემექმნა სწორი, ან არასწორი წამოდგენა. 

ლევანდოვსკიმ დაისვენა 

დრო იყო უკვე, 36 წლის კაცი მთელი სეზონის განმავლობაში ძირითადში ვერ იქნებოდა გამწესებული. ფლიკმა სწორი დრო შეარჩია მის დასასვენებლად, ფორვარდის ადგილი კი მოულოდნელად ფერან ტორესმა დაიკავა. ეს ერთი ცვლილება იყო თვალშისაცემი, სხვა ყველაფერი რიგზეა. ფერანმა კი გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ასეა, პირველი გოლი მან შეაგდო, მცირე ხანში დუბლის გახერხებაც შეეძლო, მაგრამ ფერან ტორესი რისი ფერან ტორესია თუ სადმე ხელი არ მოეცარა. ტაიმის მიწურულს “ბარსამ” კიდევ ერთხელ სცადა თამაშგარემდგომარეობის შექმნა, მაგრამ ამჯერად არაფერი გამოვიდა, მეტოქე მეკარეს შეატოვეს და ანგარიში გათანაბრდა. ყოველთვის რთულია, როცა გოლს გასახდელში გაგატანენ, სულ სხვა რამეს გეგმავ და სულ სხვა სურათი გრჩება ხელში, მაგრამ “ბარსას” და ფლიკის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. 

რაფინია და იამალი

ბევრი მომენტი გაუფუჭებიათ, ტორესის გაცუდებული ვახსენეთ, რაფინიაც გასულა ერთი-ერთზე და მეკარემ აჯობა, იამალსაც ბევრი მომენტი ჰქონია და გოლი ვერ შეაგდო, არადა, ამ მომენტებიდან გამომდინარე მინიმუმ ერთი უეჭველად უნდა შეეგდო. მიუხედავად ამისა, “ბარსამ” მაინც გადაუარა “მალიორკას” მეორე ტაიმში. ლევანდოვსკის არყოფნაში თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა რაფინიამ. საჯარიმოში კი ლამინე იამალი წააქციეს. ამის მერე ცვლილებები გაკეთდა, დანი ოლმოს ნაცვლად ფრენკი დე იონგი გამოჩნდა, ფერან ტორესის ნაცვლად პაუ ვიქტორი. სამწუხაროდ ვერ ვნახე როგორ ითამაშა ოლმომ, და როგორ შეცვალა დე იონგმა. მიმდინარე სეზონში ოლმო ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული ტიტულების რაოდენობაც. 

მესამე გოლი ისევ რაფინიამ შეაგდო, წარმოუდგენლად მაგარ სეზონს ატარებს, ყოველთვის ძალიან მოტივირებულია, მომართული იმისაკენ, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოს, გოლი იქნება, საგოლე გადაცემა თუ პრესინგზე თამაში. კარგი გოლი შეაგდო, ანრის გოლი გამახსენა ნიდერლანდების კარში, მაგრამ პასი? რა პასი! ლამინე იამალი “ეფეს” დიდოსტატად ყალიბდება. ანხელ დი მარიას მერე ტერფის გარეთა ნაწილით ვინმე ასე არიგებდეს პასებს მართლაც იშვიათი სანახავია. დააბზრიალა და საგოლე პასი მიითვალა. საოცარი ბიჭია. ბრილიანტია! 

გადის დრო და კიდევ ერთხელ დაატრიალა გარეთა ნაწილით, თითქოს ამის წინააღმდეგ მცველებს გასაღები არ აქვთ, ლამინე თუ ჩაიფიქრებს მერე დამთავრებულია, მცველებს შანსი აღარ რჩებათ რაიმე გაახერხონ. ამ პასსაც გოლი მოჰყვა. ამჯერად ფრენკი დე იონგს შეუგდია. წაეხმარება ეს გოლი თვითრწმენას შემატებს, ოღონდ, ამაზეც ძალიან მწარედ მეცინება ახლა, რადგან უკვე სამი წელია ამ კაცის თვითრწმენაზე ვლაპარაკობ და მე მგონი უკვე დროა რომ აღარ ვახსენო ეს ამბავი. 

წერტილი კი პაუ ვიქტორმა დასვა, ასევე დე იონგის პასით. მოკლედ, “ბარსამ” კიდევ ერთხელ გაილაღა. დადგა ისევ იმ ლიანდაგებზე, რომელზეც დაიწყო ეს სეზონი. მცირე ჩავარდნა უკან მოიტოვა. ამ მცირე ჩავარდნას კი ბევრი ქულა შეეწირა, “მადრიდთან” სხვაობა ოთხი ქულაა, მაგრამ ორი მატჩით ნაკლები აქვთ. ასე რომ, პერსპექტივაში “რეალი” წინ არის. თუმცა, მეეჭვება ასე მარტივად განაგრძონ ქულების დაგროვება. 

წინ “ბეტისთან” მატჩია, გასვლაზე. იმედია მეც დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს და ისევ შევძლებ მატჩების თავიდან ბოლომდე ყურებას. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Barca
    06 დეკ 2024, 20:12

    კაი სტატიააა

  • me da barca
    06 დეკ 2024, 18:14

    ზუსტად მაგიტომ ვერ ვუყურე მეც.

  • Rick Sanchez
    05 დეკ 2024, 00:24

    ციტატა: შიდა ქართლი

    ციტატა: Rick Sanchez
    არ ჰგავს ფეოლას დაწერილ სტატიას


    არ უნახავს თამაში თქვა ადამიანმა მიტომ გამოვიდა შემოკლებული😀


    მოკლეათქო მიწერია სადმე? არც ის მიკითხავს რატომ არ ჰგავს ფეოლას სტატიასთქო, ვიცი რომ არ უნახავს და შესაბამისად დაწერა😃

  • C.PC5
    04 დეკ 2024, 18:33

    ფერანზე ლაპარაკი ზედმეტია, ისეთი რიკოშეტა გოლი გაიტანა როგორიც კარიერა აქვს, ანუ გაუმართლა უბრალოდ. მაგის იქეთ ტიპი მოედნიდან რომ გადასულიყო არაფერს დავკარგავდით. დაცვამ ითამაშა კარგად, ან მალიორკამ არ იცოდა როგორ დაეგეგმათ შეტევები, მაგრამ ფაქტია თამაშგარეები ბევრი იყო და გამოასწორეს სიტუაცია როგორც ჩანს. არაუხო ჭირდება მაინც დაცვას, მთავარია მოერგოს ამ სისტემას და ფორმა აკრიფოს, დანარჩენად ერთი ერთზე მაგას რომ შეუძლია ითამაშოს ეგრე მემგონი არავის გამოსდის, ეგ კიდე თავისთავად დაზღვევაა ასეთ ამოწეულ დაცვაზე. ერთი საინტერესო რაღაც გამოვარკვიე ამ თამაშში, ნუ აქამდეც მქონდა ეჭვი, მარა ახლა დავწრმუნდი, თამაშამდე თქვა ფლიკმა პენია ჩვენი პირველი მეკარეო, ყველას გაუჩნდა კითხვა რატომ? ხოდა მემგონი იმიტომ რომ გამოსვლა არ ეზარება, ამოწეულ დაცვას კარგად აზღვევს, ადრე ვფიქრობდი ასეთი სტილი აქვსთქო, მარა ახლა ვხვდები რო ფლიკია მითითებაა ეგ რო სულ კარიდან შორს იდგეს და შეხვდეს ბურთს რაც შეიძლება მალე, დიდი შანსია რო ასე აწეულ დაცვაზე ხშირად გადაუკიდონ ბურთი შემტევებს, 90% თამაშგარეში ჩატოვებს ჩვენი დაცვა მაგ შემტევებს მარა დანარჩენი 10% ?? ან იქნება ეგ პასი ზუსტი ან ძლიერი, თუ ძლიერია პენიაც იქვეა და მიგვარდა პრობლემა, სადღაც 95% დაზღვეულია, დანარჩენი 5% კი პენიას კარის ხაზზე ოსტატობაზეა დამოკიდებული, მანდაც ცუდად არ გამოიყურება ბოლო პერიოდში ვაღიაროთ. ასე აღვწერე რიცხვებში რაც შევძელი პენიას პირველ ნომრობის მიზეზი, ალბათ შესნი ვერაა იმდენად სწრაფი რომ ყველა ბურთზე მიასწროს და მაგიტომაც რჩება სულ სკამზე. აბა ხაზზე რომ პენია ჯობდეს მაგას თუნდაც ამ ასაკში ვერ დავიჯერებ.

  • შიდა ქართლი
    04 დეკ 2024, 18:25

    ციტატა: Rick Sanchez
    არ ჰგავს ფეოლას დაწერილ სტატიას


    არ უნახავს თამაში თქვა ადამიანმა მიტომ გამოვიდა შემოკლებული😀

  • Rick Sanchez
    04 დეკ 2024, 16:18

    არ ჰგავს ფეოლას დაწერილ სტატიას

  • nika 54
    04 დეკ 2024, 16:16

    ციტატა: JustBarcaLover
    ფერანმა გოლი კი გაიტანა მაგრამ ის გოლიც გამართლების ხარჯზე გაიტანა ძალიან ცუდად დაარტყა, მთელი თამაში საშინელი იყო ბევრი მომენტი ანიავა


    ფერანმა იმდენი მოახერხა, რომ სადაც 3 კაცი იდგა მეკარის ჩათვლით სწორედ იმ კუთხეში დაარტყა. გაგეცინებათ და სამივეს მოარტყა და მაინც გავიდა გოლი, კარის მეორე კუთხესთან მდგომმა მცველმა ვერ მოასწრო ამათკენ გადმონაცვლება თორემ ალბათ 4-მაგი ავტოგოლი გამოვიდოდა.

  • შიდა ქართლი
    04 დეკ 2024, 14:28

    ციტატა: JustBarcaLover
    ფერანმა გოლი კი გაიტანა მაგრამ ის გოლიც გამართლების ხარჯზე გაიტანა ძალიან ცუდად დაარტყა, მთელი თამაში საშინელი იყო ბევრი მომენტი ანიავა


    პირველ ტაიმში მინიმუმ კიდე 1 უნდა გაეტანა მაგრამ ფერანია რა მადლობა იმ გოლისთვისაც😀

  • JustBarcaLover
    04 დეკ 2024, 14:05

    ფერანმა გოლი კი გაიტანა მაგრამ ის გოლიც გამართლების ხარჯზე გაიტანა ძალიან ცუდად დაარტყა, მთელი თამაში საშინელი იყო ბევრი მომენტი ანიავა