როგორც წესი, ამ სეზონზე “ბარსა” – “ვალენსია” ახსენდებათ, ამ დაპირისპირებაზე კი რივალდოს ჰეთთრიქი. ამაზე მაგარი ჰეთთრიქი არ მახსენდება, რადგან აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – დრამატურგიულად იდეალურია, პირველი ორი გოლით “ბარსა” დააწინაურა, ჯერ ტაიმის სტარტზე, მერე ტაიმის ბოლოს. ორჯერვე გაათანაბრეს და ბოლოს ისეთი სიტყვა თქვა, რომლის მერეც წერტილი ისმება, წერტილის მერე კი აღარაფერია გადააზრების გარდა.
დრამატურგიას ზრდის ისიც რომ ფაქტობრივად ფინალი იყო, ოღონდ კლუბები არა თასისთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდნენ, რაც პრესტიჟის, დიდძალი ფინანსებისა და სპორტული მიმართულებისთვის გადამწყვეტი ამბავია.
გარდა დრამატურგიისა, სამივე ულამაზესი გოლია, მაგრამ მომდევნო წინას ჯობდა. ესე იგი, იდეალური თანწყობა გვაქვს. არაფერი არსებობს ამაზე იდეალური.
მახსოვს გასპარის გიჟური რეაქციაც, სად გინახავთ პრეზიდენტს გოლზე ასეთი რეაქცია ჰქონოდეს? კაცი გიჟივით ღრიალებს და ღმერთს მადლობას უხდის სასწაულისთვის. თავში ხელებწავლებული მწვრთნელი – კარლეს რეშახი ჩავარდა შოკში. ისე კი სხვა მწვრთნელებიც გვახსოვს მსგავსი რეაქციით – ბობი რობსონი თავში წაიშენს ხელებს მას შემდეგ რაც 19 წლის რონალდო მთელ “კომპოსტელას” მიმოყრის და ალბათ კარიერის საუკეთესო გოლს შეაგდებს. რაიკაარდს ორჯერ ჰქონდა ასეთი რეაქცია, ერთხელ რონალდინიოს სადებიუტო გოლის დროს, როცა “სევილიას” გაუტანა “კამპ ნოუზე” და მეორედ ლიონელ მესის გოლის დროს, როცა 20 წლის ლეომ მარადონას მსგავსად შეუგდო “ხეტაფეს”. იქნებოდა კიდვე, უეჭველად იქნებოდა, რადგან ბევრი ბრწყინვალე გოლი შეუგდიათ “ბარსას” ლეგენდებს, მაგრამ ახლა სხვა არ მახსენდება, ახლა მხოლოდ რეშახის შეშლილი სახე მიდგას თვალწინ. თითქოს ის შეძლო კაცმა, რაც ადამიანს არ შეუძლია.
ნელი სვლით
რივალდომ 1998/99 წლების სეზონისთვის აიღო ოქროს ბურთი. ლა ლიგა მოიგო. სხვა ვერაფერი, მაგრამ ისე ითამაშა, რომ საუკეთესოდ აღიარეს. 24 გოლი შეაგდო და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა ლა ლიგაში, მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა რაულს, თან გაითვალისწინეთ რომ ეს ჯერ კიდევ ვან გაალის “ბარსაა”, ჰოლანდიელი კიდევ რივალდოს მეტწილად მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, ეს იყო მათი კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუკეთესო ბომბარდირობამდე მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა, სეზონის ბოლოს კი ოქროს ბურთი ჩაიბარა. ეს მისი მეორე სეზონი იყო “ბარსელონაში”. კლუბის 100 წლის იუბილე მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა, “ბარსა” ვერ მივიდა ლიგის ფინალამდე, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა და იმ გუნდებმა ითამაშეს, რომლებმაც “ბარსა” ჯგუფში ჩატოვეს. ისეთი ფინალი გამოვიდა, რომ რივალდოს ჯავრი აღარავის ჰქონია.
კარგი იყო კი, მაგრამ 2000/01 წლების სეზონის რივალდო მაინც უკეთესად მიმაჩნია. უბრალოდ გაცილებით ცუდ “ბარსაში” თამაშობდა. მთავარი მწვრთნელი სერა ფერერი იყო, გაცილებით დაბალი დონის მწვრთნელია, ვიდრე ვან გაალი. ფიგუ წავიდა და მის ნაცვლად დაახლოებით ისეთი ტრანსფერები გაკეთდა, როგორც ნეიმარის წასვლის შემდეგ. კლუბი ჩამოშლის პირასაა და ამ დროს რივალდო ფაქტობრივად მარტო თამაშობს – გოლი, პასი, ჯარიმა, პენალტი, კუთხური, გამთამაშებელი, ხანდახან დაცვასთან ახლოს რომ ბურთი წამოიღოს – მოკლედ, მესის გამოჩენამდე დაიტვირთა მესის ფუნქციებით.
და მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, მაინც ძალიან ბედნიერი იყო, რადგან როგორც იქნა ჩაიბარა თავისი კუთვნილი ათი ნომერი და როგორც იქნა შემოწეის მოედნის ცენტრში, სადაც მიაჩნდა რომ გაცილებით დიდი სარგებელი მოჰქონდა.
სტატისტიკით ჰგავდა ეს სეზონის მის საუკეთესო სეზონს – ლა ლიგაში შეაგდო 23 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა. ისევ ერთი დააკლდა ბომბარდირობამდე, ისევ რაულმა აჯობა სულ რაღაც ერთი გოლით. თუმცა, ისევ მოგვიწევს ამის თქმა, რაული ძირითადად მეტოქის საჯარიმოში მოძრაობდა, რივალდო კი ამ სეზონში მეორე ფორვარდი იყო.
ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა ექვსი მატჩი და შეაგდო ექვსი გოლი.
უეფას თასზე ითამაშა 7 მატჩი და შეაგდო ხუთი გოლი.
კოპაზეც გაიტანა და საერთო ჯამში 36 გოლით დახურა სეზონი.
მაგრამ, ჩვენ რაც გვაინტერესებს, ის სტატისტიკის მიღმაა. ჰოდა, რამდენიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენო ამ სეზონიდან.
ჰეთთრიქი სან სიროზე
“ბარსა” თუ წააგებს ჩემპიონთა ლიგიდან ვარდება. ამ დროისთვის მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა გუნდს, პირველ ტურში “ლიდსი” გაანადგურეს და რივალდოს გოლზე დღემდე საუბრობენ, ერთი ცრუ მოძრაობა და “ლიდსის” მცველი სად ჯანდაბაში წავიდა კაცმა არ იცის, გასრიალდა სადღაც აღმოსავლეთით, და ჩავიდა კიდეც ალბათ ტიბეტში, სადაც სულ სხვა ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ახლა არ გვინდა მაგაზე.
ამის მერე მოულოდნელად განადგურდნენ თურქეთში “ბეშიქთაშთან”, და წააგეს სახლში “მილანთან”. ასე რომ, მეოთხე ტურია, “ბარსა” “სან სიროზე” ჩადის. წაგება და გავარდნა ერთი იქნება.
არ თამაშობს რივალდოს საუკეთესო მეწყვილე პატრიკ კლუივერტი. სიმაოსა და ალფონსოს იმედზეა “ბარსა” დარჩენილი. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პირველ ტაიმში ემანუელ პეტი და ფილიპ კოკუ თავებით შეასკდნენ ერთმანეთს და ორივემ თავი გაიტეხა. პეტი მაშინვე შეცვალეს, კოკუ შესვენებაზე. მოხერხება ხომ უნდა?
რივალდომ კი ბოლომდე ათრია “ბარსა”. პირველი ჯარიმით ანგარიში გახსნა – ახტა ცოცხალი კედელი და ბურთი მათ ქვემოთ გააძვრინა – 1:0. ასეთი უკვე ჰქონდა გატანილი “ბარსას” შემადგენლობაში, “პორტუს” შეუგდო გასვლაზე, წინა სეზონში. “მილანელებმა” კი ვერ გაითვალისწინეს. მომავალ წლებში ამას რონალდინიოც გაიმეორებს.
სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, “მილანი” მალევე დაწინაურდა ალბერტინის დუბლით. ტაიმის ბოლოს დაახლოებით იმავე წერტილში ინიშნება ჯარიმა და ამჯერად ცოცხალი კედელის არცერთი ფეხბურთელი არ ხტება მაღლა, რივალდო ამას ხვდება და ამჯერად მაღალი დარტყმით გააქვს გოლი – თან გაოცებული ხარ, თან გეცინება “მილანელებზე”, ასე ბავშვებივით როგორ მოატყუა?!
ტაიმის ბოლო წუთზე “მილანი” ისევ წინ გავიდა, გასახდელში გააყოლეს “ბარსას” გოლი, მაგრამ წინ მეორე ტაიმია, რივალდო კი შეუჩერებელია. რა თქმა უნდა, მეორეშიც შეაგდო. ამჯერად თავით. არასდროს ყოფილი ეს მისი მთავარი პლუსი, მაგრამ კლუივერტის არყოფნაში ამის გაკეთებაც თავად მოუწია, გადახტა ლარსონივით და ჰეთთრიქიც შეასრულა – “ბარსამ” ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა.
ჩემთვის პირადად მომდევნო მატჩიც ეპიკური გამოდგა, სადაც “ბარსა” აგებდა და რივალდომ 94-ე წუთზე გაათანაბრა. ეს ამბავი დიდ წერილში მაქვს მოყოლილი და ახლა აღარ დავწვრილმანდები, მაგრამ ვიტყვი რომ ეს კაცი იყო ჩვენთვის, გადამრჩენელი, ცეცხლის მომტანი, “ბარსას” პრომეთეუსი.
უეფაზე
მაინც დაქვეითდა “ბარსა”, ჩარჩა ჯგუფში, გაბრაზებულმა ფანებმა შევჩენკოს დააბრალეს ეს ამბავი, თითქოს უკრაინელმა შეგნებულად გააფუჭა თერთმეტმეტრიანი “ლიდსთან” შეხვედრაში. რა ვიცი.. არც მაშინ მჯეროდა, არც ახლა მჯერა.
გადაინაცვლა “ბარსამ” უეფას თაზე, სადაც ჯერ “ბრიუგე” გააგდეს, მერე “აეკი”, რივალდომ ოთხიდან სამ შეხვედრაში შეძლო გატანა. მერე იყო მეოთხედფინალი “სელტასთან”, სადაც რივალდომ პირველი მატჩი გამოტოვა, მაგრამ ამ დროისთვის კლუივერტი დაბრუნდა და მისი დუბლით “ბარსამ” 2:1 მოიგო.
აი განმეორებით შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მისი თამაში, საბოლოოდ, 70 წუთზე შეთანხმდნენ. ზუსტად ამდენი მიიღო სათამაშოდ და სანამ გავიდოდა ორი გოლი უკვე შეგდებული ჰქონდა, თანაც რა გოლები! არანაერი შანსი მეკარეს! ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაუშვა თავისი ცაციათი, შეარხია, შეგლიჯა მეტოქს კარის ბადე, მერე კი დაახლოებით 35 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, ჰგავდა “მილანთან” გატანილს, მაგრამ ეს უფრო შორი იყო, ეს უფრო ლამაზი იყო, ხარიხადან ასხლეტით ჩაეშვა “სელტას” კარში.
გავიდა “ბარსა” ნახევარფინალში სადაც “ლივერპულს” შეხვდა. იქ კი ოქროს ბურთის მთავარი და მოულოდნელი პრეტენდენტი თამაშობდა მაიკლ ოუენის სახით. აქეთ ტრავმამოშუშებული რივალდო იყო. საბოლოოდ, ერთმა მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი, პატრიკ კლუივერტმა გვაჩვენა, რომ მაინცდამაინც გაწონასწორებული ადამიანი არ ყოფილა, რატომღაც ახტა სტანდარტულის დროს და ხელით ითამაშა, თავი აბდულ-ჯაბარი ეგონა, რა თქმა უნდა, პენალტი დაინიშნა და “ბარსა” დამარცხდა.
მე კიდევ მახსოვს “ენფილდის” ამოოხვრა, რივალდოს ნაქები ცაცია, დარტყმა იმ პოზიციიდან საიდანაც, როგორც წესი, არ ურტყამს დალაგებული ადამიანი, და ვესტერველდის მცირე შეხება, მერე ტაში და “ენფილდური” სიმღერა.
ვერც ეს მოიგო. საშინელი გუნდი ჰყავდა, რას მოიგებდა..
მოდი, მადრიდი მაინც გავამწაროთ
ესღა დარჩა “ბარსას” მთავარ მოტივაციად. “ბერნაბეუზე” ჩავიდნენ როგორც მეოთხეადგილოსნები, “მადრიდი” პირველი იყო. რაული ფორმაშია, მორიენტესი გვერდზე ჰყავს, ფიგუ საოცარ ფორმაშია, ისეთი სადებიუტო სეზონი ჰქონდა “მადრიდში”, რომლის მსგავსიც აღარ ჰქონია. მეორე ფლანგზე კი მაკმანამანი დაფრინავს. აქეთ კიდევ რივალდოა ღმერთკაცივით. ჰოდა, დაიწყო..
მეშვიდე წუთზე რაულმა გახსნა ანგარიში.
რივალდომ 36-ეზე გაათანაბრა.
ერთ წუთში რაულმა კვლავ წინ გაიყვანა “მადრიდელები”.
მეორე ტაიმში კი ვნახე ის, რასაც ბოლო ტურში კიდევ ერთხელ ვიხილავთ, რაღაც ძალიან უცნაური მოძრაობა კარში დარტყმის წინ, რივალდო ბურთს ისწორებს და ძალიან უცნაურ წახტომს აკეთებს, რას აკეთებს? ვინ აკეთებს ასეთ მოძრაობას? თითქოს გადატენა და.. დარჩა კასილიასი პირდაღებული.
სტვენა იყო. რივალდოს ტაშს არ უკრავდნენ. არ უყვარდათ. სულ ჩხუბი ჰქონდა იეროსთან, რედონდოსთან, მაგრად დაუგლეჯიათ ერთმანეთი. ეგ კი არა, თავისი მეგობრის, რობერტო კარლოსისგანაც საშინლად მოხვედრია, რადგან სხვაგვარად ვერ აჩერებდნენ. ეს არ იყო რონალდინიოს მსგავსი ჯადოქარი, არც ეგრე ლამაზად თამაშობდა, ეს იყო კაცი, რომლის ჩაძირვაც ყველაზე მეტად გსურდა, მაგრამ არა და არ განებებდა, სასტვენის მერე კი ყოველთვის ზემოდან გიყურებდა.
მესამეც შეაგდო, ამაზეც მოგვიყოლია ბევრჯერ, მსაჯმა არ ჩათვალა.
გაუჭირდებოდა.
არადა, ჰეთთრიქი “ბერნაბეუზე”, ძალიან გემრიელია.
ესროლეს ფანებმა ყველაფერი რაც ხელში მოხვდათ. რივალდო კი იცინოდა ამ დროს და რაღაცებს ბუტბუტებდა თავისთვის – თქვენი მადრიდელი..
ჩემპიონი “მადრიდი” გახდა, მაგრამ “ბარსას” ვერაფერი დააკლეს.
ესეც ფინალი
აჰა, მოვედით.
ბოლო ტურის წინ “ვალენსია” “ბარსას” სამი ქულით უსწრებდა. “ღამურები” მეოთხეზე იყვნენ, “ბარსა” მეხუთეზე. “ვალენსიას” ყაიმიც აწყობს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად, “ბარსას” კი მხოლოდ მოგება უნდა, არადა, საშინელ ფორმაში არიან, ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ სამი აქვთ მოგებული, რაც აბსოლუტური კატასტროფაა.
მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, პრომეთეა, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
მესამე წუთზე დაიწყო ქვეყნად ყველაზე იდეალური ჰეთთრიქის ისტორია.
რივალდომ თავისი საყვარელი წერტილიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. კანისარესს შანსი არ ჰქონია. ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში.
რუბენ ბარახამ 25-ე წუთზე გაათანაბრა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ ვნახე ეს უცნაური მოძრაობა დარტყმის წინ, ეს მამაძაღლი პატარა წახტომი, სად ისწავლა, სად ჩაავლო, რა შუაშია ფეხბურთთან?! ამჯერად ცრუ მოძრაობისთვის გამოიყენა, მცველი ჩამოიტოვა და… ბახ! რივალდო დაეცა, ღმერთკაცი დაეცა! ისეთი ძალით გაისროლა რომ წონასწორობა ვეღარ შეიმაგრა, ბურთი კი ხმელი ფოთოლივით წავიდა, ოღონდ ძალიან ძალიან ძლიერად და კანისარესის კარი კიდევ ერთხელ შეგლიჯა – 2:1. “ბარსა” პირველი ტაიმის ბოლოს ისევ ჩემპიონთა ლიგაზეა.
ბარახამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა ანგარიში. რივალდოს უკვე განსაკუთრებულად მეურვეობენ. ორი კაცი ბურთს არ აღებინებს, პლუს ერთი კაცი აზღვევს. რა გინდა გააკეთო? მობრუნების საშუალებას არ აძლევენ.
ჰოდა, არც მობრუნებულა. 87-ე წუთზე ზურგითმყოფმა გაიტანა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლით “ბარსა” ლიგაზე გაიყვანა და ყველა დროის ყველაზე მაგარი ჰეთთრიქიც შეკრა.
მერე დაიწყო სიგიჟე.. ხალხი გადმოცვივდა მოედანზე და მისი მაისური ნაფლეთებად აქციეს, ყველას სურდა რაღაც ნაწილი მაინც წაეღო სახლში. ასეთი სიგიჟე მე არასდროს აღარ მინახავს.
და ვის ერგო ოქროს ბურთი?
მე ულაპარაკოდ რივალდოს მივცემდი ხმას. ითქვა კიდეც, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ეგრე არ გაიცემა ძმაო! ოქროს ბურთს ტიტული სჭირდება, რივალდოს თარო კი ცარიელი იყო.
მაიკლ ოუენმა სამი ტიტული მოიგო – უეფას თასი, FA თასი და ლიგის თასი. კარგი იყო მაიკლი. FA თასის ფინალში მაგრად დაჩაგრა ტიერი ანრი. ოუენმა დადგა შოუ, ანრიმ კი “არსენალი” დააღალატა.
რაულმა ლა ლიგა მოიგო. გახდა საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ორივეგან ერთი გოლით აჯობა რივალდოს.
ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იფრინა მეოთხედფინალიდან მოყოლებული და აგერ, ტიბო კურტუამ სანამ არ გაიგიჟა თავი “ლივერპულთან”, მანამდე მეკარის მსგავსი თამაში ლიგის ფინალში არც არავის უნახავს.
დევიდ ბექემმა პრემიერ ლიგა მოიგო.
ფრანჩესკო ტოტიმ სერია ა – “რომასთვის” ეს დიდი ამბავი იყო.
ფიგუმ ასევე ლა ლიგა.
მხოლოდ მეშვიდე იყო რივალდო ამ სიაში, რადგან ტიტულის გარეშე დარჩა. მე კი თავს დავდებ რომ ამ სეზონში ასეთი მაგარი მატჩები არავის ჩაუტარებია. არც ლაურეატ ოუენს, არც რაულსა და არც ტოტის.
ასე რომ, რივალდოს ეს სეზონი მსოფლიო მასშტაბით მაინც ჩრდილში დარჩა. მომავალი თაობები ოქროს გასწვრივ მის გვარს ნამდვილად ვერ იპოვიან, აი, მეხისრებას კი შემორჩა.
სასიამოვნო წასაკითხი სტატიაა
ის მესამე საოცარი გამოვიდა სული ვერ მოვითქვი, და რაიკარდი აღარც მახსოვდა სად იყო და რას აკეთებდა, გამეორებებს ვუყურებდით. სამგიეროდ ლეოს ხეტაფესთან გატანილი გოლის დროს კარგად გამოჩნდა, რა ეშმაკურად იღიმებოდა და როგორ დინჯად უკრავდა ტაშს, თითქოს ამბობდა: "აბა რააო"
1- ტერ შტეგენი
2- კუბარსი
3- ბალდე
4- არაუხო
5- ინიგო
6- გავი
7- ფერან ტორესი
8- პედრი
9- ლევანდოვსკი
10- ფატი
11- რაფინია
12- ლენგლე
13- პენია
14- ტორე
15- კრისტესტენი
16- ფერმინი
17- როკე
18- კასადო/ვალიე
19- იამალი
20- ოლმო
21- დე იონგი
22- გიუნდოგანი
23- კუნდე
24- ერიკ გარსია
25- ვალიე/კასადო
რივალდომ შემაყვარა ბარსელონა. ფიგუმ რომ გააჯვა იმის მერე ბგულშემატკივრობ ამ კლუბს. მახსოვს ეგ თამაშიც ვალენსიასთან მაკრატელით რომ მოვიგეთ 3-2 და ძლივს რომ გავედით ლიგაზე