workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტოქე ფოკუსში – ხვიჩა კვარაცხელია

მეტოქე ფოკუსში – ხვიჩა კვარაცხელია

დროა ჩვენი ძველი რუბრიკა გავიხსენოთ. რუბრიკა, რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებთ, უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ გვაქვს გამოყენებული. “მეტოქე ფოკუსში” აქამდე მხოლოდ კილიან მბაპე დავზვერეთ და იქვე დასკვნაც გავაკეთეთ რომ კარგი არაფერი გველოდა წინ – საბოლოოდ, კილიანი ასპრილიასა და შევჩენკოს შეუერთდა და “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეუსრულა. 

ახლა კი მორიგი მეტოქეა დასაზვერი, ნეაპოლში “ბარსას” ხვიჩა კვარაცხელიასთან გამკლავება მოუწევს. 

მაინც, რა ფენომენია კვარაცხელია 

დღევანდელ ფეხბურთში სადაც ყველაზე დიდი აქცენტი ათლეტიზმსა და ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კრეატიულობითა და არაორდინალურობით გამორჩეული ფეხბურთელი. “ბარსას” ბოლო პერიოდში ჰყავდა ძალიან არაორდინალური ფეხბურთელი, მაგრამ მეტად უტვინო ვინმე გამოდგა, ნული საფეხბურთო აზროვნებით, ამიტომ, მისი არაორდინალურობა არც არაფერში გამოგვადგა. კვარაცხელიას კი ესმის ფეხბურთი, ესმის გუნდი როგორ მოძრაობს, სწრაფად აზროვნებს და ხედავს მეტოქის მომდევნო ნაბიჯს. მისი ტექნიკისა და სისწრაფის მქონე ფეხბურთელის შეჩერება ძალიან რთულია. 

იტალიელები ჯიჯი მერონის ადარებდნენ. ჯიჯიც ასეთი დახვეწილი სტილით მოთამაშე ბიჭი იყო და დიდი სახელი მხოლოდ იმის გამო ვერ დატოვა რომ სულ რაღაც 24 წლისა გარდაიცვალა. იტალიის მიღმა კი ყველას ჯორჯ ბესტი აკერია პირზე, კვარა ახალი ჯორჯ ბესტიაო! 

მე თუ მკითხავთ ნაკლებად გიჟია და მეტად პროფესიონალი. ნიჭითა და ტალანტით კი ნამდვილად არ ჩამორჩება. 

მძიმე სეზონი

“ბარსას” წინააღმდეგ გუნდს კალძონე გამოიყვანს. (როგორც იტალიელებმა გვითხრეს ამ კაცის გვარი ასე გამოითქმის) მიმდინარე სეზონში ის კვარაცხელიასთვის მესამე მწვრთნელი იქნება. ჯერ რუდი გარსია იყო, რომელთანაც დიდად კარგი ურთიერთობა ვერ ააწყო. არც მოედანზე ემთხვეოდა მათი ხედვა, არც მოედნის მიღმა. მერე ვალტერ მაძარი მივიდა და თითქოს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ გუნდის თამაში არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. 

კალძონე მესამე იქნება. ერთ სეზონში ამდენ ცვლილებას სიკეთე არავისთვის მოაქვს. თან იმუქრება ეს კაცი, “ბარსას” აუცილებლად უნდა მოვუგოთო. 

გარდა ამისა, კვარაცხელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა, დაოჯახდა, დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, და იმის მაგივრად რომ გარშემო ყველა დახმარებოდა წინსვლაში, თავისივე აგენტმა “გაშარა”. კვარას და ოსიმენის სადებიუტო სეზონი რაღაც მხრივ რონალდინიოსა და ეტოო’ს სადებიუტო სეზონს მაგონებდა “ბარსაში”. ერთი ჯადოქარი, მეორე კი ცივსისხლიანი აფრიკელი. 

ჯერ ვერც ერთია რონი და ვერც მეორე ეტო’ო, მაგრამ დასაწყისი კარგი ჰქონდათ. მერე კი აირია.. 

ოსიმენი აფრიკის თასის შემდეგ ნეაპოლში დაბრუნდა და ვნახოთ იქონიებს თუ არა გავლენას ეს დაძაბულობა მოედანზე. თავის მხრივ, ფიქრი მოუწევს ჩავის, ოსიმენის წინააღმდეგ კუბარსის დაყენება რამდენად გონივრული იქნება არ ვიცი, უდაოდ ნიჭიერი მცველია, მაგრამ ასეთი მატჩისთვის არა მგონია მზად იყოს.

მეორე მხრივ, იმავე ამოცანა დგას, რაც “მადრიდთან” შეხვედრებში – ვინ დადგება ფლანგზე კვარას წინააღმდეგ? არაუხო თუ კუნდე? 

თუ არაუხო ფლანგზე დადგა ოსიმენი გაილაღებს. თუ კუნდე დადგა ფლანგზე არა მგონია კვარას რამე დააკლოს. ბოლო დროს კი მოუმატა, მაგრამ ერთი-ერთზე კვარასთან განწირული მგონია. 

ცენტრშიც სახიფათოა 

რამდენიმე შეხვედრა იყო სადაც კვარაცხელიამ უფრო ცენტრისკენ გადმოიწია და იქიდან შექმნა საფრთხე. რამდენიმე კარგი გოლი მოედნის შუაგულიდანაც მოუგროვდა, ხან დრიბლინგით წაღებული, ხანაც შორიდან გასროლილი. “ბარსას” კი საყრდენ ზონაში ვერ აქვს საქმე კარგად. თუ ჩავიმ კრისტენსენის დაცვის ცენტრში დაყენება გადაწყვიტა, მაშინ ხშირად უნდა ველოდოთ კვარას ამ ზონაში შემოსვლას, მისი დამჭერი არც რომეუ იქნება და არც დე იონგი. კრისტენსენს რა თქმა უნდა, მეტი შანსი აქვს. 

რიცხვებში 

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი აჩქარება 32.4 კილომეტრ საათი იყო. შედარებისთვის, კილიან მბაპემ “ბარსასთან” შეხევდრის წინ ყველაზე მაღალი 36.1 კილომეტრ საათი დააფიქსირა. 

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შეხვედრებში თითქმის სამოცი კილომეტრი აქვს დაფარული – 59.56, საშუალოდ ერთ მატჩში 9.5 კილომეტრს დარბის. 

პასების სიზუსტე 83.5%. 

ტორესის მსგავსად 

დიდი ნაბიჯი ჰქონდა კაკას და ტიერი ანრის, მაგრამ მათი ნაბიჯის სიხშირეც ძალიან მაღალი იყო. ფერნანდო ტორესი კი ამ თვალსაზრისით ძალიან განსხვავდებოდა, პიკში მყოფ ტორესს თუ გავიხსენებთ, ასევე ძალიან დიდი ნაბიჯი ჰქონდა, თუმცა, ყოველთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ შენელებული თამაშობდა. 

ამიტომაც თქვა ფერგიუსონმა – ის იმაზე გაცილებით სწრაფია, ვიდრე ბევრს ჰგონიაო. ეს შენელებული მოძრაობა ბევრისთვის დამაბნეველი იყო და მცველებს ისე პარავდა დისტანციას რომ აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდნენ. 

კვარაცხელიაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, მცველებს ხშირად ჰგონიათ რომ მასთან საკმარის დისტანციაზე არიან, მაგრამ კვარას ერთი-ორი ნაბიჯი და უკვე ბურთი გაქვს დაკარგული. 

გარდა ამისა, მისი მომდევნო მოქმედების გამოცნობაც ძალიან რთულია, სწორედ ამის გამო ძალიან ხშირად იკიდებს თერთმეტმეტრიანებს. ამ სეზონში ამ მხრივაც ვერ ბრწყინავს განსაკუთრებით, მაგრამ ეს ნიჭი რომ აქვს კარგად მოგვეხსენება. 

დასკვნა 

დასკვნის გამოსატანად საკმარისი ანალიზი ნამდვილად არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვარაუდს მაინც გამოვთქვამ. ამ სეზონში “ფინიშინგის” პრობლემა აქვს, ამიტომ მბაპესგან განსხვავებით მისგან გოლებს არ ველი. უფრო მგონია, რომ 11-მეტრიანზე წამოიკიდებს ჩვენს რომელიმე მცველს. 

როგორც “მადრიდისტა” განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, გარდა ამისა, უკვე აქვს ინფორმაცია რომ მისით “ბარსელონაა” დაინტერესებული. ის კაცი ვინც მორიგ ჯერზე მილიონები უნდა ისესხოს და გამოისყიდოს, დღეს სტადიონიდან მიადევნებს თვალყურს. 

კვარას “ნაპოლის” დატოვება სურს. გუნდი ძალიან აირია, პრეზიდენტი კი ყეყეჩი გამოდგა. კაპიკებად ათამაშებენ მსოფლიო დონის ვარსკვლავს. სურს “მადრიდი”, მაგრამ “მადრიდს” არ სჭირდება, ვინისიუსი და მბაპე ყველაფრისთვის საკმარისია. 

ჰოდა, ვინ იცის. იქნებ დღეს მომავალი კლუბის წინააღმდეგ ითამაშოს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 თებ 2024, 18:34
    #6

    კარგი და მოეწონათ, მერე რას შვრებიან? სადაა ბაბაია ფული? როგორც წავიკითხე 80 მილიონი ყოფილა გამოსასყიდი და ლაპორტაა მაგის გადამხდელი?

  • PUIOL5
    schedule 21 თებ 2024, 17:59
    #5

    დღევანდელ მოცემულობას თუ შევხედავთ კუნდე უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე არაუხო, ბოლო გოლები არაუხოს უხეშ შეცდომებს მოყვა ამიტომ ძაან მიკერძოებული სტატიაა არაუხოს მიმართ, ასევე კვარას დიდი სიყვარულის მიუხედავად ნუ გახადეთ მესი, მესი კიარადა ჯერ ვინიციუსის ნახევარი არაა და რა შეჩერებაზეა საუბარი, საერთოდ თუ მასე ეშინიათ კვარასი მაშინ კუნდე უნდა დაუყრნო ფორმიდან გამომდინარე. მე კი ვისურვებდი შემდეგ დაცვის ხაზს შტეგენი კუნდე არაუხო კრისტენსენი კანსელუ

  • JustBarcaLover
    schedule 21 თებ 2024, 17:41
    #4

    ჩვენი ბედი რო ვიცი ნაპოლი დღეს საუკუნის მატჩს დადებს ყველას ეხლა მოუნდება თავის გაგიჟება

  • Gaucho24
    schedule 21 თებ 2024, 17:09
    #3

    გვჭირდება საკუთარ თავზე ამღები ფეხბურთელი , რომელიც მატჩის მიმდინარეობას შეცვლის , რომელიც საფრთხეს და შიშს მოგვრის მეტოქეს , თავის ტკივილს გაუჩენს , ისეთი რომელსაც სივრცეს თუ დაუტოვებ მოგკლავს და შეცდომას არ გაპატიებს , ეგეთი ყოველთვის გვყავდა , ისეთი ვინც სივრცეს შექმნიდა , დრიბლინგზე წავიდოდა , საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს და ულიდერებდა გუნდს , რომელიც გამოუვალ სიტუაციაში იპოვიდა გამოსავალს , რომელსაც ორმაგი მეურვეობა მინიმუმ დაჭირდებოდა და ეგ გვაკლია ზუსტად , მესი რომ იყოს არავინ თხოვს , მაგრამ მინიმუმ მეტოქე მცველები ისე არ უნდა იყვნენ რომ "უუფ ამას ერთი კაციც ეყოფა და დაჟე რომ არ აიყვანო ეგეც არაა პრობლემა თვითონ დაიბნევაო.." როგორც რაფინია ტორესი არიან.. ასეთი ტალანტი გვყავს მაგრამ პატარაა ჯერ და გამოცდილება აკლია , 16 წლის ბავშვი ვერ მოიგებს მატჩებს , ამიტომ გვჭირდება სხვა , გამოცდილი , უკვე ვარსკვლავი , სწრაფი , ტექნიკური , შემსრულებელი , კარგი პასით , დარტყმითა და აზროვნებით , ყველა გრანდს ყავს მინიმუმ ერთი ასეთი , ვინც სხვაობას ქმნის მოედანზე ჩვენ გარდა , ხოდა მეც ვფიქრობ რომ კვარა ასეთია , თავისი სტილი და მუხტი აქვს , ხოდა იქნებ მართლა ვიხილოთ ჩვენთან ეს ოქროს ბიჭი…

  • La Pulga10
    schedule 21 თებ 2024, 16:37
    #2

    ხვიჩა დღეს დავადებთ შენს ნაპოლის და იმედია ზაფხულში ჩვენთან გიხილავთ.

  • ზურაბ
    schedule 21 თებ 2024, 15:40
    #1

    ხვიჩა შენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ დღეს ბარსელონას ვგულშემატკივრობ smiling_imp