workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მესი მსოფლიო ჩემპიონია! 

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია! 

ფინალში გატანილი ორი გოლი და უამრავი შექმნილი მომენტი, – ლიონელ მესიმ დედამიწა დატოვა!

არასდროს არავინ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ორჯერ არ გამხდარა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. არც ზიდანი, არც მარადონა, არც პელე. 

მესი გახდა. უკვე გახდა. 

პელე 1970-ში აღიარეს საუკეთესოდ, 1958-ში ვერცხლის ბურთი ერგო. 

მარადონა 1986-ში იყო საუკეთესო, 1990-ში ბრინჯაოს ბურთი მისცეს. 

ზიდანი 2006-ში იყო საუკეთესო, 1998 წელს სამეულშიც არ ყოფილა. 

მესი ორჯერ გახდა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი. უკან მოიტოვა ლოთარ მათეუსი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. გახდა ფეხბურთელი, რომელსაც გოლს+პასის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ჩემპიონატის ისტორიაში. გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის ყველა ეტაპზე გაიტანა, – ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. 

და ეს ყველაფერი 35 წლის ასაკში!

არავის ისე არ უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლის ასაკში, როგორც პელეს. 

არავის ისე არ უთამაშია მუნდიალზე 25 წლის ასაკში, როგორც მარადონას. 

არავის ისე არ უთამაშია 35 წლის ასაკში, როგორც მესის. 

თინეიჯერობის, დაკაცებისა და ვეტერანობის პერიოდები, – პატარა პელეს ამბიცია, მარადონას ვნება და მესის სიბრძნე. 

ხალხი ამბობდა, მესი შედეგის მიუხედავად მაინც ყველა დროის საუკეთესოა, მსოფლიო ჩემპიონატი არაფერში სჭირდებაო. დიდი ხალხი ამბობდა ამას, ლინეკერი, რივალდო და სხვებიც, მაგრამ, არ არის ასე. მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის, თანაც რადიკალურად! 

ახლა იმ ჩემპიონატებსაც კი სხვა პერსპექტივიდან შეხედავენ, რომელიც ვერ მოიგო. გამარჯვებულის პერსპექტივიდან. თითქოს შეუძლებელი იყო, რომ მესის სახელი და მემკვიდრეობა კიდევ გაზრდილიყო, მაგრამ მერწმუნეთ, გაიზარდა, ახლა იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე იყო, წარმოუდგენლად დიდი, მსოფლიო ჩემპიონობა ლიცენზიაა, იყო ყველა დროის საუკეთესო. 

ახლა არავის აღარ შეეძლება, რომ მესიზე მაღლა საერთოდ ვინმე დააყენოს. მსოფლიო ჩემპიონობის კვარცხლბეკი ოლიმპოს მთაა საფეხბურთო სამყაროში, ეს ღმერთების თავშეყრის ადგილია. ვერ ვიტყვი, რომ მესის ეს კარი გაუღეს, ალბათ უფრო შელეწა, წლების მანძილზე ურტყა და როგორც იქნა, შეამტვრია. 

არგენტინული მესიანური კულტურა შენარჩუნებულია. არგენტინა იგებს მაშინ, როცა ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, ერთი კაცი, რომელსაც ყველა მიჰყვება ბრძოლაში, რომლისთვისაც ყველა მზად არის, მოკვდეს. 

დი მარია ისევ საუკეთესო ნომერი ორია! ბევრჯერ დაგვიწერია, რომ 2014 წლის ჩემპიონატიც სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა დი მარიას ყოფნის შემთხვევაში. ბებერმა, ფორმა დაკარგულმა კაცმა საოცრად ითამაშა, პენალტი აიკიდა, გოლი გაიტანა და ნაადრევად მხოლოდ იმიტომ გაიყვანეს, რომ მეტი აღარ შეეძლო. (ან შეეძლო, რავიცი მე…) წარმოიდგინეთ საუკეთესო ფორმაში მყოფი რას იზამდა?! 

ვინ გაიტანა 2008 წელს ოლიმპიური თამაშების ფინალში? დი მარიამ! 

ვინ გაიტანა კოპას ფინალში მარაკანაზე? დი მარიამ! 

ვინ გაიტანა ფინალისიმაზე? დი მარიამ! 

მუნდიალზე? დი მარიამ! 

ლეგენდარული კაცია. მესის დამსახურებული სკოტი პიპენი! 

ფინალზე რა ვთქვათ? აბსოლუტური სიგიჟე იყო! 

ველოდით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფინალს და მივიღეთ ისტორიაში საუკეთესო ფინალი. ორი ძალიან კარგი გუნდისა და ორი ძალიან კარგი ლიდერის გამო. 

მბაპე, შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ფეხბურთელია. ნაკლებად ელეგანტურია, ვიდრე ტიერი ანრი, სამაგიეროდ, ცენტრალურ მატჩებში ბევრად უკეთესია. აი, სხვების დასაჯაბნად კიდევ ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევს. 

დაიმსახურა ბომბარდირობა. შეერგოს. 

მესიმ თასი დაიმსახურა. მესიმ ყველაფერი დაიმსახურა. 

აბა, გადახედეთ მის კარიერას. ასეთი გზა თუ გინახავთ სადმე? წარმოუდგენელი ამბავია. დაუჯერებელი. ღმერთების დაწერილი სცენარივით არის, თუმცა, მსურს, რომ ბედისწერა გვერდზე გავწიო, მიმაჩნია, რომ ამ კაცმა თავად შექმნა თავისი გზა, – ღვთაებრივი ტალანტის, თავმდაბლობის, შრომისმოყვარეობისა და საოცარი შეუპოვრობის ხარჯზე. 

ახლა შეგვიძლია, ვთქვათ ის, რისი თქმაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვსურდა, – მესიმ ნაკრებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. 

რაღა დარჩა? 

საერთოდ დარჩა რამე? 

შვიდგზის ოქროს ბურთის მფლობელი!

ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული!

მსოფლიო ჩემპიონი! 

მსოფლიო ჩემპიონი! 

მსოფლიო ჩემპიონი! 

ბოლოს ვიღაც შეიხმა უჩინმაჩინის ლაბადა მოასხა და მესი მაინც არ გაქრა! 

მტრის ჯინაზე არ გაქრება!

რა დროს გაქრობაა?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა იწყებს ყველაფერს. 

98 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში. არ ვიცი, წავა თუ არა. ალბათ ძალიან დაიღალა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ასამდე ასულიყოს. მაინც კარგი რიცხვია ასი. შეხედავ, გაგიხარდება. 

სანამ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის თასი აიტაცა ხელში, მანამდე შეშლილი მარტინესი თავისივე მედალიონის თოკით იხრჩობდა თავს, სიხარულით მოუვიდა ალბათ, ის ალადინის ოქროს ხელთათმანი საზარდულთან მოიგდო და საოხრედ იქნია, გააგიჟა საწყალი შეიხი, ვიღაცამ მთელი თავის ოსტატობა ჩააქსოვა ამ ჯილდოს შექმნაში და მარტინესმა სპილოს ხორთუმად აქცია. 

ეპატიება! 

ამ დღის მერე ყველაფერი ეპატიება. 

უყურებს ალბათ გოიკოეჩეა და ტირის. მერე იცინის, მერე ისევ ტირის, როგორც ხდება ხოლმე უზომო ბედნიერების დროს. 

ახლა არგენტინაში სულ ასეთი ამბები იქნება. 

მატჩის წინ ზაბალეტამ თქვა, 86 წლის ჩემპიონობა მე არ მახსოვს, მაგრამ წამოვიზარდე თუ არა, ყველგან მარადონას ვხედავდი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელშიო. ისურვა, ნეტავ მესიც ასე მენახოსო, ჰოდა, ხვალიდან, ბედნიერების ნაბახუსევზე, მთელ არგენტინაში გაჩნდება ეს სურათი, – კორპუსებზე, სკოლის კედლებზე, მოედნებზე, ყველგან, – მესი, დედამიწის თასით ხელში. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • mettal
    schedule 20 დეკ 2022, 18:45
    #29

    კარგი სტატიაა!!

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2022, 15:40
    #28

    უძლიერესი სტატია და მადლობა ფეოლას;
    ვამოს არხენტინოს!!!

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 20 დეკ 2022, 02:47
    #27

    ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატს ზედმეტად მეტი ყურადღება ექცევა და არუნდა იყოს პრივილეგია მაგის მოგება, მესის რომც ვერ მოეგო მაინც მესი ოქნებოდა ნომერ პირველი, რომელი გიჯი დააყენებდა მესიზე წინ დემბეს გრიზმანს ან ცხენ მბაპეს? ეგენი სამივე რომ გადაადნო მესის ნახევარიც ვერ იქნებიან.

  • Dani alves
    schedule 19 დეკ 2022, 17:59
    #26

    დემბელე ძლივს გამოგვადგა რაღაცაში

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69 ვეტერანი
    schedule 19 დეკ 2022, 17:51
    #25

    ყველა დროის საუკეთესოთა შორის საუკეთესო 🐐🇦🇷❤️
    P.s დემბელეს განა ტტუილად ვაგინებ ხოლმე კაცო ბარსაში რომ თამაშობს 😃 დიდი მადლობა უსმან

  • cruyff9
    schedule 19 დეკ 2022, 16:53
    #24

    უძლიერესი ხარ ფეოლა,,ჟრუანტელმა დამიარა🥰🥰

  • Lashach1
    schedule 19 დეკ 2022, 14:28
    #23

    ფეოლა გაგვაგებინე ეხლა არის თუ არა მესი მარადონაზე უკეთესი? 😂😂😂

    ციტატა: jack slater
    მე მგონი დაესვა დიდი მსუქანი წერტილი იმ სპორს,თუ ვინაა საუკეთესო 21 საუკუნეში.

    გად@@ჯვას ქრისტინამ და პირს მორგანმა ერთმანეთს.

    რატო მარტო 21 საუკუნე? ისტორიაში საუკეთესოა! მერვე ოქროს ბურთი მოიგო უკვე ძმამ, მეტი რაღა უნდა ქნას? წელს ჩემპიონთა ლიგაც თუ დაამატა ან კარიერის ბოლომდე, ეგ იქნება ვაფშე მაგარი. რონალდოს ფანუშკებს რო საერთოდ არაფერი დაუტოვოს სალაპარაკო 😂😂
    ისე ჩემპიონთა ლიგაზეც თუ გაასწრებს გოლებში ცუდი არ იქნება✊✊

  • ფეოლა
    schedule 19 დეკ 2022, 13:05
    #22

    Don_Andresito,
    ჩამომსხენითო ყვიროდა

  • პავლოვიჩი56
    schedule 19 დეკ 2022, 12:53
    #21

    გაიხარე…

    ციტატა: Johan cruyff13
    რონალდინიო 2001 ში გადადის პსჟში 2002 ში მსოფლიო ჩემპიონი ხდება, მბაპე 2017 გადავიდა პსჟში 2018 მსოფლიო ჩემპიონი ხდება, მესი 2021ში გადადის პსჟში 2022ში მსოფლიო ჩემპიონი გახდა🙂


    სუპერ…გაიხარე.