“ბარსა” “სელტას” დაპირისპირებაში იმდენი მაგარი ამბავი მომხდარა, აბა, ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ, შევეცდები ხუთი განსაკუთრებული ამბავი გავიხსენო, რაღაც უკვე გვიხსენებია, ნაწილი ჯერ კიდევ ჩრდილშია, ან, ნისლში, აი, ჰაჯის ამბავი უეჭველად ნისლშია.
არის კარგი ამბებიც, სევდიანიც, ლამაზიც და ზღაპრულიც, ჰოდა, მივყვები ასე ნელ-ნელა.
კარპატელი მარადონა
1994/95 წლების სეზონში “ბარსა” “სელტას” ეწვია, ჩავიდა ოცნების გუნდი ჯერ კიდევ მძვინვარე შემადგენლობით, აქ იყვნენ სტოიჩკოვი და რომარიო, ბაკერო და კუმანი, მართალია აღარ იყო ლაუდრუპი, მაგრამ მის ნაცვლად მოვიდა რუმინელი გეორგი ჰაჯი. სეზონის მანძილზე კიდევ არაერთხელ გავიხსენებთ, ისეთი წელია, რომ მოგვიწევს, მერე იქნებ სტატიაც მივუძღვნათ, მანამდე კი ორი სიტყვით ვახსენოთ “სელტასთან” მატჩი.
რა უნდა მომხდარიყო? დაიწყო და დაიწყეს..
ჯერ სტოიჩკოვმა შეაგდო, მერე რომარიომ თავისი ცნობილი ჭვინტით, მერე კუმანმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი და ინტრიგაც მოკვდა. უნდა აღვნიშნო ამ მატჩის მთავარი ნიუანსი, საშინელი ნისლი იყო ჩამოწოლილი, ისეთი რომ მაშინდელი ტექნიკური არსენალით ძლივს მოხერხდა შეხვედრის გადმოცემა. ბურთის დანახვა გაჭირდა როგორც მაყურებლისთვის, ისე ფეხბურთელებისთვისაც, განსაკუთრებით ცუდ დღეში ჩავარდნენ მეკარეები, ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა.
86-ე წუთზე “სელტამ” ანგარიში შეამცირა, თითქოს ინტრიგას აბრუნებდნენ, რეჟისორი გამეორების ყურებით გაერთო, მოედანზე დაბრუნებულ ტელემაყურებელს კი ბურთი “სელტას” კარში დახვდა. მიდი და გაიგე ახლა რა მოხდა.
თურმე, ცენტრში მიტანილი ბურთი ამ გაიძვერა ჰაჯის გაუგორეს, ამანაც ერთი გაისწორა და ამოჰკრა! მისი მარცხენა რას წარმოადგენდა ყველას კარგად მოეხსენება, “სელტა” ჯერ კიდევ ზეიმობდა, როცა ჰაჯიმ ცენტრიდან გაუტანა. ბევრჯერ გინახავთ ასეთი ამბავი? მე საერთოდ არ მინახავს.
ოსკარი!
“სელტას” კარში საუკეთესო გოლისთვის ოსკარი უნდა დავაწესოთ, რადგან, 1996/97 წლების სეზონში, ჩვენმა ოსკარმა ისეთი იკადრა, მანამდე კაციშვილს რომ არ უკადრებია. თანაც ორჯერ იკადრა. ეს ამბავიც გასვლაზე მოხდა, შემადგენლობა ისევ გადასარევი, ბოლოს და ბოლოს რონალდოს საუკეთესო ვერსია იყო მოედანზე, იყო ლუიშ ფიგუ, ამუნიკე, ლუის ენრიკე, გვარდიოლა და ა.შ, მატჩის გმირი კი ოსკარ გარსია გახდა.
ჯერ ამუნიკეს პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, გაიტანა ისეთი გოლი, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა პრეტენზია სეზონის საუკეთესოდ აერჩიათ, შემდეგ კი ანგარიში ორამდე გაზარდა, ამჯერად რონალდოს პასის შემდეგ შეაგდო, პირველზე უკეთესი, თითქოს შეუძლებელი იყო ეს გაეკეთებინა, მაგრამ გააკეთა.
საჯარიმოს გარედან დაუშვებლად გააქანა და წარმოუდგენელი სილამაზის გოლი შეაგდო.
ოსკარი გეკუთვნის შენ, ოსკარო! საუკეთესო სპეცეფექტებისთვის! გავა წლები და კიბორგები იტყვიან, რომ ეს არ მომხდარა, გრაფიკაა, მონტაჟი..
ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ მოხდა.
მესამე გოლი “ფენომენომ” შეაგდო.
რივალდოს ბოლო
ამაზე ცალკე სტატიაც დაგვიწერია, აქ შეგიძლიათ იხილოთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჩვენი ლეგენდის უკანასკნელი მატჩი იქნებოდა “ბარსას” მაისურით. ვერ წარმოვიდგენდით პირველ რიგში იმიტომ, რომ არ გვეგონა თუ ტრავმა ასეთი მძიმე იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდით იმიტომ, რომ წინ “რეალთან” გველოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და რივალდოს გარეშე ამის წარმოდგენაც არ გვსურდა, ვერ ვიფიქრებდით ამას იმიტომ, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატი იყო, და განსაკუთრებით ვერ ვიფიქრებდით, იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს ვან გაალს არ ველოდით.
აბა, ვინ იტყოდა, რომ რივალდოს უფასოდ გაუშვებდნენ? თან მუნდიალზე გაბრწყინებისა და ჩემპიონობის მერე. მაგრამ ასე მოხდა, “სელტასთან” მატჩი მისთვის ბოლო გამოდგა, და ალბათ ძალიან სიმბოლურიც.
აქ გამოჩნდა ამ კაცის სიყვარული და თავგანწირვა, არავის დაუცავს “ბარსას” ღირსება ისე, როგორც ის იცავდა. არც არასდროს ყოფილა კლუბის ღირსება ისე დასაცავი, როგორც მის დროს იყო. 2001/02 წლების სეზონი რივალდოსთვის მძიმე გამოდგა, ხშირად ჰქონდა დაზიანება, ფორმაში ვერა და ვერ შევიდა. “სელტასთან” 35-ე ტურის მატჩი იყო, ესეც გასვლაზე, რივალდო ტრადიციულად გამაყუჩებლებით თამაშობდა, “ბარსა” 61-ე წუთისთვის უკვე ორი ბურთით აგებდა, 62-ე წუთისთვის კი სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. ამიტომ, როცა ბრაზილიელმა ტკივილი იგრძნო მატჩის გაგრძელება გადაწყვიტა, რატომ? რავიცი.. სხვაგვარად არ შეეძლო. რივალდო იყო. გუნდს 10 კაცით ვერ დატოვებდა, სასწორზე შეაგდო კლასიკოს და მსოფლიო ჩემპიონატის ბედი.
“ბარსა” დამარცხდა, პრესტიჟის გოლი ბოლო წუთებზე რივალდომ შეაგდო, ამ ტკივილნარევი ნახტომით ტრავმა ისე გაიმიზეზა, რომ კლასიკოს ორივე მატჩი გამოტოვა. რამდენად საზრიანი იყო მისი გადაწყვეტილება? საერთოდ არ ყოფილა გონივრული, აბსოლუტურად ემოციური იყო, ამ კაცს სხვაგვარად არ შეეძლო, თუ მოედანზე იყო, ყველაფერს აკეთებდა “ბარსასთვის”. ასე დამთავრდა მისი ბრწყინვალე კარიერა “ბარსელონაში”.
რივალდოს დუბლი
ერთი წლით უკან წავიდეთ. “ბარსა” უეფას თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა “სელტას”. სახლში 2:1 მოიგო პატრიკ კლუივერტის დუბლით. გასვლაზე კი ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა, რივალდო მოედანზე იყო, თან, 2001 წლის რივალდო სასწაულებს ახდენდა მოედანზე.
ორი შეაგდო, ორივე ერთმანეთზე უკეთესი. დაადუმა ყველა თავის მაგიური მარცხენათი. ბოლოს გაგვიტანეს და “სელტამ” 3:2 მოიგო, მაგრამ “ბარსა” უკვე მოშვებული იყო. მაშინ გასვლაზე გატანილი გოლის წესი მოქმედებდა, ამიტომ, დიდად ნერვიული თამაშიც არ ყოფილა. თითქოს ამ გზაზე უნდა გამხდარიყო ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში “ლივერპულთან” დამარცხდა, იქ პატრიკ კლუივერტმა ხელბურთის თამაში გადაწყვიტა, რატომღაც, არ ვიცი.. ერთი თერთმეტმეტრიანით წავაგეთ.
მაგია
ამდენი გასვლის მერე სახლშიც მოვედით. გახსოვთ? რა თქმა უნდა, რა დაგვავიწყებს, ეს ალბათ MSN-ის პიკი იყო. გარდა იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ თამაშისგან, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მაგარ რამეს მოიფიქრებდა, ულამაზესი გოლები, ნეიმარის საოცარი ფინტი, ასე სუფთად, ასე დროულად და ლამაზად შესრულებული საერთოდ არასდროს მინახავს, მესის გაბითურებული მცველები და სუარესის გოლი, სიცილი, ხარხარი.. როგორც მივხვდით მესიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ნეიმარისთვის გადაწყვიტა ბურთის გაგორება, ამ დროს სუარესი გამოხტა და გაიტანა.
გაუგებარია ამ გუნდმა როგორ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. უფრო სწორად, გასაგებია, ზუსტად მეოთხედფინალის წინ სანაკრებო პაუზა იყო, ამას კი რა მოჰყვება ზუსტად ვიცით, მცირე ხნის წინ იგივე ამბავი დაგვატყდა თავს.
ეს მატჩი კი ისტორიას დარჩება.
სხვა გამორჩეულ მატჩებსა და გოლებს რაც შეეხება, აქ შეგიძლიათ ნახოთ.
ისტორია იცოცხლე მაგარი გვაქვს აი დღეს სადა ვართ იმაზე ვიდარდოთ. სხვათა შორის გუშინ შემთხვევით რუსულ სპორტულ არხზე ფეხბურთებს რო ვეძებდი მოსკოვის სპარტაკის და ფეიენოორდის წამაშს წავაწყდი. ისტორიას იხსენებდნენ და იცით ფეინოორდში ვინ თამაშობდა? რა თქმა უნდა კუმანი. ანუ 95-ში ისევ ბარსაში იყო და 96-ში უკვე ფეიენოორდში გადასულა. კარგად მოსუქებული, დღევანდელისგან ვერ განასხვავებდით. ფეხბურთი კი შენელებულ გამეორებას გავდა, კუმანს რო აწყობდა ისეთი. თამაში ფეინოორდმა მოიგო 1-0, მაგრამ მე ის უფრო მესიამოვნა დიქტორმა რო მეორე მატჩის შედეგი გამოაცხადა უეფას თასის. ტორპედოს სტადიონზე კი ტორპედო თბილისის დინამოსთან დამარცხდა ასევე 1-0-თო. ბარემ იმასაც ვიტყვი რო დინამომ თბილისში 0-0 ითამაშა და შემდეგ ტურში გავიდა და გერმანულ ფრაიბურგთან დიდი ანგარიშით წააგო 4-1 თუ 5-1, ხოლო ამ თამაშებში ერთადერთი გოლის ავტორი იაშვილი ფრაიბურგმა იყიდა.
6-1 ტომ იყო ეგ მაინც ისეთი თამაშია რომ არასდროს დამავიწყდება, ნეიმარის ცირკაობები, მესი აქეთ, აქეთ ინი, აქეთ სუა იფრინეს რასაც ქვია
4-1 იც მახსოვს, რომ წავაგეთ 2016 იყო თუარვცდები, იმისმერე იყო ის მესის გათამაშებული თერთმეტმეტრიანი და ის ცუდი თამაში ერთიანად ამოვიღეთ