workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეიფორიის მიღმა – ლაპორტას 12 თვე

ეიფორიის მიღმა – ლაპორტას 12 თვე

The Athletic-მა ჟოან ლაპორტას 12 თვიან სამუშაოს სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი სტილისტური ცვლილებით გთავაზობთ. 

წინა კვირას მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კლუბის ყველაზე გავლენიანი ადამიანები “სანტიაგო ბერნაბეუს” ახალრეკონსტრუირებულ მოედანზე დაეშვნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ჟოან ლაპორტა ოთხი თითით! ანიშნებს იმას, რასაც პიკე აჩვენებს ხოლმე ხუთი თითით. იქვე არის მუშტმოღერებული ვიცე-პრეზიდენტი რაფაელ იუსტე, ჩავი ერნანდესი თავის ძმასთან, ამავე დროს მისივე ასისტენტ ოსკარ ერნანდესთან ერთად, მათთან ერთად არის სერხიო ალეგრე, ჩავის კიდევ ერთი დამხმარე, ყველა იღიმოდა, მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფიც. 

 სხვა სურათებში ნახავთ “ბარსას” ხელბურთის ყოფილ ვარსკვლავ ენრიკ მასიპს, რომელიც ლაპორტას საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა. 

“წინა მმართველობამ კლუბი განადგურებამდე მიიყვანა”, – განუცხადა მასიპმა ესპანურ El Larguero-ს, – „სამი წლის სამუშაო სამ თვეში შევასრულეთ. “ბარსა” დაბრუნდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კატასტროფული მდგომარეობიდან მოვახერხეთ დაბრუნება”. 

ლაპორტას დაბრუნებიდან 12 თვის შემდეგ გუნდი ბოლო დროს გაცილებით უკეთ გამოიყურება, კლასიკოს შემდეგ ამაღლებული განწყობაც შეინიშნება, მაგრამ, განაცხადი დაბრუნების შესახებ ცოტა გადამეტებულია. ასე რომ, The Athletic-ის ჟურნალისტმა ერთი კვირა გაატარა ბარსელონაში და ისაუბრა დაახლოებით ათ წყაროსთან, რათა გამორკვეულიყო, ნამდვილად აქვთ თუ არა კლუბის წევრებსა და ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პრობლემა ბევრია, მათი მოგვარება კი ხანგრძლივი პროცესი იქნება. 

“თუ ბურთი კარის ბადეში გაეხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება, აღარავის აინტერესებს შიგნით რა ხდება”, – ამბობს “ბარსას” ყოფილი დირექტორი. (The Athletic-ი ხშირად იღებს ინტერვიუებს ისე, რომ რესპონდენტის სახელსა და გვარს არ ახმაურებს, ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი გამოცემა, რომელსაც აბსოლუტური ნდობა აქვს და მსგავსი ხერხის გამოყენება შეუძლია. – ავტ.) 

“ამჟამად ხალხი ბედნიერია, გუნდი თამაშებს იგებს, ამიტომ ნაკლებად ანაღვლებთ ოფისში რა ხდება. ლაპორტასთვის საბედნიეროდ”, – ამატებს ყოფილი დირექტორი. (მოხსენიებულია, როგორც ყოფილი დირექტორი, თუმცა, არ ვიცით ვისი მმართველობის დროს იყო ეს ადამიანი დირექტორი, დიდი ალბათობით, ბართომეუს დროს მუშაობდა, შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულებაც გასაგები ხდება. – ავტ.) 

ლაპორტა ყოველთვის აკრიტიკებდა როსელსა და ბართომეუს, ადანაშაულებდა მათ საუკეთესო გუნდის ჩამოშლაში, უნდა აღინიშნოს, რომ ბართომეუსთან არჩევნები დათმო, რაშიც დიდი როლი ითამაშა “ბარსას” წარმატებამ ჩემპიონთა ლიგაზე, რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს ბართომეუს დამსახურებაც იყო და ლაპორტას დაბრუნება გადაიდო. მომდევნო არჩევნები მარტივად მოიგო, გაცილებით მძიმე ბრძოლას ელოდნენ ვიქტორ ფონტისთან, კლუბს ცვლილება მალევე დაეტყო, როგორც მინიმუმ იმის თქმა შეიძლება, რომ მუდმივი დაძაბულობა განიმუხტა, პარიზში ჩასულმა “ბარსამ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საბოლოოდ, ესპანეთის თასი მოიგეს და ლაპორტამაც მხურვალედ იზეიმა, თუმცა, სეზონს წარმატებულს ვერ უწოდებდი. 

გაურკვევლობა იყო კუმანთან და მესისთან მიმართებით. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ლაპორტას კუმანის გაშვება და მესის დატოვება სურდა, თუმცა, სეზონის დაწყების წინ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჯერ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მესის შესანარჩუნებლად, შემდეგ კი ითქვა, რომ მესის დარჩენა შეუძლებელი იყო. 

კუმანსაც მალევე მოუწია წასვლა. ჩავის მოსვლას ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ითხოვდნენ, მაგრამ, მაშინ სხვაგვარად გადაწყდა, ლაპორტას ჩავის მიმართ დიდი ნდობა არ ჰქონია, თუმცა, კუმანმა ყველაფერი დააჩქარა, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საშინლად გამოვიდა, ლაპორტამ ჰოლანდიელი გაათავისუფლა და დროებით მწვრთნელად სერჟი ბარჟუანი დანიშნა, რომელიც ღიად უჭერდა მხარს არჩევნების პერიოდში. 

ჩავის დაბრუნებას ხელს უშლიდა ვიქტორ ფონტის ფაქტორიც. როგორც თავიდან ითქვა ჩავი ერნანდესი ფონტის მთავარი კანდიდატი იყო, იწერებოდა, რომ პირობებზეც შეთანხმებულნი იყვნენ, ლაპორტა კი ჯიუტად ახსენებდა პეპ გვარდიოლას, ეჭვგარეშეა, რომ ბედი სცადა, თუმცა, პეპს სხვა გეგმები ჰქონდა. 

კუმანის გათავისუფლებისას “ბარსა” ლა ლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი გადამწყვეტი ორი მატჩი იყო სათამაშო, ჩავი ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო “ბარსას” გასაძღოლად, კონტრაქტი დიდი დაბრკოლებების გარეშე გაფორმდა, თუმცა, გადამწყვეტი მატჩის მოგება მაინც ვერ მოახერხა, “ბარსამ” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. 

ჩავის დანიშვნისთანავე დაიწყო დიდი ცვლილებები სამედიცინო და სკაუტების შემადგენლობაში. ერნანდესმა სამედიცინო გუნდი მთლიანად შეცვალა, “ბარსა” ბართომეუს დანატოვარისგან იწმინდებოდა, ყოფილი პრეზიდენტის ბოლო დანატოვარი რამონ პლანესი გამოდგა, რომელმაც კლუბი მალევე დატოვა, მისი მოვალეობების შესრულება ჟორდი კრუიფმა დაიწყო, რომელიც მატეუ ალემანისთან ერთად ასრულებს სატრანსფერო სამუშაოს. 

“თუ ჩავის, ან კრუიფს, რომელიმე ფეხბურთელის გადმობირება მოუნდათ, პირველ რიგში ამოწმებენ რა თანხის გამოყოფა შეუძლია მატეუს”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო. ლაპორტას წინასწარი განზრახვა არ ჰქონია, რომ ეს “ტრიო” ასე ერთობლივად გაძღოლოდა საქმეს, მაგრამ, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ერთ ენაზე საუბრობს. 

მიუხედავად დიდი ვალებისა და ლა ლიგის რეგულაციებისა, კლუბმა იპოვა გზები შეეძინა ფერან ტორესი, ადამა ტრაორე და პიერ-ემერიკ ობამეიანგი. გუნდი გაძლიერდა იმ რგოლში, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა, შედეგად 12 მატჩიანი წაუგებელი სერია მივიღეთ, “ბარსა” ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტია. 

აქვე აღსანიშნავია დიდი მიღწევა, – გასახდელსა და მმართველობას შორის ურთიერთობა აღდგენილია. ბართომეუს მმართველობის დროს ყველაფერი ნელ-ნელა იშლებოდა. მაგალითად, დანი ალვესთან უთანხმოება მისი მმართველობის პირველივე წელს დაიწყო, რაც დანის წასვლით დასრულდა და ამ დროის განმავლობაში კლუბმა მისი შემცვლელი ვერ იპოვა, იქამდე სანამ ლაპორტასა და ჩავის დაბრუნების შემდეგ, თავად ალვესიც არ დაბრუნდა. 

ლაპორტა ხშირად ესწრება სავარჯიშო სესიებს, მატჩების მერე გასახდელში ჩადის და ფეხბურთელებს ულოცავს, სრული ნდობა აქვს კაპიტნების მხრიდან, რომლებიც თავის მხრივ უყოყმანოდ თანმდებიან ხელფასის შემცირებას. 

 ეს ყველაზე მტკივნეული და მგრძნობიარე თემაა, “ბარსას” ვალები არსად წასულა, კონტრაქტებთან დაკავშირებით პრობლემებია. კლუბმა დემბელეს პრობლემა ვერ მოაგვარა, სეზონის ბოლოს ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება და დიდი ალბათობით გუნდიდან წავა, ლაპორტას მისი დასჯა სურდა, თუმცა, ჩავი ყველაფერს რაციონალურად მიუდგა, ემოციები გვერდზე გადადო და დემბელეს გამოყენება გადაწყვიტა, შედეგმაც არ დააყოვნა, დემბელე “ბარსელონური” კარიერის საუკეთესო ფორმაში შევიდა. ეს მთლიანად ჩავის დამსახურებაა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი მოყვანილი სამედიცინო გუნდი მუშაობს, მეორე იმიტომ, რომ დემბელეს მისცა ის, რაც მისთვის აქამდე არავის მიუცია, – ნდობა. 

წინა ხელმძღვანელობამ ჩამოშალა როგორც ფინანსური, ისე სპორტული მიმართულება. ლაპორტა მოვიდა და სპორტული მიმართულება ნელ-ნელა ფეხზე დგება, მაგრამ, რა ხდება ფინანსების თვალსაზრისით? 

ძალიან მოულოდნელი გამოდგა აღმასრულებელი დირექტორის, ფერან რევერტერის წასვლა, პირველ მიზეზად ოჯახთან მეტი დროის გატარება დასახელდა, ანუ ის არგუმენტი, რომელსაც მოიხმობ მაშინ, როცა რეალური მიზეზის თქმას ერიდები. MediaMarkt-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი საქმეს ენერგიულად შეუდგა, თუმცა, მალევე დატოვა პოსტი, არადა, ასეთი რანგის ხალხი ასე სწრაფად არ ტოვებს თანამდებობას, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მასსა და ლაპორტას შორის, კლუბის განვითარების გზაზე ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები არსებობდა. 

თავდაპირველად შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ლაპორტამ კარგი პოლიციელის როლი მოირგო, რევერტერმა ცუდის, ლაპორტა უფრო მეტ პოზიტიურ ამბავს ახმიანებდა, რევერტერი უარყოფითს, მათ შორის, მილიარდიან ვალზე პირველად რევერტერმა განაცხადა. ეს ყველასთვის შოკი იყო, შემდეგ კი ლაპორტა გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ კლუბს აუცილებლად გადაარჩენდა. 

ლაპორტას მსგავსად, რევერტერიც რისკის მოყვარული ბიზნესმენია, ბიზნესი რისკის გარეშე არ გამოდის, ამიტომ, ორივე თანხმდებოდა, რომ კლუბის გადასარჩენად კიდევ უფრო მეტი ვალის აღება იყო საჭირო, თუმცა, რა ფორმით, კონკრეტულად რისთვის და რა რაოდენობით, – ეს უკვე დავის საგანი გახდა. 

რევერტერი ნამდვილად არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი დანაკარგი, რომელიც ლაპორტას რეჟიმმა განიცადა. სეზონის დასაწყისში “ბარსას” ლა ლიგის მოთხოვნილი 124,6 ევროს თავმოყრა უნდა უზრუნველეყო, მაგრა, ჟაუმე ჟირომ ამ დავალებას თავი ვერ გაართვა, შესაბამისად, პოსტი მალევე დატოვა, მის ნაცვლად კი კლუბში ედუარდ რომეუ მოვიდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია კონკრეტული პრობლემის მოგვარებასთან. “ბარსამ” ფინანსების შეგროვება Audax Renovables-ის წყალობით შეძლო, რომეუ კი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. რომეუ და რევერტერი ერთობლივად მუშაობდნენ პროექტებზე, თუმცა, აქ უკვე საქმეში ჩაერთო რაფაელ იუსტე, რომელსაც ლაპორტასგან დიდი ნდობა აქვს, უთანხმოება გამოიწვია ესპანეთში სპორტის შესახებ მიღებულმა კანონმა, რის მიხედვითაც გაუქმდა გარიგებებში პირადი გარანტიის კანონიერი მოთხოვნა. ბართომეუს საბჭოს შეცვლა აუცილებელი იყო, მაგრამ, რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ ახალი დირექტორთა საბჭო სულ უფრო მეტად ქაოტური ხდება. 

ფერან ლოპესი, რომელიც უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი პოსტზე დანიშვნიდან მალევე გადადგა. სულ რაღაც ნოემბერში. 

ჟუან მანუელ ტაბერო, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელი პირი ორი კვირის წინ გადადგა. 

ჟორდი ბალსელსი, ვაჭრობის განყოფილების ხელმძღვანელი, “ბერნაბეუზე” გამარჯვებიდან ორ დღეში გადადგა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბი დატოვეს რევერტერის კადრებმაც, ხოლო, თანემდებობა დაიკავა ლაპორტას ბიძაშვილმა, რომელიც კლუბში 2008-10 წლებშიც მუშაობდა, ისევე როგორც მისი და. ახლო წრეში მოიაზრება ლაპორტას პირადი მეგობარი მანანა გიორგაძე, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, ხოლო ციფრული სტრატეგიების ხელმძღვანელი მისი შვილი, პალომა მიქაძეა. აქვეა მისი მოკავშირე პოლიტიკური კარიერის დროს, ჟორდი პორტაბელა. 

“ლაპორტა საოჯახო ბიზნესს აკეთებს და არა პროფესიულს”, – უთხრა The Athletic-ს ერთ-ერთმა წყარომ. 

ლაპორტას აღმასრულებელი დირექტორი აღარ დაუნიშნავს რევერტერის წასვლის შემდეგ. უბრალოდ აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტებს საქმე მოემატებოდათ. 

“კარგია, როცა ირგვლივ სანდო ხალხს შემოიკრებ, მაგრამ პროფესიონალების გარეშე არაფერი გამოვა”, – ამბობს რესპონდენტი. 

წყარო, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა ბართომეუს ამბობს, – “მათ არ სურთ რეალური ცვლილებები, არც ბართომეუს და არც ლაპორტას არ სურდათ, რომ კლუბში დასაქმებული ადამიანების ანგარიშვალდებულება გაზრდილიყო, კლუბის სტრუქტურა შორს არის პროფესიონალური მიდგომისაგან”. 

მცირე ხნის წინ გაცხადდა, რომ “ბარსას” ხელფასების უარყოფითი ბალანსი აქვს, როგორც გამოკითხული ადამიანები ამბობენ, დირექტორთათვის ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა, ჯერ კიდევ ტრანსფერებამდე მათ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ, ფეხბურთელების მოყვანა უფრო მართებულად მიიჩნიეს. 

“საეჭვოა, რომ ფინანსები გაიზარდოს ისე, როგორც ამას ელიან”, – ამბობს გამოკითხული ფინანსისტი. “ბარსამ” დიდი თანხა დაზოგა მესისა და გრიზმანის გაშვებით, მაგრამ, ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. 

თუ გავითვალისწინებთ “კამპ ნოუს” რეკოსტრუქციის პროექტსა და ლაპორტას სურვილს დაიმატოს სუპერვარსკვლავი, “ბარსას” ვალები მხოლოდ გაიზრდება, დაფარვის ტემპის მატებას კი 2025-26 წლებიდან ელიან. კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის არიან: Cazoo, Tencent, Vegan Nation, Nike, საბოლოოდ კი Spotify-ი შეარჩიეს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება გარიეგაბა გულისხმობს “ბარსასთვის” გადარიცხულ 62,5 მილიონს ყოველწლიურად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში. თუმცა, ამბობენ, რომ გარიგებაში სხვა პუნქტებიც არის, რომელიც კონფიდენციალურია. 

“თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შესაძლებელი იყო, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ფულის აღება საჩქაროა, წინა სპონსორებისგან “ბარსა” მეტს იღებდა”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

“ბარსას” გულშემატკივრებს, შესაძლოა არ ესმოდეთ “რეალთან” თანამოაზრეობა, მაგრამ უნდა გაიგონ, რომ ამ კლუბებს საერთო ინტერესები აქვთ”, – იგულისხმება სუპერ ლიგის ერთგულება და ბოიკოტი CVC Partners-ის მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” და CVC-ის შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ელიან, რომ სულ მალე შეთანხმების შესახებაც განაცხადებენ, მით უმეტეს, თუ ეს შეთანხმება “ბარსას” რომელიმე ვარსკლავისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. სიაში პირველი ერლინგ ჰოლანდია. 

“ამ ზაფხულს ისინი ერთ ფეხბურთელში დიდ თანხას გაისვრიან”, – ამბობს რესპონდენტი, რომელიც კლუბის წევრებთან დაახლოებული პირია. არადა, ვრცელდება ხმები, რომ “ბარსა” “ჩელსის” ფეხბურთელებს დატრიალებს თავს, ნაკლები დანახარჯით ხელში ჩასაგდებად. სანამ რომელიმე ტრანსფერზე დაიწყება ფიქრი, მანამდე გავისა და არაუხოს კონტრაქტები იქნება მოსაგვარებელი. 

“დღეს, რომ მესისა და ჰოლანდს შორის დადგეს არჩევანი, ხალხი ჰოლანდს აირჩევს, მესი წარსულია, ჰოლანდი მომავალი”. 

“რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კარგად თუ ცუდად, ყველას ეცოდინება ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, გადაწყვეტილებებს ერთი კაცი იღებს, მას კი ჟოან ლაპორტა ჰქვია”.

ასრულებს სტატიას დერმოტ კორიგანი.

მადლობა დერმოტს, სტატიის მიღმა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საგანგაშო არაფერია. ლაპორტას ყოველთვის მსგავსი მუშაობის სტილი ჰქონდა, როგორც სანდო პირებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ისე, ვალებთან და რისკთან. მთავარია, კანონთან არ იყოს რაიმე უხერხულობა, თორემ, მართვის მსგავსი სტილი ჩვენთვის ნაცნობია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2022, 16:24
    #3

    დემბელეს იმედზე ჩემი მტერი დადგა, ჯერ ისიც არ ვიცით ამ სეზონს ჩაათავებს თუ ხვალ ზეგ დაუბრუნდება თავის საყვარელ ლაზარეთს.

  • GURCHO99
    schedule 30 მარ 2022, 13:58
    #2

    დემბელე დარჩება ან მისი შემცვლელი დაგვჭირდება მეტი დიდად არავინ გვჭირდება კრისტენსენი უკვე ჩვენია და მეტი არავინაა საჭირო ამ ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში. სხვა თემაა თუ ზაფხულში 10 ან მეტ ფეხბურთელს გაყიდიან მერე კიდე შეიძლება ფიქრი 1-2 ფეხბურთელისთვის, მაგრამ გუნდი გასაწმენდია.

  • riva
    schedule 30 მარ 2022, 10:31
    #1

    გვჭირდება რომ მეგა ვარსკვლავი? ჩავიმ აჩვენა რომ უბრალოდ ვარსკვლავებსაც იდეალურად კრავს გუნდად. გასაგებია მარკეტინგულად ცოტა სხვა თემაა მაგრამ იქნებ ცოტა ხანი ესე სჯობდეს?