აგუერომ დაასრულა

აგუერომ დაასრულა

ვფიცავ, ასეთ რამეს ვეღარასდროს ნახავთ”, – დღეს სოციალური ქსელები აჭრელებული იყო მარტინ ტაილერის ამ უკვდავი კომენტარით, რომელიც ძალიან დიდი ლეგენდის ნაწილია. ამ სიტყვებს კი წინ უძღოდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი ყვირილი, რომელმაც ყველაზე დრამატული ფინალი აღწერა, – აგუეროოოოოოო..

ეს უკვე ისტორიაა. აგუეროს უკვე შორიდან შეუძლია საკუთარ შექმნილ ლეგენდას გადახედოს და ისიამოვნოს. ცრემლით წავიდა, საერთოდ, ძალიან რთულია, ფეხბურთს შეეშვას კაცი, რომელსაც ძალა ჯერ კიდევ ერჩის და თამაში უნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ ფეხბურთიც კი ვერ იქნება პირველხარისხოვანი, მით უმეტეს, იმ ყველაფრის მერე, რაც ამ კაცმა გადაიტანა. რაც მთავარია, გადარჩა და ცხოვრებას აგრძელებს. მწვანე გაზონს რაც შეეხება, საკმარისი ამბავი დატოვა იმისათვის, რომ მშვიდად და ღირსეულად გაიხუროს კარი. 

მართალია, “ბარსასთვის” არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც.. ლეგენდარული ფეხბურთელია და ჩვენი ფორმა მოირგო. მისი გადმოსვლის მერე ძალიან უცნაურად განვითარდა მოვლენები და კიდევ უფრო უცნაურად გაგრძელდა. როცა პირველად გავიგეთ, რომ აგუერო ჩვენიანი გახდებოდა, ვივარაუდეთ, რომ რამდენიმე ტრავმას მიიღებდა, სეზონის ნახევარი გაუცდებოდა, მაგრამ თამაშებთან შეფარდებით მაინც კარგი შედეგიანობა ექნებოდა. 

მერე პირველი ნაღმი აფეთქდა, მესი წავიდა. დარჩა კუნი ძმაკაცის გარეშე, ამის მერე ვივარაუდეთ, რომ სეზონის იმედგაცრუებად იქცეოდა, რადგან ასეთ პირობებში თამაში ძალიან რთულია, ფსიქოლოგიურად გადაწყობა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. მერე პირველი ვარაუდი გამართლდა და ტრავმა მიიღო, დაბრუნებულმა “რეალს” გაუტანა და ბოლოს ყველაფერი ძალიან ცუდი ფაქტით დასრულდა. ამ მოკლე ხანში აგუერომ ბევრი ამბავი გამოიარა და ბევრჯერ შეგვიცვალა განწყობა. 

ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ პირად ცხოვრებაში. სადღაც 1-2 წლის მერე აუცილებლად ეცდება კიდევ მობრუნებას, ამაში ეჭვიც არ მეპარება, თუმცა, სად და რა ვითარებაში ეცდება დაბრუნებას, ამის თქმა გაჭირდება, შესაძლოა საქველმოქმედო მატჩებში გააგოროს ბურთი, ან, მესის გამოსათხოვარ მატჩში. 

ორი აზრი არ არის, უდიდესი გოლეადორია. ყოველთვის მინდოდა, “ბარსაში” ეთამაშა და ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა. თან, ისიც სათქმელია, რომ წინა წლებში დიდად არ იყო მისი საჭიროება. ხან მესი იყო ცხრიანზე, ბოლოსკენ კიდე სუარესი, ჰოდა, ვერ გამოვიდა ეგ ამბავი. 

რამდენად დიდი დანაკლისი იქნება? გააჩნია, ზამთარში ვის მოიყვანენ, პირველ რიგში ედისონ კავანიზეა საუბარი, თუ ურუგვაელმა შეცვალა, საერთოდ არ იქნება აგუეროს წასვლა დანაკლისი. კავანის უფრო დიდი მოტივაცია შერჩა. 

გუნდზე კი დამთრგუნველად იმოქმედებს. უფრო სწორად, უკვე იმოქმედა მას შემდეგ, რაც გულის პრობლემები შეექმნა. ჯერ კიდევ ყველას ახსოვს ერიქსენის დაცემა ევროზე, ფეხბურთელებს შესვენების გარეშე უწევთ პანდემიის პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ეს მათზე ძალიან სტრესულად მოქმედებს, ის რომ “ბარსა” დემორალიზებულია, ამის ერთ-ერთი მიზესი აგუეროს ტრაგიკული მომენტიც გახდა და კარგია, რომ ფატალურად არ დასრულდა. 

ასე რომ, დავრჩით ერთადერთი გამტანი ფორვარდის გარეშე. აგუერო ერთადერთი იყო, რომელსაც სეზონში 20-მდე გოლის შეგდება შეეძლო. ახლა ეს ნიშნული 15-მდე ჩამოიწია და ალბათ დეპაისგან უნდა ველოდოთ რამეს. სხვა ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა. ლიონელ მესის 15 გოლი სასაცილოდ არ ეყოფოდა, მაგრამ ეგ უკვე წარსულია, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ და ზამთრიდან გამოფხიზლების პროცესი უნდა დაიწყოს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    16 დეკ 2021, 23:05

    ლიონელ მესის 15 გოლი სასაცილოდ არ ეყოფოდა, მაგრამ ეგ უკვე წარსულია, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ და ზამთრიდან გამოფხიზლების პროცესი უნდა დაიწყოს
    აი ამ სიტყვებში რამხელა აზრი და ბარსას უსუსურობაა ჩაქსოვილი.

  • El pistolero 9
    16 დეკ 2021, 01:07

    ფეოლა❤

  • EL MAESTRO 6
    15 დეკ 2021, 20:40

    როგორც ყოველთვის კლასიკა❤❤