workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ დაკარგა ბარსელონამ სული

როგორ დაკარგა ბარსელონამ სული

2012 წელს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი ბოლო პრესკონფერენციის დროს პეპ გვარდიოლამ განაცხადა: “ადრე თუ გვიან ეს გუნდი მოგებებს შეწყვეტს. ასეთ დროს უნდა ვნახოთ, შევინარჩუნებთ თუ არა იმ სტილის რწმენას, რომელსაც ახლა მივდევთ.”

გვარდიოლას დროს “ბარსელონასთვის” მოგება ჩვეულებრივი რამ იყო. 4 წელიწადში შესაძლო 18 ტიტულიდან კატალონიელებმა 14 მოიგეს, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა და 3 ესპანეთის ჩემპიონატი.

კლუბში და მის გარეთ ყველა ამაყი იყო იმით, რომ გუნდი არა მხოლოდ იგებდა, არამედ ამას კლუბის აღზრდილი ფეხბურთელებით ახერხებდა და თან სანახაობრივ ფეხბურთსაც აჩვენებდა. სწორედ ამას ეწოდებოდა “ბარსელონას დნმ”.

გავითა თითქმის 10 წელი და რბილად რომ ვთქვათ, როგორც გვარდიოლამ იწინასწარმეტყველა, გუნდმა მოგებები შეწყვიტა. “ბლაუგრანას” ბოლო ჩემპიონთა ლიგა 2015 წლით თარიღდება, ბოლო 2 წელიწადში კი “ბარსამ” ესპანეთის თასის გარდა ვერაფერი მოიგო.

ყველაზე დიდ პრობლემას კი გვარდიოლას მიერ დასმული კითხვა წარმოადგენს – არსებობს კი რწმენა იმ სტილისა, რომელიც “ბარსელონას” სხვებისგან გამოარჩევს?

The Athletic-მა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და დირექტორები გამოკითხა. ბევრ მათგანს კლუბის მიერ აღებულ მიმართულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ეს ეხება როგორც მოედანს, ასევე მის გარეთ არსებულ მდგომარეობას.

1.3 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დიდი პრობლემაა, მაგრამ “ბარსელონას” ოჯახში უფრო მეტად იმაზე წუხან, რომ აღარ არსებობს რწმენა იმისა, რაც ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდიდა. გუნდი არა მხოლოდ ევროპაში საუკეთესოებს ვეღარ ეპაექრება, ის საკუთარი უნიკალური იდენტობის დაკარგვასთანაც ახლოსაა.

ყოველთვის მახსოვს, გვარდიოლა ამბობდა, რომ როდესაც “ბარსელონა” იგებს, სტილის შენარჩუნება ძალიან მარტივია.

– აცხადებს სერჟი სამპერი The Athletic-თან საუბრისას.

მაგრამ როდესაც შედეგები გაუარესდება, ვნახავთ, რეალურად გვწამს თუ არა იმის, რასაც ვაკეთებთ. ახლა კლუბში აღარ ვარ, მაგრამ რაც გარედან ჩანს, არის ის, რომ იდეა ცოტათი დაკარგულია.

იდეა, რომლითაც “ბარსელონა” ფეხბურთს თამაშობდა, ბავშვთა გუნდებთან მუშაობის იდეა… ამ მიმართულებით ბევრი ცვლილებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი იდენტობა დაკარგულია, ჩვენი დნმ, ფეხბურთის ჩვენებური გაგება.

როდესაც “ბარსელონას” ფილოსოფიასა და თამაშის სტილზე ვსაუბრობთ, უპირველესად იოჰან კრუიფი გვახსენდება. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს (1988-1996 წლები) დაუკავშირდა კლუბის ახალგაზრდული სისტემა პირველ გუნდს მყარად.

კრუიფის დროს “ბარსელონას” აკადემიის გზას გადიოდა ჩავი როკა, რომელიც იოჰანის შვილის, ჟორდი კრუიფის ტოლია. როკა აცხადებს:

იოჰანი ჩვენს არა მხოლოდ თამაშებს, არამედ ვარჯიშებსაც კი ესწრებოდა. მეტიც, ის მოდიოდა და ჩვენთან ერთად თამაშობდა, რათა ეჩვენებინა, თუ რისი სწავლება უნდოდა ჩვენთვის. როდესაც “ბარსა ბ-ს” კაპიტანი ვიყავი, ჩვენთან პერიოდულად პირველი გუნდის ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მათ ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდათ, ან როდესაც მათ სათამაშო დრო არ ეძლეოდათ. მახსოვს, ერთხელ ჩვენ ვარჯიშზე მოსვლა რომარიომ დააგვიანა.

აკადემიისა და პირველი გუნდის კავშირი სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა ლუი ვან გაალის, ფრანკ რაიკარდისა და ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლას დროს. გვარდიოლამ 19 წლის სერჟი რობერტოს სადებიუტო თამაშის ჩატარების საშუალება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალთან” მატჩში მისცა.

კიდევ ერთი თინეიჯერი, რომელსაც დებიუტი გვარდიოლას დროს ჰქონდა, სერჟი სამპერია, რომელიც 18 წლის ასაკში უკვე ლიონელ მესისთან, ჩავისთან და ანდრეს ინიესტასთან ერთად ვარჯიშობდა. სამპერის თქმით პირველ გუნდში მისი დაწინაურება რთული არ ყოფილა, რადგან ამისთვის ის მთელი დეკადის განმავლობაში ემზადებოდა.

კრუიფის დროიდან მოყოლებული ვარჯიშის დროს “ბარსელონას” ყველა გუნდი ერთ პრინციპს ეყრდნობოდა “Juego de posicion” (პოზიციური თამაში). როდესაც 18 წლის ხარ და მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ფეხბურთელებთან პირველ გუნდში წინაურდები, იქ იგივე ვარჯიშები გხვდება, რასაც 10 წლის განმავლობაში აკეთებდი.

იოჰან კრუიფი ბარსელონას ვარჯიშის დროს
იოჰან კრუიფი ბარსელონას ვარჯიშის დროს

ჩემთვის ეს ახდენილი ოცნება იყო. “კამპ ნოუზე” თამაშების საყურებლად ბავშვობიდან დავდიოდი. მთელი ჩემი ოჯახის მსგავსად მეც სოსიო (კლუბის წევრი) ვარ. თუმცა პირველ გუნდში დაწინაურება მივიღე, როგორც ნორმალური მოვლენა – წლების განმავლობაში პირველი გუნდი “ლა მასიის” აღზრდილებით კომპლექტდებოდა, ზოგი მათგანი კი ძალიან ახალგაზრდა ასაკში იყო დაწინაურებული.

ვარჯიშები იგივეა, სტილი იგივეა – შენი პატარაობის შემდეგ არაფერი იცვლება. გახსოვს, როგორ თამაშობდნენ შენი თანაგუნდელები პოზიციურად. 4-3-3 წყობა ერთადერთი იყო, ხელშეუხებელი. ასე რომ, დაუფიქრებლად თამაშობ. რა თქმა უნდა, მეტია ნერვიულობა, ზეწოლა, რადგან იცი, რომ მთელი მსოფლიო გიყურებს. მაგრამ თამაშის სტილი არ იცვლება და განაგრძობ იმის კეთებას, რასაც ადრე აკეთებდი.

– სერჟი სამპერი.

სამპერის კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ის ჯერ კიდევ 26 წლისაა და ამჟამად იაპონურ “ვისელ კობეში” ანდრეს ინიესტასთან ერთად თამაშობს. სერჟის პროგრესის შენელების მიზეზი მძიმე ტრავმებია.

სამპერი “ბარსელონა ბ-ს” იმ თაობის წევრი იყო, რომელმაც 2013/14 წლების სეზონში კინაღამ ესპანეთის მე-2 დივიზიონი მოიგო. იმ გუნდს გვარდიოლას ყოფილი თანაგუნდელი ეუსებიო საკრისტანი წვრთნიდა. იმ გუნდში თამაშობდნენ “ხეტაფეს” ამჟამინდელი შემტევი სანდრო რამირესი, “ესპანიოლის” მცველი სერჟი გომესი და “ვალიადოლიდის” მეკარე ჟორდი მასიპი. “ბლაუგრანას” პირველ გუნდში ფეხი ვერცერთმა მათგანმა მოიკიდა.

სერჟი სამპერი აგრძელებს:

სეგუნდა დივიზიონში ჩატარებული ის სეზონი შთამბეჭდავი იყო. ძალიან ახალგაზრდა გუნდით ჩვენ მე-3 ადგილი დავიკავეთ. გვქონდა განცდა, რომ მომავალში პირველ გუნდში არაერთი ჩვენგანი ითამაშებდა. თუმცა იმ დროს პირველ გუნდშიც დაუჯერებელი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოები და თავიანთი კარიერის პიკზე მყოფნი. ეს ჩვენს დაწინაურებას ხელს უშლიდა.

იმ დროს “ბარსელონას” ისედაც ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავდა, 2014 წელს კი გუნდმა ლუის სუარესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ივან რაკიტიჩი დაიმატა. ლუის ენრიკესთან ერთად მომდევნო სეზონში მათ ტრებლი მოიგეს.

“ბარსელონას” ისტორიისთვის არც სუპერვარსკვლავების შეძენაა უცხო რამ. კრუიფი, დიეგო მარადონა, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდინიო… გვარდიოლას დროსაც კი გუნდში სუპერვარსკვლავები მოდიოდნენ.

კლუბის ფილოსოფიისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო საშუალო დონის, ან დაბალკვალიფიციური ფეხბურთელების დამატება, როგორებიც იყვნენ ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, ალეიშ ვიდალი, პაულინიო, იერი მინა ან დუგლასი. ამ ფეხბურთელებს ხშირად უჭირდათ, გაეგოთ, თუ რას ნიშნავდა “ბარსელონაში” თამაში, ამ დროს კი “ლა მასიაში” მყოფი ახალგაზრდა მოთამაშეების პირველ გუნდში დაწინაურება მათ გამო იბლოკებოდა.

რა თქმა უნდა, ეს ბარიერი იყო. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელმაც ყველაფერი უნდა მოიგოს და ამისთვის კლუბს ფეხბურთელების ყიდვა ჭირდება, მაგრამ უნდა შეიძინო მოთამაშეები, რომლებიც რეალურად სხვაობას შექმნიან, რადგან რეზერვისტები ყოველთვის შეიძლება კლუბს შიგნით მოიძებნონ.

გუნდს ჰქონდა შენაძენები, რომლებმაც შემადგენლობა ვერ გააძლიერეს. ამ დროს ახალგაზრდულ გუნდებში იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც თავიანთ კლასს აჩვენებდნენ, ამის შანსი რომ მისცემოდათ. “ბარსელონა” საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა მაშინ, როდესაც გუნდში მისივე აღზრდილი ფეხბურთელები ჰყავდა.

– სერჟი სამპერი.

სერჟი რობერტოდან ანსუ ფატიმდე, ანუ 2011 წლიდან 8 წლის განმავლობაში “ბარსელონას” პირველ გუნდში არცერთი ფეხბურთელი არ დაწინაურებულა, ტრანსფერებში კი დროის ამ მონაკვეთში 800 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. ამ ფულით ნაყიდი ფეხბურთელების უმრავლესობამ გუნდი ვერ გააძლიერა.

ადამა ტრაორე და მუნირ ელ ჰადადი 2014 წელს, უეფას ახალგაზრდული ლიგის მოგების შემდეგ
ადამა ტრაორე და მუნირ ელ ჰადადი 2014 წელს, უეფას ახალგაზრდული ლიგის მოგების შემდეგ

ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს “ბარსელონას” აკადემიაში მუშაობდნენ, უარყოფენ, რომ მაშინ “ბლაუგრანას” ტალანტების პრობლემა ჰქონდა.

ერთ-ერთი მათგანია ხავიერ გარსია პიმიენტა, თავადაც “ბარსას” აღზრდილი, ვინც კატალონიური კლუბის აკადემია იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროს გაიარა. ის მწვრთნელი იყო როგორც “ლა მასიაში”, ასევე “ბარსელონა ბ-ში”.

1995/96 წლების თაობამ უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგო. ეს ძალიან კარგი თაობა იყო. მათგან პირველ გუნდამდე არავის მიუღწევია. ერთადერთი, ვინც პირველ გუნდში ცოტა თამაში ჩაატარა, მუნირია.

მე ვწვრთნიდი 1999/2000 წლების თაობას და ახალგაზრდული ლიგა ჩვენც მოვიგეთ. ჩემთან არაერთი ფეხბურთელი იყო, რომლებსაც პირველ გუნდში თამაში შეეძლოთ.

მუნირ ელ-ჰადადის თანატოლები იყვნენ “ვულვერჰემპტონის” შემტევი ადამა ტრაორე და “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა. პიმიენტასთან ერთად 2018 წელს ახალგაზრდული ლიგის მომგები გუნდიდან რიკი პუჩი, ინიაკი პენია და ოსკარ მინგესა ისევ “ბარსელონაში” არიან, დანარჩენები კი მთელი ევროპის მასშტაბით თამაშობენ – ხუან მირანდა “ბეტისშია”, “კარლეს პერესი “რომაში”, აბელ რუისი “ბრაგაში”, მატეუ მორა “დორტმუნდში”, ხოლო მონჩუ “გრანადაში”.

ყველა მათგანს პირველი გუნდის დონის ფეხბურთის თამაში შეეძლო, მაგრამ ზოგჯერ, რაც საქმეს აკლდება, კლუბის მხრიდან ფეხბურთელებისადმი გამოცხადებული ნდობაა. პირველი გუნდის მწვრთნელი მათ საკმარისად არ ენდობა. გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანის ნაცვლად “ბარსას” მონჩუსთვის ან მირანდასთვის შანსი უნდა მიეცა. მათ დაამტკიცეს, რომ ამ დონეზე თამაში შეეძლოთ.

მაშინ კლუბს მიღმა და ახლა კლუბში მყოფი ზოგიერთი ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები პირველი გუნდის დონის თამაშს აჩვენებდნენ. მათი აზრით ამის მტკიცებულება ისაა, რომ ახლა ისინი იაპონიის ჩემპიონატის, “ვულვზის”, “რომასა” და “ხეტაფეს” დონის გუნდებში თამაშობენ.

თუმცა მათთვის, ვისაც კრუიფის ფილოსოფიის რეალურად სჯერა, ის ფაქტი, რომ მუნირმა ან სერჟი გომესმა, ან თუნდაც მარკ ბარტრამ, რაფინიამ და მარკ მუნიესმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ვერ ითამაშეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი “ბარსელონასთვის” გამოსადეგი მოთამაშეები ვერ იქნებოდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს ფეხბურთელები “ბარსელონაში” თამაშისთვის უკეთ არიან მომზადებულები, ვიდრე სხვები, ისინი ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ. სხვა გუნდებში გადასვლის შემდეგ კი მათ სხვაგვარად თამაშს სთხოვენ, რაც მარტივი არაა.

ცოტა ვინმე იცნობს “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემას ალბერ პუჩზე უკეთ. ის კლუბში 2003-2014 წლებში მუშაობდა. მან უბრალო სკაუტობით დაიწყო, საბოლოოდ კი აკადემიის დირექტორი გახდა.

პუჩი ერთ-ერთია მათ შრის, ვისაც მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა “ბარსელონაში” მეტი შანსი უნდა მიიღონ, ვიდრე სხვა კლუბებში. მისი აზრით “ბარსას” ლეგენდები ამ დონეს ვერ მიაღწევდნენ, მათთვის ნდობა შესაბამის მომენტში რომ არ გამოეცხადებინათ.

სერჟი რობერტოსა და ანსუ ფატის შორის არსებულ 8 წლიან წყვეტასთან დაკავშირებით პუჩი აცხადებს:

უნდა დავსვათ კითხვა, რატომ ვერ დაწინაურდნენ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელები პირველ გუნდში. ამის მიზეზი ნიჭის ნაკლებობაა, თუ შანსის ნაკლებობა?

ჩავი, მესი და ინიესტა დიდებული ტალანტები იყვნენ, მაგრამ ბუსკეტსის, პუიოლისა და ალბას მსგავსი ფეხბურთელები ამ დონეს ვერ მიაღწევდნენ, მათთვის შანსი რომ არ მიეცათ. ნიჭი ადგილზეა, მაგრამ საჭიროა შანსის მიცემაც. პეპის წასვლის შემდეგ “ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჭირო ოდენობით შანსს არ აძლევდა.

საინტერესოა გარე თვალით დანახული რეალობა. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი The Athletic-თან საუბარში აცხადებს:

“ბარსელონა” ამ სტილით იგებს იმიტომ, რომ ეს კლუბის ისტორიის ნაწილია იოჰან კრუიფიდან მოყოლებული. გვარდიოლამ აკადემიიდან დააწინაურა არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომლების შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. მას 3-4 ფეხბურთელი ჰყავდა, იდეების განხორციელება კი აკადემიიდან დაწინაურებული მოთამაშეებით დაიწყო. ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ თვისებები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ვარსკვლავები. ისინი დიდებულ ფეხბურთელებად დროთა განმავლობაში იქცნენ.

ეს დიდებული თაობა უკვე წარსულია. ერთ-ერთმა ბოლო მათგანმა, მესიმ, “ბარსელონა” გასულ ზაფხულში დატოვა. სანდრო როსელისა და ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობის დროს “ბარსელონამ” აქცენტი ვარსკვლავების შეძენაზე გააკეთა. კლუბიდან მიმავალი ლეგენდების ჩანაცვლებას ისინი ამ გზით ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ბარსელონას აღზრდილები - მონჩუ და გავი ერთმანეთის წინააღმდეგ
ბარსელონას აღზრდილები – მონჩუ და გავი ერთმანეთის წინააღმდეგ

დიდი ფული დაიხარჯა უსმან დემბელეს, ფილიპე კოუტინიოსა და ანტუან გრიზმანის ტრანსფერებზე, თუმცა ვერც რომელიმე მათგანი და ვერც ამ 8 წლის განმავლობაში მოსული საშუალო დონის რომელიმე ფეხბურთელი “ბარსელონას” თამაშში ბოლომდე ვერ ჩაეწერა.

რთულია, მოხვიდე “ბარსელონაში” და ითამაშო კარგად, თუ ამ სტილს პატარაობიდანვე არ იცნობ. არაერთხელ მინახავს, ჯერ ფეხბურთელობის, შემდეგ კი სპორტული დირექტორობის დროს, რომ შეიძლება გყავდეს ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ მათ ჩვენი “პოზიციური თამაშის” არ ესმოდეთ. შენ ამას თამაშის დროს ვერ გააკეთებ, თუ წლების განმავლობაში ამაზე არ გივარჯიშია. სწორედ ამიტომაა, რომ “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს თავისი უპირატესობა აქვს და ეს მას პირველ გუნდში დაწინაურების დროს ეხმარება.

– ალბერ როკა.

რთულია, დავადგინოთ, თუ ზუსტად როდის დაკარგეს “ბარსელონას” მმართველმა პირებმა კლუბის უნიკალური ფილოსოფიის რწმენა.

გვარდიოლას გუნდიდან წასვლა და ამ დღიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში მისი თანაშემწის, ტიტო ვილანოვას გარდაცვალება შეგვიძლია, საკვანძო ეპიზოდებად მივიჩნიოთ. მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენების ასეთი სურვილი არცერთ მწვრთნელს არ უჩვენებია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთელი პირველ გუნდამდე ვერ მიაღწევს, თუ მას პირველი გუნდის მწვრთნელი ნდობას არ გამოუცხადებს.

პეპ გვარდიოლა საკმარისად გაბედული გამოდგა იმისათვის, რომ პედროსთვის და ბუსკეტსისთვის შანსი მიეცა. ის მათთან ერთად ერთი წლის წინ ესპანეთის მე-3 დივიზიონში მუშაობდა.

პეპი ენდობოდა “ლა მასიას”. ცხონებული ტიტო ვილანოვაც. საბოლოოდ შენ მაინც გჭირდება მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდებს ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელი კარგიც რომ იყოს, ის წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან შანსს ვერ მიიღებს.

– ეს 2019-2021 წლებში “ლა მასიას” დირექტორის, ჩავი მარტინის სიტყვებია.

“ბარსელონას” მწვრთნელების, განსაკუთრებით კი ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთი გამოწვევა კლუბის ხელმძღვანელი პირების მხრიდან წამოსული ზეწოლა იყო. როსელისა და ბართომეუს მმართველობის დროს “ლა მასიამ” ნდობა დაკარგა. The Athletic-თან საუბრისას ამაზე ისტორიკოსი ანხელ იტურიაგაც საუბრობს.

“ბარსელონა” წარმატებული იყო მაშინ, როდესაც ყველაფერი ერთი მოდელით მუშაობდა. როსელსა და ბართომეუს არ უნდოდათ, რომ მათ მმართველობამდე არსებული მოდელით მოეგოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათი წვლილი დაიკარგებოდა. მათ სურდათ, “ბარსელონაში” “რეალის” მსგავსი მოდელი დაენერგათ – ბევრი ვარსკვლავი შეეძინათ. მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიომ ევროპა ერთი წლით დაიპყრო, მაგრამ ამას გაგრძელება არ ჰქონია.

ბოლო წლებში წარმატების მოდელიდან გადახვევამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს “ბარსელონა” ევროპის მასშტაბით მე-2 ეშელონის გუნდია.

მიმდინარე წლის მარტში “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე ჟოან ლაპორტას დაბრუნებას გულშემატკივრები ელოდნენ, როგორც კლუბში კრუიფის იდეოლოგიის დაბრუნებას. ამაზე ფიქრის საფუძველს გვაძლევდა ისიც, რომ “ბლაუგრანას” მწვრთნელი რონალდ კუმანია, რომელიც იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროს თამაშობდა. გარდა ამისა ლაპორტამ კლუბში მოიყვანა იოჰანის შვილი ჟორდი კრუიფი.

ამის მიუხედავად, რთულია, წარმატების მოდელისკენ მკვეთრი შემობრუნება დავინახოთ. მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბმა მოკლევადიან პერსპექტივებზე იფიქრა და 33 წლის სერხიო აგუერო და 31 წლის ლუკ დე იონგი დაიმატა, ახალგაზრდა მირანდა და მონჩუ კი გუნდიდან გაუშვა.

“პოზიციური თამაშის” ელემენტები არც მოედანზე იგრძნობა და არც 4-3-3 წყობაა ისეთივე ხელშეუხებელი, როგორც ეს გვარდიოლას, ან გარსია პიმიენტას “ბარსა ბ-ში” იყო. კუმანმა 3 ცენტრალური მცველით ითამაშა “ბაიერნისა” და “ბენფიკას” წინააღმდეგ, “ატლეტიკოს” კი 4-2-3-1 წყობით დაუპირისპირდა. კატალონიელები სამივე ამ მატჩში მშრალად დამარცხდნენ. წაგება წაგებად და ამ შეხვედრებში “ბარსამ” საკუთარ თამაშზეც უარი თქვა.

“ლა მასიასადმი” ნდობა არ არსებობს. ეს გასულმა სატრანსფერო ფანჯარამაც დაამტკიცა და კუმანის მუშაობამაც. კუმანი ყოველთვის “ბარსელონას” ლეგენდად დარჩება, მაგრამ ის, როგორც მწვრთნელი, გუნდის სტილს ვერ ერგება და არც ახალგაზრდებს უცხადებს საჭირო ნდობას. გასულ სეზონში მინგესამ და მორიბამ ითამაშეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდს ისინი ჭირდებოდა. ისინი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები არ ყოფილან, მაგრამ მათ კლუბის თამაშის იდეის კარგად ესმოდათ.

– განაგრძობს იტურიაგა.

მიმდინარე სეზონში კუმანი ახალგაზრდებს შანსს ნამდვილად აძლევს. უკვე ვიხილეთ 17 წლის გავი და 19 წლის ნიკო. გავიმ უკვე ესპანეთის ნაკრებში თამაშიც მოასწრო და გაბრწყინებაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებს შანსი მაშინ ეძლევათ, როდესაც კლუბს საკადრო კრიზისი უდგას და მწვრთნელს დიდი არჩევანი არ აქვს.

რაც შეეხება თამაშს – მიმდინარე სეზონის ერთადერთი ნათელი წერტილი ლა ლიგაში “ლევანტესთან” 3-0 მოგება იყო. ანგარიშის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ მოედანზე 9 ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებსაც “ბარსა ბ” აქვთ გამოვლილი.

“ლა მასიას დიდებულება ისაა, რომ ის ძალიან კარგ ფეხბურთელებს ყოველთვის ზრდის. ყოველწლიურად კლუბს ჰყავს 2-3 მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდეთ, თუ მათ ნდობას გამოუცხადებენ. გავისა და ნიკოს შემთხვევაში დავინახეთ, რომ მათ “ბარსელონას” თამაშის შესანიშნავად ესმით, მათ შეუძლიათ “ბარსელონას” ფეხბურთელობა შეიგრძნონ.

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგებსა და ზედიზედ ლა ლიგებს იგებდა მაშინ, როდესაც პირველ გუნდში კლუბის აღზრდილი ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა. ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ეს სტილი კარგად ესმით, რომლებსაც ამ იდეის სწამთ და რომლებიც კლუბს გრძნობენ.

– ეს გარსია პიმიენტას სიტყვებია.

მათი აზრით, ვისაც კრუიფის მემკვიდრეობის ჯერ კიდევ სჯერა, კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისი, შესაძლოა, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. “ბარსელონას” მოუწევს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდი “ლა მასიას” აღზრდილების გარშემო ააშენოს და შეეგუოს რეალობას, რომ გარკვეული პერიოდით ტიტულები არ იქნება. თუმცა ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული ნდობა მიგვიყვანს იქამდე, რომ “ბარსა” დიდ ტურნირებს ისევ მოიგებს. ასეთი მიდგომა რთული პერიოდის გადალახვას გაამარტივებს და “კამპ ნოუზე” წარმატებული პერიოდის დაბრუნების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

როდესაც “ბარსელონა” “ლა მასიის” აღზრდილებით იგებს, ის უკეთესად იგებს და გულშემატკივრებიც უფრო კმაყოფილები არიან. როდესაც “ბარსა” “ლა მასიას” აღზრდილებით აგებს, ნაკლებ მწუხარებას ვხედავთ, რადგან, მართალია, გუნდმა წააგო, მაგრამ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელები გამოიყენა.

ასევე ნათელია, რომ როდესაც “ბარსელონა” ყველაზე მეტს იგებდა, გუნდში აკადემიის აღზრდილი ბევრი ფეხბურთელი ირიცხებოდა, რომლებიც შესაბამის თამაშს აჩვენებდნენ. ეს უნდა აღადგინოს კლუბმა და ეს იდეა უნდა დაიცვას ყველამ, პრეზიდენტიდან დაწყებულმა და ბოლო თანამშრომლით დამთავრებულმა. თუ ასე არ მოხდა, არაფერი იმუშავებს.

– ჩავი მარტინი.

კლუბს მიღმა ზოგიერთი ადამიანი და არა მხოლოდ “რეალის” წარმომადგენლები, ასეთ იდეალიზმზე იცინიან. მათი აზრით, გვარდიოლას “ბარსელონას” წარმატების მთავარი მიზეზი უფრო მეტად იღბალი იყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელები ერთმანეთს დროში დაემთხვნენ. თუმცა ამ სტატიის გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ იღბალი არაფერ შუაშია.

“ბარსელონა” წარმატებებს აღწევს მაშინ, როდესაც მთავარ იდეას შესაბამისი ნდობა აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები შანსს იღებენ და თამაშის ერთიანი სტილის მომხრეა ყველა, პრეზიდენტიც და ბალახის მომვლელიც. თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც ამ იდეის 100%-ით სჯერათ, დარწმუნებულები არ არიან, რომ კლუბის ამჟამინდელი მმართველებიდან ყველა ამავე აზრზეა.

ჩემთვის ნათელია, რომ “ბარსელონას” მოდელის მიმართ ეჭვი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. პირველმა გუნდმა დანარჩენებს თამაშის სტილის მაგალითი უნდა მისცეს და ყველა სხვა ამ იდეას გაჰყვეს. ეს ის უპირატესობაა, რომელიც “ბარსელონას” ყოველთვის ჰქონდა და ეს განასხვავებს მას სხვა კლუბებისგან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი დაიკარგა, რაც სამწუხაროა.

– სერჟი სამპერი.

სტატია მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 12 ოქტ 2021, 12:12
    #8

    "ბარსელონა" წარმატებული იყო მაშინ, როდესაც ყველაფერი ერთი მოდელით მუშაობდა. როსელსა და ბართომეუს არ უნდოდათ, რომ მათ მმართველობამდე არსებული მოდელით მოეგოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათი წვლილი დაიკარგებოდა. მათ სურდათ, "ბარსელონაში" "რეალის" მსგავსი მოდელი დაენერგათ – ბევრი ვარსკვლავი შეეძინათ. მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიომ ევროპა ერთი წლით დაიპყრო, მაგრამ ამას გაგრძელება არ ჰქონია.
    ამაზე მარტივად რაღა უნდა აიხსნას, კარგია რო ერთი უკვე იჯდა და იმედია მალე მეორეც ჩაჯდება ნუ ცოტა ხნით მაინც.

  • Bakero
    schedule 12 ოქტ 2021, 02:21
    #7

    სიმართლეა 100% მადლობა ავტორს !

  • C.PC5
    schedule 12 ოქტ 2021, 01:29
    #6

    კაი ხანია აღარ დამიწერია აქ არაფერი და ამ სტატიაზე როარ დავწერო რა შეიძლება. ნათელი მოეფინა ყველაფერს. ზედმიწევნით ზუსტადაა ყველაფერი აღწერილი რამაც ამ უფსკრულამდე მოგვიყვანა, თუ აქამდე აზრები იყოფოდა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩემი აზრით ყველა დავინახავთ ერთ და "ნამდვილ სიმართლეს". ავტორს ბრავო👏 სტატიიდან არის რამდენიმე ისეთი ადგილი რომელსაც დიდი სიამოვნებით ამოვბეჭდავდი დიდ ფორმატზე და გავუკრავდი ბარსას ყველა ოფიციალური პუნქტის შესასვლელში🤗

  • Fc Barca Batumi
    schedule 11 ოქტ 2021, 22:54
    #5

    ყველა უმკაცრეს პასუხისმგებლობაშია მისაცემი, ვინც კლუბის დანგრევა განიძრახა!!!

  • Clever liar
    schedule 11 ოქტ 2021, 22:50
    #4

    საღოლ ავტორს !!!

  • Tsitsi
    schedule 11 ოქტ 2021, 22:34
    #3

    გული მეწვის sweat

  • kanja
    schedule 11 ოქტ 2021, 22:24
    #2

    ცამდე მართალი ხარ!..

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 ოქტ 2021, 22:00
    #1

    10/10 სტატიასაც და 100% ვეთენხმები ყველა იმ სიტყვას რაც აქ წერია visća barsa❤