Welcome to the afterlife! – როგორც ნოლანის არაფრისმომცემ ფილმში იტყვიან. მესის გარეშე სიცოცხლე გრძელდება, ჯერჯერობით სანახაობრივად და შედეგიანად, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო, დანაკლისით ჩამოსულ „სოსიედადთან“.
„ბარსამ“ მაღალ ტემპში ითამაშა, ბურთს სწრაფად გასცემდნენ და შეტევაშიც სწრაფად გადადიოდნენ, როგორც ჩანს, ლაპორტამ თავისი გაიტანა და კუმანი ძირითადად 4-3-3-ით ითამაშებს, ალბათ ამ სეზონში ექსპერიმენტებს აღარ ვნახავთ, შეგახსენებთ, რომ ეს ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ძველი და საყვარელი 4-3-3 დაიდოს, თორემ ტელემაყურებელს ისედაც ვკარგავთო, ხოდა, დაიდო!
კუმანმა პირველივე მატჩში ნდობა გამოუცხადა ერიკ გარსიას, მასაც არ შეურცხვენია თავი, პიკესთან ერთად დაიწყო და მშვენივრად დაამთავრა, ვერ ვიტყვი, რომ იდეალური მატჩი იყო, მაგრამ დებიუტისთვის მშვენიერია, თანაც იმ კაცის გვერდით, რომელსაც ყველაზე ხშირად ადარებენ, თითქმის იგივე გზა გაიარა და ახლა ამ ლეგენდა კაცმა უდიდესი ინვესტიცია გაიღო მომავალი პრეზიდენტობისთვის, ჟერარ პიკემ საპრეზიდენტო კამპანია ხელფასის დაკლებით დაიწყო, წარმოდგენა არ მაქვს კენჭს როდის იყრის, ოთხი თუ რვა წლის მერე, მაგრამ ამ ამბავს არავინ დაივიწყებს, შესაბამისად, ხმების დიდი ნაწილი უკვე განაღდებული აქვს. აი, ასეთ შორეულ პერსპექტივაში.
დიდმა კაპიტანმა, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა, კარლეს პუიოლმა აავსო ქება-დიდებით, ნამდვილად ღირსეული საქციელი იყო და ამ თავგანწირვას თამაშის დაწყებიდან მალევე ხელიც მოაწერა – თავური დარტყმით ანგარიში გახსნა!
სულ სხვაგან წამიყვანს, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჟერარ პიკემ იმის ნახევარიც ვერ ითამაშა, რაც მისი ნიჭისა და უნარების მქონე ფეხბურთელს შეეძლო, კარიერის ბოლოს, წესით ყველა დროის საუკეთესო მცველებში უნდა განიხილებოდეს, მაგრამ არ არის ასე და პირველ რიგში მისივე ბრალია. მიუხედავად ამისა, „ბარსას“ ლეგენდა და მომავალი პრეზიდენტია.
დაცვის ფლანგებიც საინტერესო სანახავი იყო, ორი რამის გამო, კონკურენციაში ჩაბმული დესტი როგორ წარმოაჩენდა თავს და მესის გარეშე დარჩენილი ალბა რას მოუხერხებდა ავტომატიზმამდე დაყვანილ გადაწყვეტილებებს. გამოცდა ორივემ ჩააბარა, დესტს აშკარად მომატებული აქვს, ხოლო ალბას მესის ძებნა არ დაუწყია, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ გააცნობიერა მესის არყოფნა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შუა სეზონში კიდევ მოელანდოს სადმე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან.
ნახევარდაცვის სამეული უცვლელია, მოულოდნელად უცვლელი, ვიფიქრე პედრის ამოასუნთქებენ-მეთქი, მაგრამ „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბს მისი წელში გაწყვეტა განუზრახავს, მათ უკეთ იციან რა კონდიციაში დაბრუნდა და რამდენი შეუძლია, მაგრამ რაღაც ანომალიას ვუყურებთ და ვერ გაგვიგია. რაღაც მხრივ, ეს ყველაფერი იმან განაპირობა, რომ პედრი მუდმივად საშუალო ტემპში თამაშობს, აჩქარებები არ ახასიათებს, მით უმეტეს, სპრინტერული გარბენები, პრესინგის დროსაც წინასწარ უჭირავს საჭირო ადგილი, მოკლედ, ტვინი სწრაფად მუშაობს, ფეხები ნელა, დემბელეს საპირისპირო ვარიანტია, მაგრამ მაინც ანომალიურად გამოიყურება, რადგან გვახსოვს პირლო და ჩავი, ამავე სათამაშო ტემპის ფეხბურთელები, რომლებიც ამდენს ვერასდროს თამაშობდნენ, მათ შორის ვერც ახალგაზრდობაში.
თან შთამბეჭდავია, თან ცოტა მაშინებს.
პირველი მატჩის კვალობაზე კარგი მატჩი ჩაატარეს ფრენკი დე იონგმა და სერხიო ბუსკეტსმა. ჰოლანდიელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, სულ მალე, ალბათ მომდევნო დღეს, დაპირებისამებრ, სეზონის პროგნოზებს გამოვაქყეყნებთ, სადაც საუკეთესო მეპასის მთავარი კანდიდატი, ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ფრენკი დე იონგი იქნება.
მივედით სამეულამდეც და სამეულში უმთავრესამდე, (რაღაც უხერხულად ჟღერს, მაგრამ ცუდი არაფერი მიფიქრია). მეფეთა შორის მეფეს ერთ-ერთმა გამოცემამ 10 ქულა დაუწერა! არ ღირს ახლა იმაზე დავა 10 ეკუთვნოდა, 9 თუ ფელინის საყვარელი რვა ნახევარი, მთავარია, რომ მოგებაში უდიდესი წილი შეიტანა და ანსუ ფატის დაემუქრა – თუ ძირითადში მოხვედრა გინდა, სწრაფად მოგიწევს ფორმის აღდგენაო. ბრეითუეიტი არაფრის დათმობას არ აპირებს, მის წასვლაზეც საუბრობენ, მაგრამ აგუეროს ტრავმის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა, ისიც ითქვა ლაპორტა ახალ ფორვარს დაეძებსო, მაგრამ არადამაჯერებელი ამბავია. ან, მოგვიანებით იქნება ეგ ყველაფერი, კოუტინიო, რომ „არსენალში“ გადავა, დიახ, ლონდონელებმა, კერძოდ, არტეტამ გამოიდო თავი, კოუტინიო მინდაო, შენი იყოს, ჩვენო ბარსელონელო ძმაო!
კარგი იყო გრიზმანიც, მაგრამ მეტი გვინდა..
ხომ მაგარია ჩვენი გრიზმანი, მაგრამ მე უფრო მაგარი მინდა!
უნდა მოუმატოს, სხვა გზა არ არის, „რეალმა“ ორი შემტევი გააცოცხლა, პაპა კარლომ აზარი წამოაყენა და გარეტ ბეილიც მოაბრუნა დიდი გოლფიდან, ბენზემა ისედაც დაფრინავდა და მშვენიერი სამეული ჰყავთ, არც ჩვენ დაგვიწყია ცუდად, მაგრამ სახელები მათი უკეთესია.
დეპაი ბოლოსთვის მოვიტოვე, არ გაუტანია, მაგრამ ვისიამოვნე, სულ რომ არაფერი მოედნის ცენტრში გაკეთებული ის საოცარი ფინტი მიღირდა ყველაფრად, რონალდინიოს მერე, ასეთი ფინტი არავის უკადრებია, რონიმ მაშინ დრიბლინგი გააგრძელა, დეპაის კიდე სახეში შემოულაწუნეს, მაგრამ ლამაზი იყო, კიდევ გვინდა, დაველოდებით.
გამოჩნდა, რომ მემფისი არაორდინალური ფეხბურთელია, ასეთი უკვე გვყავს დამბოს სახით, მაგრამ მემფისმა იცის თავის არაორდინალურობის ფასი, იცის რასაც აკეთებს და ისე ჩანს, რომ რისკიც გაზომილი აქვს, დემბელე კი საოცრად არაორდინალური ვინმეა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს, ამიტომ, ხშირად თავისივე ფინტზე ტყუვდება ხოლმე.
დასაწყისი მშვენიერია. გუნდი ერთიანი და ორგანიზებულია. დანარჩენს ვნახავთ, ჯერ ყველაფერი ახლა დაიწყო.
ფილმის შესახებ და კიდე ახალი წელი ბევრია ისეთი ჩაჯმული