დღეს ფეხბურთი სხვანაირია. მოთამაშეები ტიტულის მოგების შემთხვევაში ხან თმის გადაპარსვით “იმუქრებიან”, ხანაც შეღებვით. “ჩელსის” ფეხბურთელმა, ჟორჟინიომ ცოტა ხნის წინ პირობა დადო, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ამ ორ ღერ წვერს გავიპარსავო. მოიგეს და რა რთული შესასრულებელი პირობა ეგ იყო – გაიპარსა.
20 წლის წინ საქმე სხვაგვარად იყო. იმჟამად “ვალენსიას” და მოგვიანებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი აცხადებდა, თუ “ღამურებს” ჩემპიონთა ლიგას მოვაგებინებ, მოედანზე დედიშობილა ვირბენო. ვერ მოიგო და ვერ გავიგეთ, შეასრულებდა თუ არა პირობას.
კიდევ უფრო ადრე დადებული პირობები სხვაგვარად ჟღერდა. 1984 წელს “ბარსას” ლეგენდარულმა მცველმა, მიგელიმ პირობა დადო, თუ ლა ლიგას მოვიგებთ, მონსერატის მთაზე ველოსიპედით ავალო. ეს ადვილი არ გეგონოთ – დაახლოებით 60 კილომეტრის გზა, ფინიში კი ზღვის დონიდან 1 236 მეტრზეა.
მიგელიმ პირობა შეასრულა. ზუსტად ამ დღეს, 1985 წლის 1 ივნისს, 11 წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგის მოგების შემდეგ 60 კილომეტრიან გზას დაადგა. მიგელის სხვა თანაგუნდელებიც აყვნენ, რბოლა კი ბერნდ შუსტერმა მოიგო, რომელიც, როგორც გაირკვა, ამისთვის 3 თვის განმავლობაში ემზადებოდა.
მსგავსი რამ 7 წლის შემდეგაც გამეორდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოგების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა იგივე გზის ველოსიპედით გავლა გადაწყვიტეს. ამჯერად ღონისძიება უფრო პომპეზური გამოდგა. რბოლას თვალს ათასობით გულშემატკივარი ადევნებდა. მსვლელობაში მონაწილეობა პეპ გვარდიოლამ, გილერმო ამორმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, ხოსე მარი ბაკერომ და სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს. მათ მხარი გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა კარლეს რეშაკმა და მასაჟისტმა ანხელ მურმა აუბეს. პრეზიდენტი ნუნიესი, მთავარი მწვრთნელი კრუიფი და მეკარე სუბისარეტა მანქანით გადაადგილდებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტი გასპარმა კი მოტოციკლი ამჯობინა. სწორედ გასპარზე ჩაჭიდებულ გვარდიოლას ხედავთ სურათზე. პეპს რომ ფიზიკურად გაუჭირდა და დახმარება დაჭირდა, გასაკვირი არაა – მისი მთავარი უპირატესობა ყოველთვის გონება იყო და არა ფეხები.
წარმოგიდგენიათ, დღეს ასეთი რამ მესიმ, ბუსკეტსმა, პიკემ და სერჟი რობერტომ რომ გააკეთონ?
დღეს ფეხბურთი სხვანაირია, თუმცა მხოლოდ ზედა ეშელონებში. 2017 წელს “კროტონეს” მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ პირობა დადო, რომ თუ გუნდს სერია A-ში დატოვებდა, ტურინამდე ველოსიპედით ჩავიდოდა, ეს კი 1 300 კილომეტრია. ეს რბოლა განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან ნიკოლამ ის ავარიაში დაღუპულ 14 წლის შვილს მიუძღვნა.
ერთ შემთხვევას მეც გავიხსენებ ახალი ისტორიიდან: მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა(წარმოშობით ოსმა, რომელსაც თბილისის დინამოშიც ქონდა ნათამაშევი) უეფას ლიგის ფინალის წინ პირობა დადო, რომ თუ თასს აიღებდნენ ულვაშებს მოიპარსავდა, რომელსაც ალბათ ბავშვობიდან ატარებდა. და რა? ფინალი მოიგეს, თასიც ჩამოიტანეს და გაზაევიც ულვაშებაწკეპილი ჩამობრძანდა. პირველივე შეკითხვა აეროპორტში ჟურნალისტმა გაზაევს ულვაშებზე დაუსვა და პასუხიც ადეკვატური რუსულ-საბჭოური მიიღო: ისინი რა ხელს გიშლიანო?
საღოლ საინტერესო სტატია იყო :)))