პარიზში პრესტიჟისთვის მივდივართ, თამაშის მიმდინარეობა გვიკარნახებს რა დროს რაზე ვიფიქროთ და რისი იმედი გვქონდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ პრესტიჟი უნდა აღვიდგინოთ. გუნდს ლაპორტაც გაჰყვება, რაც ძალიან დიდი სტიმულია, დაცვაში ვერ დადგება და გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ ბოლო პერიოდის “ბარსელონას” მთავარი მინუსი ყოველთვის სუსტი მენტალობა და შეუსაბამო განწყობა იყო, არჩევნების მერე ყველაფერი შეიცვალა, რისთვის იქნება ეს საკმარისი, ამას მალე გავიგებთ.
ახლა კი იმ პრესტიჟს უნდა შევეხო, რომელიც ჩვეულებრივ, ღირსების აღდგენაზე დიდ მნიშვნელობას ატარებს და უფრო მეტის მოლოდინსაც იძლევა.
სანამ ძია ნოლანის ჯადოქრობის თეორიის პირველ აქტზე გადავიდოდეთ, რაღაცების გახსენება დაგვჭირდება, გუშინ 4 წელი გავიდა პსჟ-სთან „ქამბექის“ შემდეგ, ეს მატჩი ცოტა ხნის წინ, „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს, არათუ მონაწილეები და დამსწრენი, არამედ მონიტორებთან მსხდომებიც რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი გავხვდით.
ერთი მხრივ, რევოლუციურ მატჩად შეგვიძლია ჩავთალოთ, რადგან ამ თამაშის შემდეგ, გუნდები აღარ თვლიან, რომ საერთოდ რამე შეუძლებელია, დაბრუნების განცდა ყველას გაუჩნდა და მომდევნო წლებში მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით ამის მსხვერპლი, რადგან ვერ დავიჯერეთ, რომ ჩვენივე მოგონილი „ფოკუსით“ დაგვამარცხებდნენ.
ჯერ „რომა“, შემდეგ „ლივერპული“…
გუშინ წინ, 16 წელი გავიდა კიდევ ერთი დაუვიწყარი, თუმცა, დასანანი მატჩიდან, „სტემფორდ ბრიჯზე“, პირველ 20 წუთში ისეთი ამბები დატრიალდა, მტერს და ავს, ჩვენი ერთბურთიანი უპირატესობა თვალსა და ხელსშუა აორთქლდა და მხოლოდ ისღა დაგვრჩა სადარდებლად რომ არ გავნადგურებულიყავით.
ტაიმის ბოლოს კი ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთის ჯადოქარმა წამით ყველა ადგილზე გაყინა, ასეთი გოლების მერე, როგორც წესი ტაშს უკრავენ, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ქომაგი ხარ, ან ვისი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში, ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს და უბრალოდ წარმოდგენის ნაწილი ხდები, მაგრამ ტაში არ ყოფილა, ალბათ იმიტომ, რომ შოკიდან ვერ გამოვიდნენ, მხოლოდ კითხვა დატოვა დანისლულ ჰაერში გამოკიდებული – რა ჯანდაბა გააკეთა? ვინც ეკრანებთან გამეორება იხილა, იმან შემოკრა კიდეც ტაში, მაგრამ სტადიონზე ყველაფრის ცოცხლად აღქმა გიწევს, ცხოვრებას ჰგავს, გამეორება არ მოსულა, ყველაფერი ერთი წამია, თვალიც არ უნდა დაახამხამო თორემ ყველაზე მნიშვნელოვანი უკან დაგრჩება.
ამიტომ, სიჩუმე იყო, გაოგნებულ და შოკში ჩავარდნილ სახეებთან ერთად.
შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი!
მესამე მატჩი, რომლის გახსენებაც ლოგიკური ჯაჭვის მეშვეობით გვიწევს, აღარ გავიხსენებ, მხოლოდ ჯონ ტერის სიტყვაა მნიშვნელოვანი, 2008 წლის ფინალის წინ, ჯონ ტერიმ თქვა, რომ „მანჩესტერთან“ დაპირისპირება უნდოდა, (ალბათ ნანობს), თქვა, რომ ინგლისური ჯახი ერჩივნა ჯადოქრებთან თამაშს – “არ ვიცოდი რონალდინიოსთვის რა დამეპირისპირებინა და არ ვიცი ლიონელ მესის რა უნდა ვუქნათო”. ინგლისელებთან კი ყველაფერი მარტივია, გაიქცევა-გაეკიდები, ჩაგარტყამს-ჩაარტყამ, ჰოდა ასე, ურტყეს ერთმანეთს დროგბამ და ვიდიჩმა, იქამდე სანამ ერთ-ერთი არ გააძევეს, თუმცა, ეს სხვა ამბავია, მთავარი ის არის, რომ ჯადოქრების გუნდად ვიწოდებოდით და დღემდე ასე ვიწოდებით, რადგან ლეო მესი კვლავ ჩვენთან არის.
ოხერი და ფრიად ნათელი გონების მქონე ბრიტანელი ძმების თეორიის მიხედვით, ჯადოქრობა სამი აქტისგან შედგება, პირველი აქტი, არის დაპირება!
ჯადოქარი გიხსნის მოცემულობას და გაჩვენებს საგნებს, რომლითაც აპირებს, რომ რაღაც უჩვეულო ჩაიდინოს, შენც ამოწმებ, რომ დარწმუნდე მისი არსებობის რეალურობაში და რწმუნდები კიდეც, მაგრამ როგორც წესი, ეს რეალური არ არის.
მიღმა, ყოველთვის ტყუილია, ლეო მესიც ტყუილში დახელოვნებული კაცია, მიმიქარავს გარი გუდინი, იმდენი კაცი ჰყავს მოტყუებული!
რეალურად ილუზიონისტია, ილუზიის დიდოსტატი, პატარა კაცი დიდი ჩრდილით, მაგრამ ჩვენ ჯადოქარს ვეძახით, რადგან მექანიზმი არ გვაინტერესებს, მხოლოდ შედეგი გვიზიდავს, შედეგი კი ისე მოულოდნელი და ლამაზია, რომ მაგიად ვასაღებთ.
მეორე აქტი – გარდასახვა!
ერთი მხრივ გვქონდა ლიგის მოგების პერსპექტივა, მაგრამ გავაქრეთ, თითქმის აღარაფერი დავტოვეთ, ერთი ფეხის გაქნევით ყველაფერი წაიშალა.
მოცემულობიდან არაფერი რჩება, ყველაფერი ფორმას იცვლის ან, საერთოდ ქრება. მეორე მხრივ, კუმანმა საკუთარი მოცემულობა, ანუ ტაქტიკა შეცვალა. მარცხის მერე გარდაისახა. დავინახეთ, მოგვეწონა, მაგრამ აპლოდისმენტებს არ ვჩქარობთ, რადგან ძმების თეორიის მიხედვით, გარდასახვა არც ისე რთული რამეა, ყველა დამწყებს შეუძლია, რომ მეორე აქტი შეასრულოს, ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს ცუდად, ეფექტურია, მაგრამ არა გამაოგნებელი.
მესამე აქტის გარეშე, ტაშს არავინ იმსახურებს.
მხოლოდ გარდასახვა არაფერს ნიშნავს.
დასკვნითი აქტის გასაგებად კი ცოტა მექანიზმსაც უნდა შევეხოთ, სანამ „ბარსა“ ისტორიაში საუკეთესო მატჩს ჩაატარებდა, ერთი სეზონით ადრე „ბილბაოსთან“ წაივარჯიშა, სუპერ თასის ფინალის პირველი მატჩი 4:0 წავაგეთ, განმეორებითი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ უნდა ჩატარებულიყო და ბევრი გაოცდა კიდეც, რომ ასე თავხედურად, “ქამბექის” იმედი გქვონდა, საბოლოოდ, არაფერიც არ გამოვიდა, მაგრამ მექანიზმი გასაგები იყო – თითო ტაიმში ორი გოლი.
რა მარტივად ჟღერს.. რა ადვილია.
შეხედავ და მართლა ადვილია, მით უმეტეს, როცა მესი გყავს მოედანზე, ვისაც არ უნდა ხვდებოდე, მესის ერთ ტაიმში, ორი გოლის ორგანიზება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. ან გამოვა, ან არა, მაგრამ ეს რწმენა ძალას გაძლევს და თანაც დამაჯერებელი საფუძველიც აქვს. აღარ უყურებ სრულ სურათს და აღარ გეჩვენება ასე მიუღწეველი.
იმ ისტორულ მატჩში, პსჟ-თან პირველი ტაიმში პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, ტაიმის დასაწყისში და ბოლოს გავიტანეთ.
თამაშის წინ, პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 6 გოლის გატანა დაგვჭირდებაო, ერთი გოლი საკუთარ კარში იანგარიშა. კავანიმ გაგვიტანა და თითქოს მოკვდა კიდეც თამაში, მაგრამ როგორ გატეხავ იმ კაცს, რომელმაც შენი გოლი წინასწარ გათვალა?!
ყველაფერი იცვლება, 7 წუთში სამი გოლი, ერთ წუთში ერთი, სისწრაფეს უმატებ, ზეწოლას ზრდი, უმალ შეტევაზე გადადიხარ და დროც სხვანაირად გადის, ტაბლოზე დამონტაჟებული საათი ბუტაფორიაა, დრო კი – ილუზია.
ბოლოს კი მთავარი მოქმედების დროც მოდის, რაც გააქრე, უნდა დააბრუნო.
იმედი დაიკარგა, უნდა დაბრუნდეს.
ამის მექნიზმები არსებობს, მაგრამ გულშემატკივარს ნაკლებად აინტერესებს, მექანიკოსი რონალდ კუმანია, ამაზე ფიქრით მან გაიხეთქოს თავი, ჩვენ მოქმედება და შედეგი გვაინტერესებს.
მესამე აქტს, ანუ დაბრუნებას, პრესტიჟი ეწოდება.
Rasac qvia vkaifob❤️💙tesli track mqonda exla chartuli da kak raz feolas statia gaichita, imas xo gavyavdi da aman iq damtova😄❤️😈sagol dzma, gmertma yvelafershi xeli mogimartoa, choilari gundis saitebi nu gvedreba ra ddd
ფეოლააა❤❤❤❤
ყოჩაღ 👏👏 ვისკა ბარსა ❤❤
ვისკა ბარსა
მიქატაძე ვაკო,
https://www.youtube.com/watch?v=fygu4KrxJqc