მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეს რა ბიჭი გვეზრდება!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეს რა ბიჭი გვეზრდება!

არასტაბილური სეზონი გრძელდება, ცუდი შეხვედრის მერე, “ბარსა” ისევ კარგად ათამაშდა და სამ ქულასთან ერთად მაღალი ხარისხიც დადო.

“ვალიადოლიდთან” მოგების გამო სიხარულით გაგიჟება არ ღირს, მაგრამ ის მხარეები გამოჩნდა, რომელიც იმედიანად განგვაწყობს.

ტაქტიკა

კუმანს ტაქტიკა აქამდეც შეუცვლია, მაგრამ თამაშის მიწურულს, როცა შეხვედრა გადასარჩენი ან მოსაგები ჰქონდა. ამჯერად პირველივე წუთებიდანვე ვიხილეთ ახალი ტაქტიკა, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა, ძირითადად ორი სახით – 3-4-3 და 3-5-2, დაცვის დროს, რა თქმა უნდა, 5 მცველზე ვეწყობოდით. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი თამაში გამოვიდა და მოულოდნელად ფეხბურთელებს არ ჰქონიათ ახალ ტაქტიკასთან ადაპტაციის პრობლემა, მომავალშიც ვიხილავთ იგივეს, არ ვიცი რამდენად შეეცდება, რომ მსგავსი განლაგება მთავარ სქემად აქციოს, მაგრამ სამომავლოდ რომ გამოიყენებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

იქნება თუ არა ასეთ ტაქტიკაში გრიზმანის ადგილი? კი, ფრანგის ადგილი ნებისმიერ სქემაში მოიძებნება, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, აი ეს არის კითხვა და მგონია, რომ საერთოდ ვერ იქნება ეფექტური. ისედაც ვერ არის და ამ განლაგებაში მით უმეტეს. ბრეითუეტისთვის კი კარგი ვარიანტია, რადგან პირველ ბურთზე კარგად იბრძვის, თითქმის ყველა სადაო მომენტი მისი გამარჯვებით სრულდება, უკნიდან მესი ეხმარება, რომელიც ასეთი სტილის ფორვარდთან თავს კარგად გრძნობს. დანიელს კლასი აკლია, რაც მომენტებში თავს იჩენს, მაგრამ სარგებელი ნამდვილად მოაქვს.

ბირთვი ყალიბდება

ამ სზონში როტაცია გარდაუვალია, მარათონული რბოლაა, ყოველგვარი პაუზისა და შესვენების გარეშე, ამიტომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა, ბირთვი მაინც გამოიკვეთა. გამოიკვეთა ის, რომ პედრი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და მიუხედავად კოუტინიოს ვარსკვლავური სტატუსისა, ადგილს აღარ დათმობს. “ბარსას” დნმ აქვს, აღმოჩნდა, რომ კლუბში მესის მერე ყველაზე მაღლა დგას საფეხბურთო აზროვნების თვალსაზრისით და სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება.

კარგია ფრენკი დე იონგიც, ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ საერთო ჯამში დონე შენარჩუნებული აქვს. ამიტომ, ნახევარდაცვაში ერთადერთი პოზიცია რჩება, რომელიც კონკურენციის შესაძლებლობას ტოვებს, ამ ადგილისთვის კი ბუსკეტსი და პიანიჩი იბრძვიან.

შეტევის ხაზში ბევრი რამ ჯერ კიდევ დაულაგებელია, თუმცა, ფატის დაბრუნების შემდეგ, ალბათ ეგეც დალაგდება. ასე ნელ-ნელა გუნდს ვემსგავსებით.

დაცვა

ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო “ბარსას” მცველებისთვის, ეს ერთი მხრივ მეტოქის სისუსტით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ რაოდენობრივი სიმრავლით. მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პოზიციური შეცდომები არ დაუშვიათ, არადა, როცა გუნდი სამ ცენტრალურ მცველზე გადადის, როგორც წესი ერთმანეთს ხელს უშლიან ხოლმე. სასტარტოს მცველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ლანგლემ გოლიც შეაგდო, “ბეტისთან” გატანილი გაგვახსენა, მესიმ თავზე დაასვა და დარტყმაც კარგი იყო.

პირველი არაუხო შეცვალეს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ენდობიან. ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მინგესას აქტიური ჩართვები შეტევაში, წინა შეხვედრაშიც გაისროლა შორიდან, მაგრამ ამჯერად დრიბლინგიც შემოგვთავაზა, გამოჩნდა, რომ მრავალმხრივი ფეხბურთელია.

საგოლე პასი მიითვალა დესტმა და ახლოს იყო საგოლე პასთან ალბაც, მაგრამ ბრეითუეიტმა ვერ შეაგდო. დავალებები ორივე ფლანგმა ზუსტად შეასრულა.

მერე გამოვიდა უმტიტი და უმცირეს მონაკვეთში, რაც მატჩის დასასრულამდე იყო დარჩენილი, ორი მძიმე შეცდომა დაუშვა. გასაგებია, რომ ფორმაში არ არის, მაგრამ ასეთ შეხვედრაში მეტი მოეთხოვებოდა. პირველად პოზიციურად შეცდა, ცენტრი რატომღაც დატოვა და ტერ შტეგენმა გვიხსნა. მეორედ ერთი-ერთზე შეცდა, ბურთი დაკარგა და კინაღამ თერთმეტმეტრიანიც აიკიდა, მერე კი დესტს დაუწყო ჩხუბი.  

ასეთი მცირე მონაკვეთისთვის მეტისმეტია.

მესი

გაიღვიძა. მურა დათვივით გამოიძინა და გამოფხიზლებული გამოვარდა მოედანზე. მემგონი გაახსენდა, რომ რეკორდი ჰქონდა მოსახსნელი და ახალმა მოტივაციამ ხასიათზე მოიყვანა. არაფერი სჯობს მოტივირებული მესის ყურებას.

გოლი იყო მშვენიერება! პატარა შედევრი! პედრის პასმა რონალდ კუმანიც კი გააცინა.

შემდეგ ტურში “ეიბარს” მივიღებთ. თამაშამდე ერთი კვირაა. ამ სეზონისთვის საკმაოდ დიდი დროა დასასვენებლად.

კალენდარსაც არაფერი დაეწუნება და იქნებ როგორმე სტაბილურობასაც მივაღწიოთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (22)

  • Don_Andresito
    23 დეკ 2020, 17:33

    ციტატა: M10 S9 D11
    არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მარა მესი და პედრი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს მოედანზე და კიდევ მესის მერე მე არ მახსოვს ვინმეს ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას რაც გუშინ პედრიმ შექმნა


    ძნელი შესამჩნევი იყო :დ დაუხატა რამდენჯერ. მარტო გოლი რად ღირდა. პედრისაც აქვს ხოლმე პატარა მიძინებები მარა გუშინ სუპერი იყო. თან 18 წლისაა. ვალიადოლიდი სუსტიაო წერდნენ, იმიტო მოვიგეთ ადვილადო და გეთანხმებით მარა არც კადისზე ხეტაფეზე და ალავესზე სუსტია სადაც საშინლად ვითამაშეთ.

  • AGU3RO
    23 დეკ 2020, 15:15

    ფატი და პედრი ვაიმე რაკაი თაობაა