მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნაწვალები სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნაწვალები სამი ქულა

ისე გამიხარდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გადამწყვეტი გოლი გაგვეტანოს. თავისთავად ასე მოხდა, მინდოდა თუ არა, ძალაუნებურად ასეთი მნიშვნელობა მივანიჭე “ლევანტესთან”  თამაშს და ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, თუ რა ცუდ დღეში ვართ.

“ლევანტესთან” თამაშამდე მადრიდული დერბი შედგა და “რეალმა” გაიმარჯვა, ამან დაგვანახა, რომ გამოფხიზლების შემთხვევაში “ბარსას” ჯერ კიდევ ექნება შანსი ლიდერების ახლო-მახლო იტრიალოს. ასეთი სეზონია, ლა ლიგას ფავორიტი არ ჰყავს.

თუმცა, გუნდს გამოფხიზლებისა არაფერი ეტყობა და ეჭვი მაქვს, რომ კუმანის ხელში დიდ გარდასახვას ვერც ვიხილავთ, რადგან პირველ რიგში თავად არ აქვს ამის სურვილი, ჯიუტად ცდილობს, რომ ის ტაქტიკა სრულყოს, რომელმაც ვერ გაამართლა.

პუჩი თამაშგარეში

“იუვესთან” თამაშის შემდეგ ვიფიქრე, იქნებ სათამაშო დრო გაუზარდოს-მეთქი და როგორც აღმოჩნდა, შევცდი. რონალდს არ აინტერესებს, როგორ შემოვა რიკი მოედანზე, რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ან რა გავლენას მოახდენს თამაშზე, ის არჩეულ სქემაში მის ადგილს ვერ ხედავს და მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ყველაფერი თავზე გვემხობა და კარგი მეპასე გვჭირდება.

არადა, იკითხება, რომ 4-3-3 სისტემაში დე იონგი, პუჩი, პედრი, იდეალური სამეული იქნება. მომავლის ტრიო, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. რა თქმა უნდა, გამოუცდელობის გამო ჩავარდნებიც იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკასთან და ადაპტაციასთან ერთად “ბარსელონური” ხარისხიც დაიდებოდა.

კუმანი კი ჯიუტად აყენებს ორ საყრდენს და შემტევი პოტენციალი მკვდარია. “ლევანტესთან” დე იონგმა დრიბლინგებით გაგვანებივრა და ნახევარდაცვის გაუგებარი განლაგება როგორღაც გაამრავალფეროვნა.

კოუტინიო

როცა ვსაუბრობთ ნახევარდაცვაზე, ცალკეულად უნდა გამოვყოთ კოუტინიო, რადგან ამ სქემაში დიდი როლი აქვს, მუდმივად ათიანზე ნამდვილად არ თამაშობს, ხშირად უთმობს ადგილს მესის და თავად მარცხენა ფლანგს ითვისებს, მაგრამ მაინც ის ფეხბურთელია, რომელიც ბოლო პასით, დრიბლინგითა და შორიდან დარტყმებით უნდა გამოირჩეოდეს, ამის ნაცვლად კი ვხედავთ არაფრის მომცემ გადაცემებს, ძირითადად გვერდზე და უკან. მისი წინ პასი, როგორც წესი, იჭრება.

საწყის ტურებში არ იყო ცუდი და შევაქეთ, ალბათ იმაზე მეტად შევაქეთ, ვიდრე იმსახურებდა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ისევ ის კოუტინიოა, რომელსაც ფანებმა უსტვინეს და “ბაიერნმა” არ დაიტოვა. “ლივერპულის” კოუტინიო წარსულს ჩაბარდა.

ყველა ნახევარმცველი მასზე კარგად გამოიყურება, პედრიდან დაწყებული, პუჩით დამთავრებული. კიდევ ერთი უღიმღამო მატჩი ჩაატარა და სტადიონზე რომ ხალხი ყოფილიყო, ისევ სტვენით გააცილებდნენ.

წვალებით მოგებული

გოლის შემდეგ გამახსენდა, როგორ ვიგებდით ხოლმე ასეთ თამაშებს, განსაკუთრებით “კამპ ნოუზე”. პირველ ტაიმში საქმეს მოამთავრებდნენ და მეორე ტაიმში დრო მთლიანად სანახაობას ეთმობოდა. მეტოქის ნახევარზე დაჭერილი ბურთი და ფანების ხმამაღალი შეძახილი – ოლეე!

ესეც წარსულია.

გოლი საუკეთესოებმა შექმნეს, ბრეითუეიტმა მეტოქეს ბურთი აართვა, დე იონგმა დროული და ზუსტი პასი გააკეთა, მესიმ კი იდეალურად დაარტყა.  

მოგება დავიმსახურეთ, ბოლო წუთებზე ისევ გვანერვიულეს და კინაღამ სიმწრით მოპოვებული სამი ქულაც წაგვგლიჯეს.

არ იყო ცუდი გრიზმანი, იმ სტანდარტებით თუ შევაფასებთ, რა სტანდარტებიც თავად დაგვიწესა, მემგონი უკვე ყველამ აღიარა, რომ კოუტინიოსი არ იყოს, ვერც გრიზმანი ათამაშდება ისე, როგორც “ატლეტიკოში” თამაშობდა. აღარ უშველის ამას აღარც პოზიციის ცვლილება და აღარც მესის წასვლა. ძალიან დიდი ხანია ჩვეულებრივი ფეხბურთელებივით თამაშობენ, სიღარიბეს ჰგავს რაღაცით, მწიგნობრები ხომ ასე ამბობდნენ, სიღარიბემ მიჩვევა იცისო, ხოდა საშუალო სტატისტიკურ ფეხბურთელად ქცევასაც მიჩვევა სცოდნია.

დაცვა

არაუხომ გაგვახარა, მინგესას ჯობია, ლანგლესაც ჯობია, როგორც ჩანს უმტიტისაც ჯობია და თუ ბოლო დროინდელ პიკეს გავიხსენებთ, გამოვა, რომ ჩვენი საუკეთესო მცველია, რომელსაც ხანდახან ათრევენ ხოლმე, მაგრამ რაც არის ეგ არის, უკეთესი არ გვყავს.

“ლევანტეს” გავუმკლავდით! ესეც საქმეა. მაღალი დონის ცენტრალური მცველი იდეაშიც არ გვყავს, რომელიმეს პერსპექტივას რომ ვენდოთ, ან რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატი მთავარ დაპირებად ძლიერ ცენტრალურ მცველს რომ ასახელებდეს, არა! მხოლოდ დემბელეს კონკურენტის იმედზე ვართ, რომელიც გუშინ ხელბურთის სათამაშოდ შემოვიდა. ჩვენი “შავი მალდინი”! რა კომიკურად ჟღერს ახლა, არადა მსოფლიოს ჩემპიონია, დღეს რომ დაასრულოს კარიერა, სათქმელი მაინც ბევრი ექნება.

წინ “სოსიედადია”, ჩემპიონატის ლიდერი! მართალია, ჩვენზე ორი თამაშით მეტი აქვთ, მაგრამ იმ ორ შეხვედრაში რომ ექვსი ქულა ვიანგარიშოთ, “სოსიედადი” სამი ქულით მაინც წინ იქნება. ასე რომ, მძიმე და რთული მატჩი იქნება. მიმდინარე ლა ლიგაში ჩვენთვის ყველა თამაში ასეთია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • Don_Andresito
    14 დეკ 2020, 23:19

    ციტატა: Griezzy7
    ყველა მეკარე ჩვენთან იგიჟებს თავს იმენაა.


    აბა ბიჭოო რეები ქნა ტიპმა, პაჩეკომ რეალთანაც კაი თამაში დადო და ჩვენთანაც მარა ფერნანდესმა უკადრებლები იკადრა. არადა დაილოცოს ბონო. სევილიას მეკარე, რეალს სამი ქულა შეუფუთა გაატანა. ჯერ 2 ჯერ კომიკორი შეცდომა დაუშვა, ბურთი წინ დაუგდო რეალის მოთამაშეებს და ის ვერ გათვალა რო ვინისიუსი მაგაზე კომიკია, ააცილა. მერე კიდე მისცა პასი მარა იქაც ვერ გამოიყენეს, ბოლოს ადგა და თქვენი დედაცო და თავის კარში ტენა გემრიელად ბურთი. არადა დონე მეკარეა იდეაში, რავი.

  • nika 54
    14 დეკ 2020, 18:14

    გრიზმანზე დაგეწერათ, სულ რო ფეხებში ედებოდა ლეოს, ან რა უნდოდა მარჯვენა ფრთაზე ვერაფერი ვერ გავიგე, ყოველ თამაშში რაღაცა უნდა მოიგონოს ამ სეტიენის მემკვიდრემ?

  • El pistolero 9
    14 დეკ 2020, 14:11

    4-3-3:
    შტეგო
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    პუჩი დეიონგი კოუტინიო
    გრიზმანი მესი ბრაიტვაიტი.
    დააყენოს ეს შემადგენლობა ამ ფორმაციით და შუაზე გავხევთ სოსიედადს

  • BARCELONA FOREVER
    14 დეკ 2020, 13:32

    ყველა მეკარე რო ჩვენთან გიჟდება ამას უკვე მივეჩვიე მარა დააყენე 4-3-3 რა იქნება რატო შ…ა იმ წყობას მოსინჯე მაიც შე კაი კაცო

  • grizmann
    14 დეკ 2020, 11:08

    ბრაიტვეიტი თანდათან პროგრესირებს შეტევაში ყველაზე მოტივირებულად ეგ თამაშობს და ყველა მომენტში ცდილობს სარგებელი მოუტანოს გუნდს თუ ძირითადში არა ზამენიდან იდეალური იქნება მაგრამ ახლა მაგაზე უკეთესი არავინ გვყავს და იქნება კიდე უფრო განვითარდეს

  • Kravela86
    14 დეკ 2020, 10:43

    ჩემთვის ეს ისეთი თამაში იყო , როდესაც 3 ქულას უფრო მეტი ფასი ქონდა ვიდრე ხარისხს. რათქმა უნდა მოგებასთან ერთად თამაშის ხარისხიც რომ მენახა მაგარი იქნებოდა მაგრამ რას ვიზავთ. უკეთესი თამაშის და 3 ქულის იმედით დაველოდოთ შემდეგ ტურს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    14 დეკ 2020, 10:42

    ბოლომდე ნაწვალები არ იყო მაგრამ აქამდე სამ ქულას წვალებით კი არა მეტოქისთვის ბურთის თავზე დამხობით და ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით ვიღებდით.დროზე წავიდეს კუმანი სანამ საერთოდ დაუქცევია გუნდი,რომელზეც ასეთი დიდი იმედი დაამყარა ხელმძღვანელობამ და რომ არაფერი იცვლება მერამდენე თამაშია ვხედავთ.

  • Gaucho24
    14 დეკ 2020, 10:41

    წინა სტატიების კომენტარებში დავწერე ზუსტად , დე იონგი პედრი პუჩი , ცენტრში მომავლის ტრიო და სრულიად გეთანხმები.. გეთანხმები კოუტინიოსა და გრიზმანზეც , კუმანის სიჯიუტეზე და არასწორ ტაქტიკაზე , დაცვაზეც , მაგრამ მესი საუკეთესო ნამდვილად არ იყო.. საუკეთესო იყო მესი იმ შემთხვევაში თუ შევაფასებთ როგორც გრიზმანს , მაგრამ როდესაც ვაფასებთ როგორც მესის ისეთივე იყო როგორც გრიზმანის შეფასება , უამრავი დაკარგვა და არაზუსტი პასი , დადის დადის დადის და მხოლოდ მაშინ დარბის როცა ბურთი აქვს ან მომენტი იქმნება , კარგი ამას შევეჩვიეთ მაგრამ იმედია ფორმას მალე აკრეფს თორე დიდად ასეთი თამაშების მოგების იმედიც არ უნდა გვქონდეს.. გუნდის პრობლემა ერთელ ფეხბურთელებში ნამდვილალდ არაა , არც კუმანშია მხოლოდ პრობლემა , პრობლემა მენტალიტეტშია , გუნდი არ მოძრაობს , არ დარბის , ბურთისა და ფეხბურთელების გადაადგილების სისწრაფე ძალიან დაბალია , დაბალია ტემპი , ზონებს ვერ ავსებენ , სივრცეებს ვერ ითვისებენ , არ იციან პასი სად გააკეთონ , სად გაიხსნან და მეტოქე სად გაიტყუონ , უბურთოდ ვერ მოძრაობენ , დგანან და ელოდებიან ბურთს , ასე ფეხბურთს ვერ ითამაშებს , ასე ვერ მოიგებ , ერთი მომენტის ხარჯზე , ერთი მომენტის იმედზე ყოფნა სამარცხვინოა , სამარცხვინოა როცა გუნდს მოგების სურვილი არ ეტყობა , არ ეტყობათ რომ ფეხბურთის თამაში უნდათ , მხოლოდ ვალდებულების გამო გამოდიან მოედანზე , ფეხბურთისგან სიამოვნებას კი არა ფულს იღებენ მხოლოდ და ეს სამარცხვინოა… გრიზმანი კოუტინიო მესი , 3 ფეხბურთელი 1 სივრცეში , 4-2-3-1 და არცერთი გარემარბი , არანაირი სწრაფი პასები და სივრცის გარღვევა , ასე არაფერი გამოვა , იმედია ახალ პრეზიდენტთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და გუნდი სწორ ტრანსფერებს გააკეთებს , მანამდე კი ძირითადი როგორც ასეთი ვფიქრობ ასე უნდა დაკომპლექტდეს..
    ტერ შტეგენი
    დესტ არაუხო უმტიტი ( ფორმაში თუ შევა თუ არა პიკე) ალბა
    დე იონგი
    პედრი პუჩი
    მესი გრიზმანი ფატი
    გრიზმანის დემბელეთი შეცვლა შეიძლება და ფატის ცენტფორვარდად თამაში , ასევე კოუტინიოც სკამიდან ჩაერთვება , პიანიჩიც და ბუსკეციც , ტრინკაუც და ბრაითვეიტიც , საჭიროებიდან გამომდინარე და ვფიქრობ ხელწამოსაკრავი გუნდი არ იქნება , მთავარია გუნდმა ის მოგების სურვილი და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება დაიბრუნოს.. წარმატებები..

  • C.PC5
    14 დეკ 2020, 09:35

    აი არაუხოს ყურება გუშინ მართლა სასიამოვნო იყო. ცივსისხლიანად მოქმედებს და არ აცდის მეტოქეს მომენტის გამწვავებას. ჩადგეს უმტიტი ფორმაში რა მოხდება და არამგონია ლენგლეს თამაშით აღფრთოვანებული იყოს კუმანი, სავარაუდოდ თუ უმტიტი ჩადგა ფორმაში მოისვრის ლენგლეს კუმანი, მითუმეტეს აშკარა შეცდომებს უშვებს და არაფერი შველის.დე იონგი პუჩი და პედრი. ეს ტრიო უნდა იყოს მომავლის ნახევარდაცვა, მარა ამ კუმანს არ ესმის,თუმცა რომ დავუკვირდეთ თუ ეს სამეული დადგება თავისთავად კოუტინიოს მოუწევს გადაბრძანება სკამზე და 145 მილიონის სკამზე ჯდომაც არაა მთლად ჭკვიანური.

  • AGU3RO
    14 დეკ 2020, 09:33

    ყველა მეკარე ჩვენთან გიჟდება , ფრენკკ არაუხო პედრი კაები იყვნენ

  • M10 S9 D11
    14 დეკ 2020, 09:09

    მე ესეთი სიჯიუტე არ გამიგია დარწმუნებული ვარ რო იცის კუმანმა რა ცუდი სქემაც აქვს მარა არ უნდა აღიარებ გუნდსაც აწვალებს და ფანებსაც ნუ გრიზმანი ლენგლე და კოუტინიო ცალკე სფეროა 3 თამაში გამოანათა გრიზმანმა და ისევ ჩაქვრა კოუტინიო დღითიდღე მაზიზიღებს თავს ლენგლეს მეტი ლანძღვა აღარ სჭირდება თავისი გაჭირვებია არაუხოს რაც შეეხება კარგად გამოიყურება და დრო და დრო მოუმატებს უმტიტი ფორმაშია შესასვლელი დესტი კარგი იყო ალბა დარბის სხვას ვერაფერს ვიტყვი დე იონგს და ბტაიტვაიტს გამოვარჩევდი საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეს მესის არ უმართლებდა მარა ბოლოს მაინც გაიტანა იმედია კიდე უფრო მოუმატებს მესიც და გუნდიც საბოლოო ჯამში ცუდი თამაში არ იყო ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ერთზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა