სერხიო ბუსკეტსის თამაშის ანალიზი მარტივი არასდროს ყოფილა. ვერ ვიტყვით, რომ ისე ქრება მოედნიდან, როგორც კლოდ მაკელელე, რადგან “ბარსას” აღზრდილს ტექნიკური არსენალიც არ აკლია და ხშირად გვთავაზობს თავის ჩვეულ მოძრაობას, რომელიც “კამპ ნოუზე” ყოველთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს.
მაკელელესგან განსხვავებით რისკიც უყვარს, იმიტომ, რომ ზემოთ ნახსენებ ფინტს, ყველაზე ხშირად მაშინ აკეთებს, როცა თავის ნახევარზეა და ბურთის ამოტანა ევალება. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. მაკელელეს კი იმიტომ ვადარებთ, რომ ტაქტიკურად საოცრად განსწავლული ფეხბურთელი იყო, რომელსაც იდეალურად ეხერხებოდა თამაშის წაკითხვა.
“ბარსა”, როგორც კი 4-3-3 ზე გადაეწყო, რაიკაარდის ეპოქაში, საყრდენ ზონაში ყოველთვის ჰყავდა ფეხბურთელი, რომელსაც სწრაფად უნდა შეევსო, ცენტრალურ მცველებს შორის სივრცე, ამიტომ ამ პოზიციაზე, ყველაზე მეტი თამაში მოტას, ედმილსონსა და მარკესს უწევდათ, რომელთა შემტევი პოტენციალი აშკარად მოიკოჭლებდა. მათგან ორი ხომ ცენტრალური მცველი იყო?! ფრანკ რაიკაარდს, ამ ზონაში, სჭირდებოდა ფეხბურთელი, კარგი პირველი პასით და მან ეს ფეხბურთელები იპოვა.
აი პეპ გვარდიოლას, მხოლოდ პირველი პასი არ აკმაყოფილებდა. მის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარცმველი იყო და ახალგაზრდა ბუსკეტსი, რომელიც ბ გუნდიდან დააწინაურა.
იაია ტურეს გაშვება, ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი ტრანსფერი იყო, “ბარსას” ისტორიაში. ტურე გაშვებას არ იმსახურებდა, მაგრამ ვერც სკამზე დასვამდი და ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო. პეპმა ბუსკეტსი აირჩია.
ტურე უკეთესია იმით, რასაც ანალიზის გარეშე ვხედავთ, იაიას უკეთესი დარტყმა ჰქონდა, არც პასი დაეწუნებოდა, ბოლო პასი ბევრად უკეთესი ჰქონდა, დრიბლინგს იშვიათად გვთავაზობდა, რადგან წინ ჩავი და ინიესტა ჰყავდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ შესანიშნავად შეეძლო ბურთის დრიბლინგით ამოტანა, რაც მოგვიანებით “მანჩესტერ სიტიში” გვანახა, მარტო “ბერნაბეუზე” შესრულებული ორი დრობლინგი რად ღირს?! ფიზიკურად არათუ ბუსკეტსზე, არამედ ნებისმიერ ფეხბურთელზე ძლიერი იყო, თავის ეპოქაში. ბოლოს, სტანდარტული მდგომარეობის შესრულებითაც გამოირჩა და პრემიერ ლიგაში ჯარიმას ჯარიმაზე იტანდა, ტემპს ვერ ყვებოდაო ამის თქმა სისულელეა, სწორედ იქ გაიტანა სეზონში 20 გოლი, სადაც ყველაზე მაღალი ტემპია.
რა დარჩა სერხიო ბუსკეტს?
დარჩა ის, რასაც ვერ ვხედავთ.
როდესაც იოჰან კრუიფი გვარდიოლას აკვირდებოდა, მას პირველ რიგში მოსწონდა ის, თუ როგორ გადაადგილდებოდა პეპი, ბურთის გარეშე, რა პოზიციას იკავებდა მაშინ, როცა მთელი გუნდი შეტევაზე იყო გადასული. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან კამერა ყოველთვის ბურთს დაყვება და გუნდი თუ შეტევაშია, წარმოდგენა არ გვაქვს, რა პოზიციას იკავებს ფეხბურთელი საყრდენ ზონაში.
პეპმა ბუსკეტსში საკუთარი თავი დაინახა. გარდა იმისა, რომ “ბარსას” აღზრდილია და გაცილებით უკეთ ჩაეწერა გუნდის ტაქტიკურ სქემაში, იაიას აზროვნებითაც აღემატებოდა, ეს კი პეპისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
სერხიოს, პეპის გარდა, უკვე მრავალ მწვრთნელთან მოუწია მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა უპირატესობას ტურეს მიანიჭებდა, განსაკუთრებით ერნესტო ვალვერდე. ეს არ ნიშნავს, რომ რამით შეცდებოდნენ, უბრალოდ აქ ჩანს მათი საფეხბურთო ხედვა და აზროვნება, რომელიც ბუსკეტსის ხედვას, იშვიათად ემთხვეოდა.
ჩავის წასვლის შემდეგ, სერხიო ბურთით იმაზე მეტად დაიტვირთა, ვიდრე მანამდე, ხშირად ვხედავთ, როგორ იღებს საკუთარ თავზე ბოლო პასის შესრულებას, მართალია იქ აღარ ჩაირბენს ხელაწეული დანი ალვესი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ამ პასს ბუსკეტსი აკეთებს, ისე არ გამოსდის როგორც მაესტროს გამოსდიოდა და ვერც პასის ადრესატი გრძნობს მომენტს ისე, როგორც ალვესი გრძნობდა, მაგრამ რაღაც მაინც გამოდის და ამ რაღაცას, ნეაპოლში გოლი მოჰყვა.
მაშ შემდეგ, რაც ჩავი და ინიესტა ვერაფრით შევცვალეთ, ბუსკეტსს უწევს იმის კეთება, რასაც მის წინ მდგომი ფეხბურთელები უნდა აკეთებდნენ. გარდა ამისა, კვლავ გუნდის ხერხემალია და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვხედავთ, რომ ბოლო წლებში, ძალიან მოუკლო.
თავის დროზე, როცა “ბარსა” ვარჯიშზე ორ გუნდად იყოფოდა, მესის პირველი არჩევანი ყოველთვის ბუსკეტსი იყო. ამის შესახებ პეპ გვარდიოლა საუბრობდა, მესი შეპყრობილია გამარჯვების სურვილით, უბრალოდ ვერ ეგუება წაგებას, თუნდაც ვარჯიშზე, ამიტომ, გამარჯვების მოსაპოვებლად, მისი მთავარი იარაღი, სერხიო ბუსკეტსია. სანამ ლეო ბურთით დარბის და მცველებს აწიოკებს, ბუსკეტსი ყოველთვის იქ არის, სადაც მეტოქის შესაძლო კონტრშეტევას მარტივად გაუმკლავდება.
გამოდის, რომ სერხიო თამაშის დროს ფიქრობს იმაზე, რაზე საფიქრელადაც სხვებს უბრალოდ არ სცალიათ.
როცა “ბარსა” რომის იმპერიასავით უძლეველი იყო, ამბობდნენ, რომ გუნდს ჰქონდა ფილოსოფია და ფეხბურთელები რომც წასულიყვნენ, ფილოსოფია და სათამაშო სტილი, ხელშეუხებელი იქნებაო.
სისულელე გამოდგა ეს ზღაპრული სიტყვა, რომელიც გვაჯერებდა, რომ “ბარსას” დიდება სამუდამოდ გაგრძელდებოდა.
ჯერ კიდევ ჩავის წასვლით, “ბარსამ” დაკარგა დირიჟორი, რომელიც სათამაშო ტემპს, ყველა ეტაპზე აკონტროლებდა, მთელი გუნდის მოძრაობას, სინქრონულად ხედავდა. ამას მიჰყვა ინიესტა და ვხედავთ, რომ ფილოსოფიას ხორცშესხმა სჭირდება. ეს განსაკუთრებული, უნიკალური თაობაა, რომელიც ბოლო წლებს ითვლის “ბარსელონაში”.
ფრენკი დე იონგი, სხვა კულტურის ნაწილია. უდიდესი პოტენციალით, რა თქმა უნდა, აქვს უნარი, რომ “ბარსას” ლეგენდა გახდეს, მაგრამ ბუსკეტსი ის იშვიათი მოვლენაა, რომელზეც ყველაზე მეტს მაშინ ილაპარაკებენ, როცა მოედანზე აღარ იქნება. რადგან, ყველაზე მეტად, სწორედ ამ დროს ჩანს, გუნდს რა აკლია.
“თუ თამაშს უყურებ, ბუსკეტსს ვერ ხედავ, მაგრამ თუ ბუსკეტსს უყურებ, მთელი თამაშის წაკითხვა შეგიძლია“- ასე დაახასიათა მადრიდელმა ულვაშამ და ალბათ, ამაზე კარგად, ვერც ვერავინ შეაფასებს.
საღოლ ფეოლა კარგადაა დაწერილი 👍 და ძალიან კარგი დახასიათებებია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელის
რატომ ამბობთ ყველა, ძაან მოკლებული აქვსო, აშკარა ცვლილება იყო სეტიენის მოსვლისთანავე და ვერ ამჩნევთ? პირველ თამაშებში უბრალოდ საუკეთესო იყო მოედანზე და ძალიან მოტივირებულია აშკარად რაც სეტიენი მოვიდა
ბუსისნაირი კლასნი ტიპები აღარ არიან დღევანდელ ფეხბურთში😌არც დრიბლინგი აქ არც სისწრაფე არც კარგი დარტყმა მარა უდიდესი საფეხბურთო ინტელექტი აქ❤ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა ტიპი😍დროა უკვე გადაიწიოს სკამზე და დეიონგის მასწავლებელი გახდეს❣
ძალიან მოკლებული აქვს ბუსის ძალიან დროა ფრენკი დადგეს საყრდენზე
ბუსკეცი იყო ერთ დროს საუკეთესო საყრდენი, ახლა აღარ უკვე სამწუხაროდ. ჯობია დე იონგსს დაუთმოს გზა.
ეჰჰჰ მიდის ამათი დრო