ექვსი ნომინაცია და ოთხი ფეხბურთელი: “ოქროს ბურთის” ორგანიზატორებმა, გამოცემა France Football-მა და UEFA-მ 2026 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია ოფიციალურად გაასაჯაროეს. 26 ოქტომბერს ლონდონში გასამართ საზეიმო ცერემონიაზე “ბარსელონა” შთამბეჭდავი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი – ჟოან გარსიას, როდრიგო ერნანდესს, პაუ კუბარსისა და ლამინ იამალს უმაღლესი ინდივიდუალური აღიარების მოპოვების რეალური შანსი აქვთ.
ჟოან გარსია – იაშინის ჯილდო
პირველი ნომინანტი, რომელიც ოფიციალურად დასახელდა, “ბარსელონას” კარის დარაჯი ჟოან გარსია გახლავთ. კატალონიელი კიპერი 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებასა და იაშინის ჯილდოს მოგებაზეა წარდგენილი. ეს მისი სადებიუტო ბრწყინვალე სეზონის ლოგიკური დაფასებაა – ჟოანმა ლა ლიგის საუკეთესო მეკარის აღიარებასთან ერთად სამოროს ჯილდოც მოიგო. 25 წლის კიპერი ამ პრესტიჟულ ნომინაციაში კარიერაში პირველად მოხვდა.
კუბარსი და ლამინ იამალი კოპას ჯილდოზე
მომდევნო ორი ბლაუგრანელი ლამინ იამალი და პაუ კუბარსი არიან. “ლა მასიას” აღზრდილები 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე, კოპას პრიზზე მოხვდნენ. ორივე მათგანი გადამწყვეტი ფიგურა იყო როგორც “ბარსელონას” მიერ ესპანეთის სუპერ თასისა და ლა ლიგის მოგებაში, ისე ესპანეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფში.
ორივე ფეხბურთელისთვის ეს კოპას ჯილდოზე მესამე ნომინაციაა. მეტიც, 19 წლის ლამინ იამალს შეუძლია ისტორია დაწეროს და ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგოს.
…და მთავარი “ოქროს ბურთი” როდრისთან ერთად
დაბოლოს, ყველაზე მთავარი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. “ოქროს ბურთის” მფლობელი შესაძლოა “ბარსელონას” სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი გახდეს: პაუ კუბარსი, ლამინ იამალი და როდრი ერნანდესი.
ორივე ახალგაზრდა კატალონიელს შანსი აქვს, ლონდონის საღამო ერთბაშად ორი ჯილდოთი დაასრულოს. ლამინისთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში ზედიზედ მესამე გამოჩენაა, ხოლო გუნდის მე-5 ნომერმა, ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსიმ ეს ნომინაცია კარიერაში პირველად დაიმსახურა (შეგახსენებთ, რომ კუბარსი ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დასახელდა).
რაც შეეხება როდრის, “ბარსელონას” ახალწვეულისთვის ეს “ოქროს ბურთზე” მესამე ნომინაციაა (2023 და 2024 წლების შემდეგ). 2024 წელს მან ეს ჯილდო უკვე მოიგო, ასე რომ, შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად აღიარება. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში როდრი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი შემოქმედი და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
კუბარსი მოიგებს მარტო კოპას ჯილდოს და ოლმოს აქ არ ყოფნა ყველაზე დიდი სირცხვილია,მუნდიალმა გავლენა დაკარგა როგორც ვატყობ მე