გუშინვე “მუნდო დეპორტივომ” გაავრცელა – კატალონიის უკიდურეს დასავლეთით ორი მოგზაური შეუნიშნავთ, უგზოუკვლოდ დაეხეტებოდნენ თურმე, წვიმდა ძლიერად ესენი კიდევ თავშესაფარს დაეძებდნენ და ვერაფერს მიაგნეს, შესძახეს ერთ-ერთი კაფედან, აქეთ მოიწიეთ, ფეხბურთს მაინც უყურეთო, მივიდნენ ესენიც, ერთიანად გალუმპულები, დაღვრემილები, ცუდ ხასიათზე, ჩამოსხდნენ და დაიწყეს ფეხბურთის ყურება, მერე ლუდიც მოითხოვეს და ცოტა გამხიარულდნენ, ხასიათზე მოვიდნენ, რაღაცებზე პასუხის გაცემაც დაიწყეს და ალბათ მოვიდა ის ზუსტი დრო როცა უნდა გამოეკითხათ, ახლა აქ, ამ წვიმაში, რა ჯანდაბამ გადმოგაგდოთ, რომელი ტურისტული წერტილი ეს ნახეთ, მაროკოდან გამოქცეული ხალხი თუ შეაფარებს თავს აქაორობასო, იმ ორიდან ერთ-ერთმა მიუგო – ბოლოს როგორც მახსოვს მოედანზე ვიყავით, მერე ვიღაცამ რაღაც ფინტი გააკეთა და ორივეს დედა გვაქვს მო…..
O Captain
მოულოდნელი ლეგენდა ვუწოდეთ წინა მიმოხილვისას და ბეჭედი დაარტყა ამ გოლით. არ ველოდით და ლეგენდა შეიქნა. “ბარსელონას” ლეგენდობა კიდევ დიდი ამბავია. თანაც აშკარად გამორჩეული კაპიტანია. ამ გუნდის სამკლავურს რომ მოირგებ ეს ხომ უდიდესი პატივია და მერე ამ კაპიტნებს შორის რომ გამოირჩევი ეს ხომ საერთოდ საშვილიშვოლოდ საამაყოა. ამ გოლმა კიდევ პედრის გოლი გამახსენა “გალათასარაის” კარში. იმ გოლმაც გამაოცა, მაგრამ არ გამკვირვებია, პედრი ხომ პაუზის დიდოსტატია, რაფინიასგან კიდევ არაფერს ველი და ყველაფერს აკეთებს. მისი კარიერაც ხომ ასეთია, არაფრიდან ყველაფერი გამოძერწა.
ფლიკმა მარცხენა ფლანგი შეცვალა, ესპარტის ნაცვლად კანსელუ დააყენა, გორდონის ნაცვლად ადეიემი. ბარსას კიდევ არაფერი დაჰკლებია. აი, ასეთ გუნდად ჩამოყალიბდა, თუ გინდა აქედანაც იმასქენი, და მერე ის, თუ გინდა იქედანაც იმასქენი, მაინც დიდებული გუნდია. წვიმამ რა თქმა უნდა, თამაშს ვერაფერი დააკლო, “კამპ ნოუს” გაზონმაც კარგად გაუძლო, დრენაჟმა წყალი გაიტანა და ერთი წამით არ უგრძნია არავის სველი მინდორი, იმ ორი კაცის გარდა რა საკვირველია.
მეორე გოლი ადეიემიმ შეაგდო, რომელსაც საუკეთესო მატჩი ჰქონდა აქ გადმოსვლის შემდეგ. დაატრიალა კუთხეში კოუტინიუს მსგავსად. ნელ-ნელა ესეც მოუმატებს. აბა რა შედარებაა იმ ფეხბურთელებთან, სკამიდან რომ აძლიერებდნენ ბარსას. რეალურად, ადეიემი სათადარიგო არ არის, უბრალოდ ძირითადს იყოფს გორდონთან, და რომელს უფრო მეტი დრო ერგება, ეს მათ თამაშზეა დამოკიდებული, ყოველ წუთსა და წამზე, რომელსაც მინდორზე ატარებენ, გააჩნია რა სარგებელს მოუტანენ ბარსას. ამათაც მოაქვთ და მოაქვთ. საგოლე პასები, გოლები, გაუთავებელი სირბილი – ყველაფერი მოაქვთ.
შეაგდო და აღნიშნა ობაფემი მარტინსივით, ამოტრიალდა ჰაერში და დახტა სველ მინდორზე. გიჟი არ არის ახლა ეს? ძლივს კარგად ითამაშა და კინაღამ კისერი მოიტეხა.
სადებიუტო
ეგრე არ არის რომ სულ ბარსა უტევდა, არა, “ფეინოორდი” ორივე ტაიმში ქმნიდა მომენტებს. რაღაც აკლდებოდაღ გოლამდე, ხან გარსია იყო კარგი, ხან მცველები, ხანაც თავად ურევდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედვარე მაინც დაგრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ გოლს ეს ხალხი იმსახურებდა. მათი მწვრთნელის გამო მაონც. ჯოვანი ვან ბრონხოშტი, ჩვენთვის ჯიო, პეპის მოსწავლე არ ყოფილა, რაიკაარდის კადრი იყო, ჰოდა, მისმა გუნდმაც რაიკაარდის გუნდივით ითამაშა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კაპიტანმა მეორეც შეაგდო. კიდევ გინდათ ალვარესი? მე მგონი ახლა მხოლოდ თავად ალვარესს უნდა “ბარსელონაში”, და მადრიდელთა გარკვეულ ნაწილს, რადგან მიაჩნიათ, რომ დიიიდი შეცდომა დაუშვეს, რაფინიას შემხედვარე კი არა მგონია ვინმე ალვარესზე ფიქრობდეს. ამ კაცს ყველაფერი შეუძლია. კარგი გოლი შეაგდო, პედრის მორიგი შედევრი შეირგო და თავისი მარცხენათი ზუსტად დაარტყა.
კიდე ერთი ცაციის ჯერიც მოვიდა, ლამინე იამალმა ჯარიმა შეაგდო. გასულ სეზონებში ლევანდოვსკი და ფერანი ურტყამდნენ ხოლმე და ორივეს შეაუგდია. როგორც მახსოვს, ჯარიმა გაუტანია ოლმოსაც, რატომღაც მახსოვს რომ გაუტანია რაფინიასაც, ახლა კი მათ არ ყოფნაში (რაფინია უკვე გასული იყო) იამალმა დაარტყა და გაიტანა. გაუმართლა კი, ცოცხალი კედელი დაიშალა და მეკარე გაწირეს. ბურთმა კედელში გაიარა. სხვათა შორის, ძალიან ჰგავდა უეინ რუნის გოლს “ფენერბახჩეს” კარში, ეს რუნის სადეიუტო მატჩი იყო ლიგაზე, სამი შეაგდო, სამიდან ერთი ჯარიმა იყო, მაშინ ვიფიქრე ბექემის მერე ჯარიმის დამრტყმელი ეყოლებათ-მეთქი, მაგრამ გავიდა მცირე დრო და რონალდუმ ბურთთან საერთოდ აღარ გააკარა. იამალს კიდევ გვერდზე ვერავინ გაწევს, კიდევ ბევრჯერ მოუწევს შესრულება და იმედია კიდევ ბევრსაც შეაგდებს, თორემ, მესის მერე საცოდაობაა ამ ჯარიმების ყურება.
ბარსამ ბოლოსკენ გაუშვა და გაიტანა. გაუშვა კუნდეს შეცდომით, და გაიტანა ჟეზუსის თავით. კარგი გოლი იყო. ვაჰ, მაინც დამძიმებული მეჩვენება ეგ კაცი, მიუხედავად იმისა, რომ რვა წუთში შეძლო და გოლი შეაგდო, მერე კიდევ მეორე შანსიც ჰქონდა, რას ვერჩი არ ვიცი, მაგრამ დიდად არ მეიმედება. ფორმიდან ამოვარდნილ ანსუ ფატის მაგონებს.
წინ რა გველის
სულ რაღაც სამ დღეში ისევ ვალენსიაში ჩასვლა, ისევ “ღამურების” დევნა. ამჯერად “ლევანტე” იქნება ბარსას მეტოქე და მოლოდინი იგივე გვაქვს – დიდი ანგარიშით მოგება.
forum კომენტარები (0)