ბარსა სეზონის პირველ ნახევარს “ვილიარეალთან” მატჩით დახურავს. ჟორჟ მიქაუტაძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პოტენციურად ყველაზე ახლოს არიან პირველადგილოსან “ბარსელონასთან”. როგორც წესი, “ვილიარეალთან” ყოველთვის საინტერესო მატჩები იმართება, ასე რომ თვალი გადავავლოთ 10 ყველაზე გამორჩეულ შეხვედრას წარსულიდან.
გვარდიოლას ცა და მიწა – 2000/01
უცნაური მატჩი იყო, “ბარსას” ცუდი სეზონი ჰქონდა და ამ დროისთვის მეოთხე ადგილს იკავებდა ცხრილში. ეს ის სეზონია, როცა ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება “ბარსას” ბედი და ბოლოს რივალდოს სასწაულით გავლენ ლიგაზე. “ვილიარეალს” 29-ე ტურში ესტუმრნენ, მატჩი აუცილებლად მოსაგები იყო, მაგრამ საწყის 20 წუთში ბარსა უკვე 0:3 – ს აგებდა. ამ უბედურებაში კიდევ პეპ გვარდიოლას ლომის წილი ჰქონდა, მოედანზე თითქოს გამოუძინებელი გავიდა, ნაბახუსევს ჰგავდა, საერთოდ გაუგებარია რას აკეთებდა. საწყის წუთებში ბევრი წუნი ჰქონდა, ბურთის დაჭერას ვერ ახერხებდა და ვერც მეტოქის შეტევებს შლიდა. მესამე გოლი კი პირდაპირ მის სინდესზეა, რეინას პასი ვერ შეიმაგრა და ვიქტორ ფერნანდესმა ასე 30 მეტრიდან თავზე გადაუგდო ესპანელს.
თითქოს შეუძლებელია ასე დაწყებული მატჩის მოტრიალება, მაგრამ ბარსამ მაინც შეძლო. გაგიკვირდებათ და ამაშიც პეპს აქვს ლომის წილი, ერთდროულად როგორ შეიძლება ასეთი ცუდი და ასეთი კარგი მატჩი გქონდეს ჩემთვის გაუგებარია. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში კლუივერტმა შეამცირა, გვარდიოლამ კუთხური კარგად ჩამოაწოდა და პატრიკმა თავით ლამაზ ნახტომში შეაგდო. ბარსა გამოცოცხლდა, რივალდომ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და თავადვე შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. რემონტადა მეორე ტაიმისთვის გადაიდო.
მეორე ტაიმში კლუივერტმა კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან, მაგრამ გოლის შეგდება მაინც შეძლო. გვარდიოლამ წამოიწყო შეტევა და შეცვლაზე შემოსულ სიმაოს შეაყოლა ბურთი, იამანაც ერთი პასი გააკეთა გასწვრივ და პატრიკს აღარ გასჭირვებია გოლის შეგდება – 2:3. ერთიც და ეგ არის.
მესამოცე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – პეპის კიდევ ერთი ბრწყინვალე პასი შეირგეს, რივალდომ ბურთი მკერდზე მიიღო და ნახევარბრუნში ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო – 3:3. დრო ბევრია. ყველაფერი წინ არის. თითქოს ბარსას გადამწყვეტი სიტყვაც უნდა ეთქვა, მაგრამ… ისევ გვარდიოლა… რა სჭირს ამ კაცს?! ისევ დაკარგა ბურთი, ისევ თავის ნახევარზე, ისევ გოლი გავიდა. ბარსა ისევ აგებს – 3:4. ამის მერე “ვილიარეალი” დაცვაში ჩაჯდა და მომენტების შექმნა მაგრად გაჭირდა, მაგრამ სულ ბოლო წუთებზე ბარსამ მაინც შეძლო გათანაბრება. საგოლე პასი ვინ გააკეთა? რა თქმა უნდა, გვარდიოლამ. სანამ კლუივერტი ჰეთთრიქს შეასრულებდა, მანამდე პეპმა 2-3 გენიალური პასი კიდევ გააკეთა, უბრალოდ, ამდენიც ვერ გამოიყენეს.
მოკლედ, ძალიან უცნაური მატჩი იყო პეპ გვარდიოლასთვის.
მომდევნო ტურში ბარსამ ისევ 4:4 ითამაშა. ამჯერად “სარაგოსასთან”. იქაც კარგი თრილერი გამოვიდა. იქაც მაგარი რემონტადა ვიხილეთ. ასეთი გუნდი იყო მაშინდელი “ბარსელონა”.
რიკელმეს შურისძიება – 2003/04
ბარსა მეთვრამეტე ტურში ესტუმრა “ვილიარეალს”. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს დიდი უპირატესობით ლიდერობდა, “ვილიარეალი” კი სადღაც ცხრილის შუაში იყო. გუნდს მანუელ პეკეგრინი წვრთნიდა და ეგ ალბათ საუკეთესო “ვილიარეალი” იყო ისტორიაში. ჰყავდა მომავალი ევროპის ჩემპიონი მარკოს სენა, ჰყავდათ დიეგო ფორლანი და რა თქმა უნდა, ბარსადან გაგდებული ხუან რომან რიკელმე.
გაგდებული და გაბრაზებული, არც მწვრთნელი ენდო, არც ფეხბურთელები. მერე კი თავისი თვალით ნახა როგორ სწრაფად დაიპყრო ბრაზილიელმა რონალდინიომ პუბლიკის გულები, ფაქტობრივად, პირველივე შეხვედრაში. რიკელმემ ეს ვერ შეძლო და თითქოს დიდი კომპლექსიც გაუჩნდა, ამ კომპლექსს ეს არგენტინულ-ბრაზილიური ამბავიც თან სდევდა რასაკვირველია. ჰოდა, ჩავიდა რაიკაარდის ბარსა ვილიარეალში და რიკელმემ შოუ მოიპარა. გადაუარეს საუკეთესო ფორმაში მყოფ ბარსას. მართალია არგენტინელს გოლი არ შეუგდია, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი იყო და მატჩის ბოლოს ტაშსაც მხოლოდ მას უკრავდნენ. მხოლოდ მისი ქომაგები არა, რონალდინიოც მას უკრავდა ტაშს.
ურტყამდა აბსოლუტურად ნებისმიერი პოზიციიდან, აკეთებდა გენიალურ პასებს და ვერ აჩერებდნენ მის შენელებულ დრიბლინგებს. ანგარიში დიეგო ფორლანმა გახსნა, რიკელმეს პასის შემდეგ. ფორლანიც დაიფრინეს “მანჩესტერიდან”, მაგრამ რიკელმეს მსგავსად ბოღმა არ უტარებია, უფრო მარტივად შეეგუა ამ ამბავს. ასეთი კარგი დუეტიც გამოვიდა. მეორე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალო როდრიგესმა შეაგდო, ისევ რიკელმეს ჩაწოდების შემდეგ. ბარსას არაფერი გამოსდიოდა ამ შეხვედრაში. მოიგდო ბურთი ფეხში არგენტინელმა და აღარც გაუშვია.
მესამე გოლი ისევ დიეგო ფორლანმა შეაგდო. ბოლო წუთებზე რიკელმე მოედნიდან გაიყვანეს და დამსახურებული ტაშითაც გააცილეს. მომდევნო დღეს პრესაში გამოჩნდა სათაურები, რომელიც სამუდამოდ შემორჩა ისტორიას – “რიკელმეს შურისძიება”.
ეტო’ო vs ფორლანი – 2004/05
იმავე სეზონის და ინტრიგა მკვდარია. ბარსა ჩემპიონია, 37-ე ტურში მასპინძლობს “ვილიარეალს”, რომელსაც ბარსას დამარცხების მერე მეორე სუნთქვა გაეხსნა და ისეთი რიხით იარა კი მივიდა მესამე ადგილამდე. ეს კი ძალიან დიდი წარმატება იყო პელეგრინისთვის და თურმე, დასაწყისი ყოფილა. მომდევნო სეზონში ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდნენ და რომ არა რიკელმეს გაფუჭებული პენალტი ბოლო წუთებზე, კიდევ ერთ ესპანურ ფინალს ვიხილავდით – “ვილიარეალი” vs ბარსა.
მაგრამ, გააფუჭა რიკელმემ. ტრაგიკული კაცი გამოდგა.
ამ მატჩში კიდევ ინტრიგა გაცოცხლდა. არ იყო, მაგრამ დაიბადა. საქმე ის არის, რომ პიჩიჩისთვის ბრძოლაში სამუელ ეტო’ო სამი ბურთით უსწრებდა ფორლანს და თითქმის წარმოუდგენელი იყო ურუგვაელს მისთვის ეჯობნა, მაგრამ ასეთი ვერაგული ამბავი კი მოხდა. ჰოდა, ვთქვათ აბა, რა მოხდა.
მატჩი ზეიმით დაიწყო, ბარსამ ხუთწლიანი პაუზის მერე ლა ლიგა მოიგო და “კამპ ნოუს” თასი წარუდგინეს. მეთექვსმეტე წუთზე კი ურუგვაელმა აიწყვიტა – დიეგო ფორლანმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი შეაგდო, გააქანა ცხრიანში და ვალდესს შანსი არ დაუტოვა. გამოწვევა მიღებულია. ახლა ეტო’ს ჯერია. სამუ დიდი სიჩქარით შეიჭრა საჯარიმოში და წააქციეს, რონალდინიომ, რა თქმა უნდა, დაუთმო ბურთი, მაგრამ როგორც მესი-ნეიმარის შემთხვევაში ხშირად მომხდარა, ამჯერადაც ეგ ამბავი იყო – ეტო’ომ გააფუჭა.
გავიდა რამდენიმე წუთი და ამჯერად ბარსას კარში დაინიშნა პენალტი. ოლიგერმა ივაჟკაცა. (როგორც ყოველთვის) ფორლანმა ზუსტად დაარტყა – 2:0. ურუგვაელი სულ რაღაც ერთ ბურთში მიუახლოვდა კამერუნელს. სასაცილო იყო, რონალდინიო პენალტებს კი არა, ჯარიმებსაც თმობდა, მაგრამ გოლი მაინც თავად შეაგდო, თავით, შორეულ კუთხეში ჩასვა. სამ წუთში კი ჟიულიმ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ლუდოვიკმა დუბლი შეასრულა, დასცხო თავისებურად და მაგარი გოლიც გამოუვიდა. დააქემბექა ბარსამ – 3:2.
თუმცა, ფორლანს არ სძინავს – ურუგვაელმა ჰეთთრიქი შეასრულა. მანამდე ეტო’ო კარის უკან დამონტაჟებულ ძელს შეასკდა, კინაღამ ნეკნები ჩაიმტვრია. ეგეც სიმბოლური იყო, წააგო ეს დუელი ფორლანთან. დიეგომ ორ მატჩში ხუთი შეუგდო ბარსას. საბოლოოდ, 25-25 გოლით დახურეს სეზონი, გაიყვეს პიჩიჩი.
Magic Dinho – 2006/07
ამ სეზონის გახსენება დიდად არავის უყვარს. ძალიან დრამატული გამოდგა ეს ოხერი, ბარსამ ბოლოს წინა ტურში დაკარგა ჩემპიონობის შანსი. თან ისეთი დრამატურგიით, რომ გულიც გაუჩერდებოდა ადამიანს. მაგრამ, გასახსენებელი მაინც ბევრი. იყო ამ სეზონში რამდენიმე ზღაპრული თამაში. ერთ-ერთი კი “ვილიარეალთან” შედგა. ეტო’ოსა და მესის მძიმე ტრავმები ჰქონდათ, ამიტომ, შეტევაში რონადინიოსთან ერთად გუდიონსენი და ჟიული იყვნენ. პირველი ტაიმი ბარსამ 1:0 მოიგო, რონალდინიომ პენალტი შეაგდო. კარგი ტაიმი ჰქონდა, წინა სეზონების მსგავსად შეუჩერებელი ვეღარ იყო, მაგრამ ბევრი გაჰქონდა.
55-ე წუთზე გუდიონსენმა შეაგდო ინიესტას პასის შემდეგ, 70-ე წუთზე კი თავად ინიესტამ შეაგდო ძამბროტას ჩაწოდების მერე, ნახევარბრუნში, მისთვის უჩვეულოდ დაარტყა და ლამაზი გოლი გამოუვიდა. ბოლო წუთებზე კი მატჩის მშვენება ვიხილეთ – რონალდინიოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. ჩავის პასის მერე ბურთი მკერდით დაამუშავა, თითქოს ისეთი ტრაექტორიით წავიდა როგორც არ სურდა, მერე კი წარმოუდგენელი დარტყმა ვიხილეთ, რონალდინიომ მაკრატელა საყრდენი ფეხით გაიტანა, ასეთი სირთულის დარტყმა, მე მგონი, საერთოდ არასდროს მინახავს.
დარტყმა ერთია, მაგრამ… გატანა? როგორ გაიტანა?
ჩაეშვა პარაშუტივით ბარბოსას კარში.
ეხ, როგორ შეიძლებოდა ამ მაგიის გაქრობა?!
გვარდიოლას ექსპერიმენტი – 2011/12
არასდროს მსგავსი რამ არ მინახავს და ალბათ ვეღარც ვნახავთ ვერასდროს. გვარდიოლას ბარსამ “ვილიარეალთან” ერთი ნომინალური მცველით ითამაშა. ამას ექსპერიმენტიც აღარ ჰქვია, ეს უკვე რევოლუციაა. მეორე ტური იყო, “კამპ ნოუზე” ბარსამ სეზონი გახსნა და თანაც როგორ. ეს რევოლუციური ცვლილება კიდევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთი ის იყო, რომ პეპი ისედაც აპირებდა სამ მცველზე გადასვლას, (და ამ სეზონში ხშირად ვხედავდით სამ მცველიან ტაქტიკას) მეორე მიზეზი ის იყო, რომ მცველებს ან დისკვალიფიკაცია ჰქონდათ, ან ტრავმები. ნახევარდაცვაში კიდევ იმდენმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი, რომ მათი უთამაშებლობა არ იქნებოდა. ჰოდა, მივიღეთ ეს სიგიჟე:
მეკარე – ვალდესი; მცველები – აბიდალი (ერთადერთი ნომინალური მცველი) მასკერანო, ბუსკეტსი; ნახევარმცველები – ალკანტარა, კეიტა, ფაბრეგასი, ინიესტა; თავდამსხმელები – მესი, პედრო, სანჩესი;
ამ მატჩის სრული ჩანაწერიც დევს იუთუბზე და თუ დრო გამოგიჩნდათ აუცილებლად უყურეთ. ეს ნორმალური არ არის.
მატჩი დაიწყო ბარსას აბსოლუტური დომინაციით, “ვილიარეალს” ბურთი არ დაანახვეს და შესაბამისად, მათ კართან საფრთხეც არ ყოფილა. 25-ე წუთზე კი ტიაგო ალკანტარას დრიბლინგს გოლი მოჰყვა, საჯარიმოს მიუახლოვდა და მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში შეაგდო. გახსნა ანგარიში და ამ გიჟურ კონკურენციაში თავისი სიტყვაც თქვა. ტაიმის მიწურულს მესისა და ფაბრეგასის ჩვეული კომბინაცია ვნახეთ, (თუმცა, ამ დროს ეს კომბინაცია ჯერ კიდევ ახალი იყო) მესი გამთამაშებლის პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ფაბრეგასმა ფორვარდის პოზიციაზე შეირბინა, მესიმ ერთი-ერთზე დატოვა და ეგ არის, გოლია. ფაბრეგასმა მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა. ეს შეთამაშებაც კარგად გვენიშნა, მაგრამ სეზონის ბოლოს მაინც ვერ დადეს ის შედეგი რაც გვსურდა.
მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაგარი გოლები ვიხილეთ – სანჩესმა ალკანტარას მაგარი პასი შეირგო, მესიმ კი ინიესტას კიდევ ერთი გენიალური გადაცემა. დახატეს “ბარსელონელებმა”. წერტილი ისევ მესიმ დასვა, პასი ისევ ალკანტარასი იყო. ამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავის დამკვიდრება დაიწყო და თითქოს მომავალიც დავინახეთ – ფაბრეგასისა და ალკანტარას დუეტის სახით, მაგრამ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ბარსა ორივემ სწრაფად დატოვა.
დიდებული შეხვედრა იყო. იშვიათი სიგიჟე.
კიდევ ერთი რემონტადა – 2013/14
35-ე ტურში ბარსა “ლა კერამიკაზე” ჩავიდა. აუცილებლად მოსაგები იყო, რადგან “ატლეტიკოს” მისდევდნენ ჩემპიონობისთვის. ეს ის სეზონია, როცა ბოლო ტურში შეეძლო ბარსას გაჩემპიონება თუ “ატლეტიკოს” მოუგებდა “კამპ ნოუზე”, მაგრამ ვერ მოუგო. მესის კი არ ჩაუთვალეს წესების დაცვით გატანილი გოლი, მაგრამ ის ბარსა მაინც არ იმსახურებდა ჩემპიონობას. ვერ გვაჩვენა მაქსიმუმი, “ატლეტიკო” კიდევ თავის თავს გადაახტა. ეს ტატა მარტინოს “ბარსელონა” იყო. დიდი ვერაფერი გუნდი, მაგრამ მაინც ძალიან ვარსკვლავური.
პირველი ტაიმი გუნდმა ჩააგდო. კანიმ გოლი გასახდელში გაატანა ბარსას. მერე კიდევ 55-ე წუთზე “ვილიარეალმა” ორამდე გაზარდა ანგარიში. თითქოს დამთავრდა ყველაფერი. ჩემპიონობისთვის ბრძოლაც მათ შორის, მაგრამ მესი სხვაგვარად ფიქრობდა და სასწაულით გამოაძრო მორიგი სამი ქულა.
65-და და 78-ე წუთებზე “ვილიარეალმა” ორი გოლი შეაგდო თავის კარში, ასე გათანაბრდა ანგარიში. მოჰყვა ამას დიდი სტვენა, მაგრამ რას შეცვლიდა?! მერე კიდევ ის მოხდა, რაც ამ სტადიონზე ყველაზე მეტჯერ უნახავთ, მატჩის მიწურულს მესიმ ჯარიმა შეაგდო და წერტილი დასვა – 2:3.
ნეიმარის შოუ – 2015/16
როდის ვნახეთ საუკეთესო ნეიმარი “ბარსელონაში”? როდის ვნახეთ საუკეთესო ნეიმარი კარიერაში? როცა მესი ტრავმას მკურნალობდა. სევდიანი ამბავია, მაგრამ ფაქტია. ნეიმარი მთელი თავისი დიდებულებით სწორედ ამ დროს წარმოგვიდგა და ალბათ ამან აფიქრებინა კიდეც, რომ სხვაგან შეძლებდა მესის ჩრდილიდან გამოსვლას, მაგრამ ამ ფიქრებმა საშინელი გადაწყვეტილება მიაღებინეს, მერე კი იტირა ბევრი და ყოველ წელს ითხოვდა დაბრუნებას, ეჰ, მერე ხომ გვიანია?!
“ვილიარეალთან” კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსითა და გოლით წარმოგვიდგა.
ბრაზილიელმა ანგარიში მარცხენა ფეხით გახსნა, ბუსკეტსის ძალიან კარგი პასის შემდეგ. რა თქმა უნდა, იდეალურად დაიმორჩილა ბურთი და გატანაც აღარ გასჭირვებია. მერე კიდევ დადგა შოუ. პასები, ფინტები, მაიმუნობა, არაფერზე თქვა უარი.
ჯერ სუარესმა ზუსტად დაარტყა პენალტი, მერე კიდევ მისი პასით ნეიმარმა ის დაუვიწყარი ბრუნი გვაჩუქა, გადაუგდო მცველს თავზე, ლამაზად დატრიალდა და მიწაზე დაუშვებლად ულამაზესი გოლიც შეაგდო.
კიდევ ერთი, ეჰ…
ისევ ბრაზილიელის გამო.
MSN – 2016/17
36-ე ტურია, 2017 წელი. სამეული ისევ შეუჩერებელია, მაგრამ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ეს მათი ბოლო ცეკვა იყო. დასრულდება სეზონი და დასრულდება ემ-ეს-ენიც. წავა ნეიმარი. მანამდე კი კარგი მატჩები დაგვიტოვეს. “ვილიარეალს” 4:1 მოუგეს. პირველ ტაიმში გოლები ნეიმარმა და მესიმ გაიტანეს. მეორეში სუარესმა და მესიმ. თუმცა, ამ მატჩშიც მთავარი მაინც ნეიმარის ცეკვის ელემენტები იყო, ჰგავს იამალის მოძრაობები ძალიან, მაგრამ იმას რაღაც სხვა ჰქონდა, თითქოს მიწას არც ეხებოდა.
იქნებ მუშაობს – 2017/18
მართალია სტილი არ მოგვწონდა, მაგრამ ვალვერდემ ლა ლიგა თითქმის წაუგებლად ჩაამთავრა. ერთი წააგო და ისიც მაშინ, როცა უკვე ჩემპიონი იყო. მისი პრობლემაც ამაში იყო, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებს მაშინ აგებდა, როცა ამას აღარავინ ელოდა, თორემ, “მადრიდი” ყველგან გაიფინა სადაც დაიჭირა.
იმ ორ კოშმარის მთავარ შემოქმედად იქცა (რომი და ლივერპული) ეგ კიდევ გადამწყვეტია ასეთ კლუბში. მაგის წაგება არ იქნებოდა.
ამ სეზონში კიდევ “ვილიარეალსაც” გადაურბინეს. სუარესმა პირველ ტაიმში დაისვენა და ბარსამ მესი-დემბელე-კოუტინიუს ტრიოთი შეუტია. გვაფიქრებინა, რომ მუშაობს, გვაფიქრებინა, რომ ისევ შეიძლება დიდი “ბარსელონას” დაბრუნება. ტყუილი ყოფილა.
არადა, კარგი მატჩი გამოვიდა, ბარსამ 5:1 მოიგო, ანგარიში კოუტინიუმ გახსნა, მერე პაულინიუმ ორამდე გაზარდა, მერე მესის ჯერი მოვიდა და ბოლოს დემბელემ დუბლი შეასრულა. რა უცნაურად ჩანს ახლა ეს ყველაფერი…
თრილერი გასვლაზე – 2018/19
4:4-ით დავიწყეთ და 4:4-ით დავამთავროთ. სასწაული თამაში იყო, დაცვაში უმტიტისა და ლანგლეს გენიალური დუეტი ვიხილეთ, შეტევაში მესისა და სუარესის.
ბარსა ჯერ 2:0-ს იგებდა, მერე 2:4-ს აგებდა, 90-ე წუთიდან კი მესისა და სუარესის სიგიჟე დაიწყო. ორივემ ულამაზესი გოლი შეაგდო და მატჩი ფრედ დასრულდა. ეგ ხომ ყველას კარგად გახსოვთ…
სულ მაგარი თამაშებია ხოლმე
ოსასუნა-ალავესის თამაში გადის ტელევიზორში და შიგა და შიგ ვუყურებ. ჩვეულებრივი სვარკა. არა გოლები, არა სანახაობა, არა მომენტები. დარბიან რობოტებივით და მორჩა.
ბოლოს კი 3-0
კრისტენსენს რო ტრავმა მიუღია? 🤦🏻♂️
ძლივს 🥳🥳 ორი გვერდი დამეკარგა და ახალი გავაკეთე, კომენტარის დაწერის უფლებაც მივიღე 🥳🥳 გაგიმარჯოთ ბარსას ყველა გულშემატკივარს ! 🍷
13-14 წლებშიც თუ მარსელინიო წვრთვნიდა ვილიარეალს არ ვიცოდი.
ოსასუნა-ალავესის თამაში გადის ტელევიზორში და შიგა და შიგ ვუყურებ. ჩვეულებრივი სვარკა. არა გოლები, არა სანახაობა, არა მომენტები. დარბიან რობოტებივით და მორჩა.