ბარსელონამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელია.
გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბარსას 2026 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესს ჟოან ლაპორტა, რაფა იუსტე და დეკუ ესწრებოდნენ.
ჩემპიონი მწვრთნელი
ჰანსი ფლიკის მოყვანით ბარსელონამ აირჩია სპეციალისტი, რომელსაც მაღალი პრესინგი, ინტენსიური ფეხბურთი და გაბედული თამაში მოსწონს. ამ ფილოსოფიამ ფლიკს საკლუბო და სანაკრებო დონეზე დიდი წარმატებები მოუტანა და ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო.
ფლიკი 1965 წელს, გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში დაიბადა. მან საკლუბო კარიერა 1996 წელს დაიწყო და ვიქტორია ბამენტალში მოთამაშე-მწვრთნელის როლი მოირგო. 2000 წელს ჰანსი ჰოფენჰაიმში დაინიშნა, სადაც 5 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ზალცბურგში ჯოვანი ტრაპატონისა და ლოთარ მათეუსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.
6 წელი ლიოვთან
2006 წლის აგვისტოში, იურგენ კლინსმანის გათავისუფლების შემდეგ, ფლიკი გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის ასისტენტად დაინიშნეს. ლიოვმა და ფლიკმა “ბუნდესნაკრების” მშენებლობა დაიწყეს და 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ესპანეთთან წააგეს.
2010 წელს გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ასევე ესპანეთთან წააგო – მანუელ ნოიერის კარში ერთადერთი გოლი კარლეს პუიოლმა გაიტანა. ევრო 2012-ზე “მანშაფტი” ნახევარფინალში გავიდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ექვსი ტიტული
მუნდიალის მოგების შემდეგ, ფლიკი ასისტენტობას შეეშვა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სანამ 2017 წელს ჰოფენჰაიმში დაბრუნდებოდა. 2019 წელს კი ჰანსი ბაიერნში ნიკო კოვაჩის თანაშემწედ დაინიშნა.
საბოლოოდ, მიუნხენელებმა ხორვატი სპეციალისტი შუა სეზონში გაუშვეს და დროებითი მწვრთნელობა ფლიკს მიანდეს, რამაც ბაიერნის ისტორია შეცვალა. კარგი სტარტის შემდეგ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ფლიკი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. ჰანსიმ 25 მატჩიდან 22 მოიგო და პეპ გვარდიოლა შედეგი (21/25) გააუმჯობესა.
ბაიერნმა იმ სეზონში ტრებლი იზეიმა. ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კი, “რეკორდმაისტერი” გერმანიის სუპერ თასს, UEFA-ს სუპერ თასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატსაც დაეუფლა, რითაც ფლიკის კოლექტივმა პეპ გვარდიოლას ბარსას (2009) მიღწევა გაიმეორა და კალენდარული წლის განმავლობაში 5 ტიტული აღმართა. ფლიკი UEFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.
გერმანიის ნაკრების ჩაბარება
2020/21 წლების სეზონის შემდეგ, ფლიკმა ბაიერნი დატოვა და გერმანიის ნაკრებს მიაშურა. 8 მატჩში 8 მოგების შემდეგ, ჰანსის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. ცუდი შედეგების შემდეგ, 59 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრები დატოვა, თუმცა ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.
ოცნება იყო ჩემი ამ კაცის მოსვლა ბარსაში <333
წარმატებები. იმედია ჩვენს ნერვოზს ეს კაცი უშველის.