“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ატლეტიკოსთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვება 10 ქულით შეაფასა. გერმანელმა სპეციალისტმა “მეტროპოლიტანოზე” გამართული შეხვედრის შემდეგ გუნდის ბრძოლისუნარიანობა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში გამოარჩია.
“ბარსელონამ” მადრიდული გუნდი 2-1 დაამარცხა. მასპინძლები ჯულიანო სიმეონეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა და კატალონიელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით “ბარსელონა” სანაკრებო პაუზაზე ლა ლიგის ლიდერის სტატუსით გავიდა.
ფლიკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
“ჩვენ საკმარისი ხარისხი გვაქვს ასეთი მატჩების მოსაგებად. უკვე გითხარით, რომ ამ გუნდის უნდა გჯეროდეთ. “ატლეტიკოს” მოედანზე გამარჯვება ადვილი არ არის, მაგრამ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. აქ იმისთვის ვართ, რომ ყოველდღე ვიმუშაოთ და ტიტულები მოვიგოთ. სწორედ ეს გვინდა”.
გერმანელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ პირველ ტაიმში მის გუნდს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც შესვენებაზე ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა.
“მეორე ტაიმში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და მეტოქეს მოვერგეთ. პირველ ტაიმში ზოგიერთ ეპიზოდში სათანადოდ ვერ ვმოქმედებდით და ინტენსივობა გვაკლდა”.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ფრენკი დე იონგის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოყენება იყო. ფლიკმა განმარტა, რომ ეს ვარიანტი ნიდერლანდელ ფეხბურთელთან მატჩამდე განიხილა.
“თამაშამდე ფრენკის ვესაუბრე და ვკითხე, შეეძლო თუ არა 15 წუთის განმავლობაში მარჯვენა მცველად თამაში, სანამ ბერნალი დაიღლებოდა. მან მითხრა, რომ თუ გუნდს დასჭირდებოდა, მზად იყო”.
ფლიკის შეფასებით, მეორე ტაიმში გარდატეხის მთავარი მიზეზი გაუმჯობესებული პრესინგი გახდა. მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება.
“პირველ ტაიმში მეტოქისგან ძალიან შორს ვიყავით და სათანადო პრესინგს ვერ ვახორციელებდით. თუმცა მატჩი 90 წუთს გრძელდება. პირველი ტაიმი იდეალური არ ყოფილა, მეორე კი იდეალური იყო”.
“კმაყოფილი ვარ. კიდევ სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.
ფლიკმა სანაკრებო პაუზასა და ფეხბურთელების სათამაშო დატვირთვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წუთების სწორად განაწილება მნიშვნელოვანია როგორც კლუბებისთვის, ისე ეროვნული ნაკრებებისთვის.
“ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ახლა სანაკრებო პაუზაა და ესპანელი ფეხბურთელები ასეთ დროს, როგორც წესი, აქ არ არიან. მნიშვნელოვანია, როგორ ვმართავთ მათ სათამაშო წუთებს. აუცილებელია, ნაკრებებშიც იგივე გაითვალისწინონ”.




ფრენკი ძირითადში ფლიკ!