მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი შეცდომის ფასი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი შეცდომის ფასი

რამდენიმე სურათი ალბათ სამუდამოდ ჩამრჩება მეხსიერებაში, ერთ-ერთი ასეთი ლამინე იამალი იყო, თავისივე ქურთუკში ჩამალული, თითქოს მთელ მსოფლიოს დაუმალა რომ ჯერ კიდევ ბავშვია, ასეთი მარცხის ატანა სხვებზე მეტად გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ ასე კარგად დაიწყო და მოვლენათა მსხვერპლი აღმოჩნდა. არ ვიცი რატომ, რობერ პირესი გამახსენდა, “ბარსელონასთან” ფინალში ლემანის გაძევების შემდეგ სწორედ ის შეცვალეს და კარიერის ბოლოს მთავარ იმედგაცრუებად ეს ამბავი დაასახელა. ბევრის მნახველი კაცია, მაგრამ ვერაფრით მოინელა რომ ჯერ კიდევ მაშინ შეცვალეს, როცა თამაში ხურდებოდა. 

ლამინე მაინც მთავარი აღმოჩენაა და კიდევ უფრო დიდი მოლოდინი გვექნება მომდევნო სეზონში, ზაფხულის მერე ცოტა ჯანზეც უნდა მოვიდეს, თორემ, პარიზელებმა ერთი-ორჯერ ისე ჩაუარეს თითქოს არც ყოფილიყო მოედანზე. 

ეჰ, კარგი თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. 

ენრიკემ გათვალა 

აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოანალიზს. ასეთი საინტერესო გეგმა დიდი ხანია არ მინახავს და კიდევ უფრო მეტად მწყდება გული რომ ეს ჭადრაკი არაუხოს გაძევებასთან ერთად დასრულდა. მერე უკვე ნერვების თამაში და ემოციური შეტევები ვნახეთ, მიჰყვა დინებას როგორც ერთი, ისე მეორე გუნდი. არათუ ფეხბურთელები, მთავარი მსაჯიც კი აჰყვა ემოციებს. 

მანამდე კი დიდი პარტია ვიხილეთ. 

თავიდანვე ნათელი იყო – ჩავი ცენტრს დათმობდა, იმისათვის რომ მცველებსა და მეკარეს შორის სივრცე არ მიეცა დემბელესა და მბაპესთვის, უბრალოდ შეუძლებელია ამათ სისწრაფეში აჰყვე. ვნახავდით იმავეს, რაც პარიზში ვნახეთ, დაიწყო შეხვედრა და გაამართლა ისე, როგორც პარიზში, ლამინეს გარღვევას რაფინიას გოლი მოჰყვა. იამალმა უმარტივესად ჩამოიცილა მეტოქე და რაფინიას მოარტყა ბურთი – 1:0. 

“ბარსას” უპირატესობა ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი გახდა. 

და რა ქნა ენრიკემ? 

თავიდანვე კუბარსიზე ააწყო პრესინგი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოეტანა ბურთი, რადგან შეტევებს იდეალურად იწყებს, (თუმცა, ამ შეხვედრაში შეცდომები ჰქონდა) სივრცე ბურთის ამოტანისთვის მისცა არაუხოს, რომელიც ზონებს შორის პასს საერთოდ ვერ აკეთებს, (ერთი გააკეთა ლევანდოვსკიზე, მაგრამ პოლონელმა ვერ დაამუშავა) სამაგიეროდ, კარგად აკეთებს გრძელ პასებს ფლანგებზე და ერთ ასეთ პასს იამალის გარღვევაც მოჰყვა. 

არაუხოს ყველა გაცუდებული პასი შეტევა იყო “ბარსას” კარში. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდებოდა, კიდევ ერთი პასი ჩაიჭრა და მისივე ზონაში გაკეთდა გადაცემა, არაუხომაც იმის ნაცვლად რომ მანძილი მოეჭრა პირდაპირ კაცზე წავიდა, დასწრება სურდა, მაგრამ შუა გზაში მიხვდა რომ ვეღარ ასწრებდა. 

აი ასე, ენრიკემ დაგეგმა და რაც დაგეგმა ის მიიღო. 

თავად უკარნახა “ბარსას” ვის უნდა დაეწყო შეტევა, შემოიტყუა ამ თამაშში და მიზანსაც მიაღწია. 

წითელის მერე

ისედაც მაგრად ჭირს შეტევა, კაცნაკლული “ბარსა” ვერაფრით ვერ შეძლებდა ანგარიშის შენარჩუნებას. მთელი ტაქტიკა კონტრშეტევებზე იყო აგებული, აბა, ერთ თავდამსხმელს რომ მოიკლებ, მერე რა შეტევაზე შეიძლება ლაპარაკი?! 

ან, ტემპში როგორ უნდა აჰყვეს ამ თამაშს მცირე ხნის წინ დაბრუნებული პედრი და დე იონგი? ვერ აყვნენ, ფაქტია. ფრენკის საყრდენობაზე კიდე ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია. ამ შეხვედრაშიც ხშირად იყო მისი ზონა მოშიშვლებული. უბრალოდ, ჩავის სხვა არჩევანი არც ჰქონია. 

არაუხოს გაძევებამდე კი მომენტები გაიცვალა – იქით ლევანდოვსკის შეეძლო გატანა, აქით კი შტეგენმა გადაარჩინა გუნდი მბაპეს დარტყმის შემდეგ. 

დემბელეს არაფრისმთქმელი სიცილი 

“უკეთეს” დახვედრას ველოდი. ასეა თუ ისე, “კამპ ნოუ” ძალიან გვაკლია. ვერ შეიქმნა ის ატმოსფერო, რომელიც ამ თამაშს სჭირდებოდა. თუნდაც, ფუმფულა სათამაშოს სროლა ტრიბუნიდან, ზედმეტად შორს არის სკამები მოედნიდან, ვერც ღორს გაარტყამ ვინმეს და ვერც ღორის თავს. 

დემბელეც დაცულად გრძნობდა თავს, ჟოაუ კანსელუმ მასთან დუელი წააგო. რა თქმა უნდა, იყო თერთმეტმეტრიანი. კანსელუმაც იგივე შეცდომა დაუშვა რაც არაუხომ, ჩათვალა რომ დასწრებაზე თამაში შეეძლო და მეტოქის სისწრაფე ვერ გათვალა. 

ასე იქცა დამბო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ეს ადამიანი დაიბადა იმისათვის, რომ “ბარსას” ზიანი მიაყენოს. 

მორჩა

ჩემპიონთა ლიგას ერთი მოულოდნელად მაღლა აჭრილი გუნდი თითქმის ყოველ წელს ჰყავს. “ბარსა” მეგონა ეს კლუბი, ფინალში ჩავიფიქრე და ფინალი ისეთი თამაშია ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ “დორტმუნდი” გამოდგა მთავარი “ანდერდოგი”. 

ესპანელებმა მოიგეს პირველი მატჩები და დამარცხდნენ მეორეში. “დორტმუნდი” – პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. რა ვიცი, ვერ ჟღერს ომახიანად.

“ბარსას” თეორიული შანსი აქვს ლა ლიგის მოგების. ეგღა დარჩა. ბოლომდე უნდა ითამაშონ. შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ქომაგების პატივისცემის გამო მაინც უნდა დაიხარჯნონ ბოლომდე. დანარჩენი კი მერე ვნახოთ, ისეთი კლუბი როგორიც “ბარსაა” აუცილებლად საჭიროებს სუპერვარსკვლავებს, ახლა ეს ერთი სუპერსთარი ასაკშია, დანარჩენ პოტენციურ ვარსკვლავებს კი დიდი გზა აქვთ გასავლელი. 

ასე რომ, მოთხოვნა გასაგებია – კლუბს საუკეთესო ასაკში მყოფი ვარსკვლავი სჭირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (41)

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2024, 18:38

    ასე რომ, მოთხოვნა გასაგებია – კლუბს საუკეთესო ასაკში მყოფი ვარსკვლავი სჭირდება.
    დარჩა პატარა ნიუანსი, სად ვიშოვოთ ამისათვის ფული.