15 ნოემბერს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის ნაკრებმა ინგლისთან დრამატული შეხვედრა დათმო, ხორვატიამ კი ჩეხეთთან გამარჯვებით დაასრულა ჯგუფური ეტაპი.
ესპანეთი 2-3 ინგლისი
მადრიდში, “მეტროპოლიტანოზე” გამართულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების დაუმარცხებელი სერია დასრულდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ინგლისთან 2-3 დამარცხდა და ერთა ლიგის A3 ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ესპანეთის ძირითად შემადგენლობაში პაუ კუბარსი და ლამინ იამალი იყვნენ. კუბარსი შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო პედრი და ფერმინ ლოპესი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდნენ. ინგლისის ნაკრებში ენტონი გორდონმა პირველივე წუთებიდან ითამაშა და მოედანი 83-ე წუთზე დატოვა.
ინგლისელებმა პირველი ტაიმი ჰარი კეინის პენალტით მოიგეს. 53-ე წუთზე ეზრი კონსამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ოთხ წუთში კი ბენ უაიტმა ანგარიში 0-3 გახადა.
63-ე წუთზე ლამინ იამალმა მეტოქის დაცვის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოსკენ დაიძრა, თუმცა ელიოტ ანდერსონმა იგი წესების დარღვევით შეაჩერა. მსაჯმა ინგლისელი ფეხბურთელი გააძევა და ესპანეთის სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა.
75-ე წუთზე იამალმა საგოლე გადაცემა შეასრულა, ნიკო უილიამსმა კი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2-3.
შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში ესპანელები აქტიურად ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას. იამალს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ინგლისის მეკარემ, ჯეიმს ტრეფორდმა, შესანიშნავი მოგერიებით საკუთარი გუნდი გადაარჩინა.
საბოლოოდ, ინგლისმა 3 ქულა შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ესპანეთმა კი მეოთხედფინალის საგზური მეორე ადგილით მოიპოვა.
ხორვატია 2-1 ჩეხეთი
ხორვატიის ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ჩეხეთთან საშინაო გამარჯვებით დაასრულა.
ოსიეკში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც თავი ივან პერიშიჩმა გამოიჩინა.
84-ე წუთზე ადამ ჰლოჟეკმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა სამი წუთის შემდეგ ლოვრო მაიერმა ხორვატიას გამარჯვება მოუტანა – 2-1.
“ბარსელონას” მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული 90 წუთი ითამაშა.
ხორვატიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვება ჩეხეთის ნაკრებთან მოიპოვა.




ბარსელონას ცენტრის გარეშე ესპანეთის ნაკრები არის 1982 ან 1990 წლის ნაკრები, ან სულაც 2004 წლის ევროზე არც იყო, ის;
მეორე, გამოვიდნენ ცალი ფეხით მოსაგებად, ამ დროს ინგლისი გრანდია, რომელიც ხედავ, რომ მატჩიდან მატჩამდე უმატებს, მშიერია და მოტივირებული
ცოტა უნდა ირბინო იომო, ოფლი გამოიდინო, მაგის გარეშე არ გამოვა
ნახევარი საათი ითამაშეს და 2 ბურთი ამოქაჩეს, ისიც მეკარის სიგიჟეების დამსახურებით, მართლა მაგარი ბიჭი ყოფილა ტრაფორდი. ახლაგაზრდულებიდან მახსოვს ეგ და გორდონი და ორივე გამორჩეული იყო