workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ბევრმა უკვე ჩამოწერა ზლატანი, აქაოდა, ეს ბიჭი “ბარსელონას” ფორმატის ფეხბურთელი არ არისო, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას არ გირჩევთ. შეგახსენებთ, რომ შვედს სადებიუტო სეზონში არც “იუვენტუსში” გაუბრწყენია და არც “ინტერში”. ბლაუგრანას კი, სულაც თამაშის სპეცეფიური სტილი აქვს და მასთან სწრაფად შეგუება ყველას უჭირს.

ვინ? სად? როგორ?

ტიერი ანრის წასვლის შესახებ საუბარს, აზრი არ აქვს, რადგან ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფრანგი უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს. “ტიტი” უკვე ასაკოვანია და “ბარსელონას” მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ვეტერან ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს და ასეთი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე გაჩერება, არამომგებიანია. ისღა დაგვრჩენია, მუსიე ანრის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ და ახალ კლუბში წარმატება ვუსურვოთ (მგონი დამსახურებულ პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს).

ამასწინათ ჩატარებულ გამოკითხვაში, “ვინ ითამაშებს მარცხნივ?”, დავიდ ვილია და მისი სეხნია სილვა, ზაფხულის სატრანსფერო კამპანიისას, “ბარსელონას” შემადგენლობის გაძლიერების საუკეთესო კანდიდატებად დაასახელეს. ჩემის მხრივ დავძენ, რომ “ელ გუახე” გუნდს მისთვის აგრერიგად საჭირო ვარიატულობას შემატებს და აი, რატომ.

მომავალ სეზონში პეპ გვარდიოლას განკარგულებაში შეტევის ხაზის ხუთი ფეხბურთელი იქნება, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში თამაშზე სხვადასხვა დოზით აცხადებენ პრეტენზიას: მესი, პედრო, იბრაჰიმოვიჩი, ბოიანი და ვილია. თითოეულ მათგანს, სასარგებლო თვისებების უნიკალური კრებული უმაგრებს ზურგს და არასწორი იქნება, ამ ფეხბურთელებს ძრითად და სათადარიგო მოთამაშეებად თუ დავყოფთ. ვგონებ, ხელშეუხებელი ფიგურა მხოლოდ მესი იქნება.
ასეთ შემთხვევაში, თავდამსხმელთა დარჩენილი კვარტეტი, მათი სათამაშო ფორმიდან და მეტოქის ძალიდან გამომდინარე, შემადგენლობის საზრიანი როტაციის პირობებში, გვარდიოლამ შეიძლება ოპტიმალურად გამოიყენოს. და სრულიად არ არის საჭირო ჩვეულ 4-3-3 სისტემაზე ჩაციკვლა.

“კლასიკა” 4-3-3 (მესი-იბრა-ვილია)

“ბარსასთვის” ჩვეული სათამაშო სქემაა, რომელსაც რაიკაარდის მსგავსად, გვარდიოლაც სწყალობს, მხოლოდ მცირედი კორექტივებით. ვილიას ინსაიდად გამოყენებაზე საუბარი, არასწორად მიმაჩნია, რადგან ის უფრო მეტოქე კიპერების “განგმირავი შურდული” და ბრწყინვალე ბომბარდირია. გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოლა, როგორებიც ინიესტა და კეიტა არიან, რომლებიც მოედნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ვილიას საშუალებას მისცემს შეტევაში უფრო ლაღად იმოქმედოს და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ პარტნიორები დააზღვევენ.

“ბროუნისებრი მოძრაობა” 4-3-3 (მესი-ვილია-ბოიანი ან პედრო)

სეზონის ბოლოს, ბლაუგრანას ძირითადი მჭიდიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამოვარდა, რასაც კატალონიური გრანდის კანტერანოების ბრწყინვალე თამაშმა შეუწყო ხელი. საჩემპიონო რბოლის ფინიშზე მესიმ, ბოიანმა და პედრომ შეტევაში მუდმივი გადაადგილებებით, ოპონენტებს სისხლი გაუშრეს. დავიდ ვილია, ალბათ იდეალურად მიესადაგება თამაშის ასეთ სტილს, ბოლო დროს “ვალენსიას” თამაში ხომ “ბროუნისებრი მოძრაობის” პრინციპზე იყო აგებული.

“სიახლე” 4-2-3-1 (პედრო ან ბოიანი-მესი-ვილია-იბრა)

პეპ გვარდიოლას, ახალი წყობითაც შეუძლია თამაში. ასეთ შემთხვევაში, ზლატანი გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციას შეასრულებს, მესი მის უკან იბურთავებს, ბოიანი ან პედრო და ვილია კი ფლანგებზე განლაგდებიან, რაც შვედს ოფსაიდის ზღვარზე თამაშის საშუალებას მისცემს, ხოლო შეტევის დანარჩენ ფეხბურთელებს მეტოქის კართან თავისუფალი სივრცეების პოვნა არ გაუჭირდებათ. თუმცა, ამ სათამაშო სქემას უარყოფითი მხარეც აქვს. ძირითად შემადგენლობაში ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, სავარაუდოდ ხავი იქნება, ხოლო ინიესტას სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს. ასეთი კალიბრის ფეხბურთელის მოედნის გარეთ დატოვება კი გაუმართლებელი ფუფუნებაა.

“ავანგარდული” 4-2-4 (მესი-ვილია-იბრა-პედრო ან ბოიანი)

არ გედავებით, ეს, რა თქმა უნდა, მეტად ავანტურული სათამაშო წყობაა, მაგრამ ზოგიერთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში მისი გამოყენება უპრიანი იქნება. საუბარი ისეთ მატჩებზეა, რომლებშიც მეტოქეები მთელი გინდით იცავენ თავს. ზოგჯერ ამ სქემამ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს, ისევე როგორც, “ვალენსიასთან” მატჩში “ნოუ კამპზე”.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია მომავალ სეზონს დაველოდოთ და ჩვენს გმირებს, წარმატებები ვუსურვოთ.
P.S. თქვენი არ იყოს, “ბროუნისებრი მოძრაობის” შესახებ მეც არაფერი მსმენოდა, ჰოდა, მივდექი, მოვდექი, შევაწუხე ხალხი და გავარკვიე რომ, საუბარი მყარი სხეულების მიკროსკოპული ნაწილაკების უწესრიგო მოძრაობაზეა. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, სურათსაც შემოგთავაზებთ)))

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში